ძველი ამბები

სენაკი თბილისისაგან ფინანსური დეცენტრალიზაციის დაჩქარებას მოითხოვს

Tags

გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1919 წლის 8 ივნისი, N124.

სენაკის სამაზრო ერობის მეორე ყრილობამ განიხილა ერობის ექვსი თვის მოქმედების და ხარჯთ-აღრიცხვის ანგარიშები და მიიღო რა მხედველობაში ის გარემოება, რომ „ერობის არსებობა და მუშაობა ისეთ პირობებში, როცა მას დაკისრებული აქვს ხალხის აუარებელი საჭიროებათა დაკმაყოფილება და იმისათვის კი დღემდე მას არავითარი განსაზღვრული შემოსავალი არ გააჩნია, რაც ყრილობის აზრით დაუშვებელია,  დაადგინა: მიმართოს გამგეობის საშუალებით დამფუძნებელ კრებას, როგორც რესპუბლიკის უზენაეს კანონმდებლობით ორგანოს, შესაფერი შუამდგომლობით.

თანახმად ამ დადგენილებისა სენაკის სამაზრო საერობო გამგეობა შუამდგომლობს დამფუძნებელი კრების წინაშე პირველ რიგში, ან და რაც შეიძლება დაჩქარებით, გამოირკვეს და დამტკიცდეს საერთოდ ერობათა საბიუჯეტო უფლება, ურომლისოდ შეუძლებელია არამც თუ ერობათა ფინანსური მდგომარეობის მოწესრიგება, არამედ ამათი აწინდელი არსებობაც.

კერძოთ გამგეობა სთხოვს დამფუძნებელ კრებას სპეციალური კანონის საშუალებით  ახლავე მიიღოს ზომები ერობათა თანხების გასაძლიერებლად, რისთვისაც მიეცეს ერობებს უფლება საფუთო და სხვა გადასახადების შემოღებისა თანახმად იმ წესებისა, რომელთა გამომუშავებას ინებებს ამ მოკლე დროში დამფუძნებელი კრება. ამასთან იმ ერთდროული გადასახადიდან, რომლის პროექტი მთავრობას, როგორც დანამდვილებით ვიცით, მზათ აქვს დამფუძნებელი კრებისთვის წარსადგენად, უნდა დაეთმოს ერობათ არა ნაკლებ 40 პროცენტისა.

დამფუძნებელი კრება, ყოველ ეჭვს გარეშეა, მთელ რეალურ გადასახადებს დაუთმობს ერობათა თვითმმართველობას, მაგრამ ვინაიდან ამგვარ გადასახადების უმეტესობა თხოულობს მიწების ხელახლა გადაფასებას დღევანდელი პირობების კვალობაზე, რასაც დიდი ხანი და დრო დასჭირდება, დღეს კი მდგომარეობა დაყოვნებას არ ითმენს, ამიტომ გამგეობა სრულიად დარწმუნებულია რომ დამფუძნებელი კრება ეხლავე შეიმუშავებს შესაფერ ზომებს. გამგეობა თავის ვალად რაცხავს მიმართოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელ კრებას თხოვნით: დართოს მან ნება შინაურ იძულებითი ხასიათის გრძელვადიანი სესხის აღების მაზრის მცხოვრებთაგან ერთი მილიონი მანეთის რაოდენობის 12 % სარგებლით შკოლების საჭიროებისათვის“.

Related Articles

Back to top button