skip to content
ახალი ამბები

პარლამენტში რუსი დეპუტატის ქმედებას მმართველი პარტიის მწვავე კრიტიკა მოჰყვა

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა, რომელიც საქართველოს პარლამენტში იმართებოდა, მას შემდეგ შეწყდა, რაც ოპოზიციური ევროპული საქართველოს და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა თბილისში რუსეთის დელეგაციას ჩამოსვლა გააპროტესტეს.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალური ასამბლეის პრეზიდენტია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან დელეგატებს რუსულად მიმართა.

ოპოზიციური დეპუტატები, რომლებიც რუსეთის დელეგაციის ვიზიტს ბევრად ადრე აპროტესტებდნენ, სხდომათა დარბაზში შევიდნენ და შესვენების დროს პრეზიდიუმი დაიკავეს, რის შემდეგაც რუსეთის დელეგაციას დარბაზის დატოვება მოსთხოვეს.

„დღეს დილით ამ დარბაზში ქართულმა ოცნებამ შემოიყვანა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დასვა რუსი ოკუპანტი და ამით სილა გააწნა და შეურაცხყოფა მიაყენა მთელ ქართულ ისტორიას – 9 აპრილს, აფხაზეთის ომს, ოსეთის ომს, რუსეთის შემოჭრას ჩვენ ქვეყანაში და რუსეთის ოკუპაციას“, – განაცხადა ევროპული საქართველოს დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ.

მან დასძინა, რომ „თუ სახელმწიფო არ იცავს ქვეყანას მკვლელი ოკუპანტებისგან, ჩვენ დავიცავთ მინიმუმ ამ დარბაზს“ და რომ ეს ღონისძიება რუსი დელეგატების მონაწილეობით არ ჩატარდება.

ნაციონალური მოძრაობის წევრმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის დაცვაა საჭირო იმ ხელისუფლებისგან, რომელიც ოკუპანტებთან თანამშრომლობს.

შემდეგ სამადაშვილმა ყველას, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, ღირსების დასაცავად საღამოს 7 საათზე პარლამენტის წინ შეკრებისკენ მოუწოდა. მან ასევე მოუწოდა სხვა დელეგატებს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღონ და დაგმონ რუსული ოკუპაცია.

„შეხვედრა მხოლოდ იმ შემთხვევაში განახლდება, თუ რუსი მონაწილეები შენობას დატოვებენ“, – მიმართა ევროპული საქართველოს წევრმა გიორგი კანდელაკმა დელეგატებს ინგლისურად. „წინააღმდეგ შემთხვევაში, შეხვედრა გაუქმდება და საქართველოს პარლამენტში აღარ გაიმართება“, – დასძინა კანდელაკმა.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ მმართველი პარტიის დეპუტატის და ასამბლეაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის, ზაქარია ქუცნაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა. ბოკუჩავას განცხადებით, ქუცნაშვილმა ყველაზე მკაფიოდ გამოავლინა ქართული ოცნების სახე, რომელიც, მისი თქმით, „რუსული ოცნებაა“.

პარლამენტის შენობაში და მის გარეთ დილიდან ოპოზიციის და სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფი იყო შეკრებილი, რომელიც საქართველოში რუსული დელეგაციის ვიზიტს გმობდა და პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომისკენ მოუწოდებდა.

პოლიტიკური პარტიების ლიდერები და აქტივისტები ახლაც იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან, სადაც საღამოს 7 საათისთვის მასშტაბური საპროტესტო აქცია დაიგეგმა.

მმართველი პარტიის რეაქცია

დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ, რომელსაც პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდა ოპოზიციურ დეპუტატებთან, განაცხადა მათი პროტესტის შემდეგ, რომ მმართველი პარტიის „აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიუღებელია, როდესაც ვნახულობთ, რომ რუსი დეპუტატი გავრილოვი ზის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში“.

მისი თქმით, ეს არ იყო შეთანხმებული პარლამენტთან და მმართველ პარტიასთან და რომ დღის წესრიგის თანახმად, გავრილოვს არ უნდა წაეყვანა სხდომა. „რატომ მოხდა ისე, რომ გავრილოვი აღმოჩნდა სხდომის წამყვანი, მიუხედავად მისი ასამბლეაში მონაწილეობისა, ამას გავარკვევთ დეტალურად და ამ საკითხს მოყვება საკმაოდ მკაცრი რეაქცია“, – განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძემ ასევე განაცხადა, რომ ასამბლეის 20-21 ივნისის სხდომები პარლამენტის შენობაში აღარ გაიმართება და მოგვიანებით სხვა ადგილი შეირჩევა. „საქართველოს პარლამენტში მსგავსი შეცდომა აღარ დაიშვება“, – დასძინა მან.

მმართველი პარტიის ხელმძღვანელობამ ერთხმად დაგმო გავრილოვის ქმედება.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც „სრულიად ვიზიარებ ჩვენი თანამოქალაქეების გულწრფელ აღშფოთებას საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით“.

„დაუშვებელია, საქართველოს პარლამენტში ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი ხელმძღვანელობდეს რაიმე სახის ფორუმს“, – განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ „გამოვხატე ჩემი მკაცრი პოზიცია და, რა თქმა უნდა, ჩემი რეკომენდაცია იყო ამ სხდომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა“.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, რომელმაც ასამბლეის სხდომა გუშინ გახსნა, განცხადება ბაქოდან გააკეთა. კობახიძემ ქართული ოცნების ლიდერების მსგავსი განცხადება გააკეთა და რუსი დეპუტატის ქმედება დაგმო.

მისი თქმით, როგორც კი მას პარლამენტში განვითარებული მოვლენების შესახებ აცნობეს, მან დაუყონებლივ მოითხოვა სხდომის შეჩერება. „რუსეთი არის ის ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები. ამაზე ყურადღება გავამახვილეთ გუშინაც, როდესაც ვმონაწილეობდი სესიის გახსნაზე. იმ ქმედებებს, რომელიც მომდინარეობს რუსეთის ფედერაციიდან, არაფერი საერთო არ აქვს არც ქრისტიანობასთან, არც მართლმადიდებლობასთან“, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ „ის, რაც ვიხილეთ ჩვენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში, იყო აბსოლუტურად მიუღებელი“.

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა დაწერა Facebook-ის საკუთარ გვერდზე, რომ მართალია ის ქვეყანაში არ იმყოფება, იგი „საკუთარ წილ პასუხისმგებლობას“ გრძნობს და არ გაურბის.

„უმძიმესი სანახავია საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მთავარ ტრიბუნასთან ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის ხილვა! ეს ფაქტი ზიანს აყენებს ჩვენი თავისუფლების იდეას, აზიანებს ქართულ პარლამენტარიზმს!“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

Facebook-ის საკუთარ გვერდზე განცხადება პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც გამოაქვეყნა, სადაც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის იდეას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. „რას ნიშნავს ? რა მართლმადიდებლური კავშირი და ურთიერთობა შეიძლება არსებობდეს ჩვენ და იმ ქვეყანას შორის, რომელიც არა მხოლოდ ჩვენ ქვეყნის ტერიტორიების ოკუპანტია, არამედ ებრძვის რელიგიასაც და ყველა ქრისტიანულ წესს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი და აღნიშნავს, რომ ეს არის რუსეთის მცდელობა, რომ რელიგია პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს. „და თუ ეს ასეა, ამ პოლიტიკურ თამაშს რატომ ვთამაშობთ ჩვენც?“, – კითხულობს იგი.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური ასამბლეის სესია თბილისში 19-22 ივნისს იგეგმებოდა, 25 ქვეყნიდან 100-მდე დელეგატის მონაწილეობით.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა საბერძნეთის პარლამენტის ინიციატივით 1993 წელს შეიქმნა. საქართველოს პარლამენტი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრი 2013 წელს გახდა და მას შემდეგ, ასამბლეაში მუდმივმოქმედი დელეგაციით არის წარმოდგენილი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button