skip to content
ახალი ამბები

საარჩევნო უბნები დაიხურა, ხმის დათვლა დაიწყო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საარჩევნო უბნები ზუსტად საღამოს 8 საათზე და დაიხურა ხმის დათვლის პროცესი დაიწყო. ცესკო-ს მონაცემებით, 8 საათის მდგომარეობით, მთაწმინდის #1 მაჟორიტარული ოლქის შუალედური არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა 18 105-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლების საერთო რაოდენობის 41.23%-ია.

არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 19 მაისს ჩატარდა, ამავე ოლქში ამომრჩეველთა აქტივობა 34.27% იყო (15 049 ამომრჩეველი).

არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს ქართული ოცნების კანდიდატი ვლადიმერ კახაძე და ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების კანდიდატი შალვა შავგულიძე დაუპირისპირდნენ. პირველმა მათგანმა, პირველ ტურში, ამომრჩევლის ხმების – 41%, ხოლო მეორემ – 36.83% მიიღო.

უბნების დახურვის შემდეგ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხმის მიცემის პროცესის შესახებ შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართა. ცესკო-ს პრესსპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, არჩევნების დღემ მშვიდ გარემოში ჩაიარა. მისივე თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიამ ორი საჩივარი მიიღო და დააფიქსრა ერთი ხარვეზი, რომელიც ერთ-ერთ უბანზე გადასატანი ყუთის მეშვეობით ხმის მიცემას ეხებოდა.

ანა მიქელაძის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია საუბნო შემაჯამებელი ოქმების შესახებ ინფორმაციას მიღებისთანავე გაასაჯაროებს და საზოგადოებას წინასწარი მონაცემების შესახებ ინფორმაცია მაქსიმალურად მოკლე დროში მიაწვდის.

მთაწმინდის #1 მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და მეორე ტურის შედეგად, ამომრჩეველთა ხმების 59,52 %-ით საქართველოს პრეზიდენტი გახდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button