ახალი ამბები

წინასწარი შედეგებით, სენაკის შუალედური არჩევნები ქართული ოცნების კანდიდატმა მოიგო 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 1 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებში ქართული ოცნების კანდიდატმა, ზაზა ყურაშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 96.68% (962 ხმა) მიიღო.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთ მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების ჩატარების საჭიროება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ვახტანგ წურწუმიამ საკრებულო პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. მანამდე, მისი თანაგუნდელები აცხადებდნენ, რომ იგი „გაიტაცეს“ და საკრებულოს დატოვებას აიძულებდნენ.

ყურაშვილს არჩევნებში მხოლოდ ერთი კონკურენტი, პარტია სოციალური სამართლიანობის კანდიდატი, მამუკა ტუსკაძე ჰყავდა, რომელსაც მხარი ამომრჩეველთა 3.32%-მა (33) დაუჭირა. ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ასევე პარტიებმა – საქართველოსთვის და ლელომ პროტესტის ნიშნად არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღეს.

ცესკოს მონაცემებით, სენაკის მუნიციპალიტეტის შუალედურ არჩევნებში 1 021 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული ამომრჩეველების საერთო რაოდენობის 44.26%-ია. კენჭისყრა საპილოტე რეჟიმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა.

არასამთავრობოების პოზიცია

ცესკოს მიერ სენაკში შუალედური არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) განაცხადა, რომ არჩევნების დანიშვნა „კანონს არ შეესაბამება“. ორგანიზაციამ მისი გაუქმების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოსაც მიმართა, თუმცა სასამართლომ „საიას“ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

„საია“ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსზე (მუხლი 142) მითითებით აღნიშნავდა, რომ ვინაიდან, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო უკვე 6 თვეზე მეტია არ შეკრებილა, მისი უფლებამისილების შეწყვეტის უპირობო საფუძველი და მუნიციპალიტეტში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის წინაპირობები არსებობდა.

ორგანიზაცია ასევე განმარტავდა, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო ბოლოს 2021 წლის 17 დეკემბერს შეიკრიბა და მას შემდეგ, სხდომის ჩატარება 10-ზე მეტი მცდელობის მიუხედავად კვორუმის არარსებობის გამო ვერ მოხერხდა. ამიტომ, საკრებულოს უფლებამოსილება უნდა შეწყვეტოდა, რის შემდეგაც, მთელ მუნიციპალიტეტში რიგგარეშე არჩევნები უნდა დანიშნულიყო.

სენაკის მუნიციპალიტეტის ერთ მაჟორიტარულ ოლქში დანიშნული შუალედური არჩევნების გაუქმებისა და მთლიანად მუნიციპალიტეტის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საჭიროებაზე არჩევნების თემატიკაზე მომუშავე კიდევ ერთი არასამათავრობო ორგანიზაცია, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაც“ (ISFED) საუბრობდა.

წინაისტორია

თვეების განმავლობაში, სენაკის 33-წევრიან საკრებულოში თავმჯდომარის არჩევა იმის გამო ვერ ხერხდებოდა, რომ უმრავლესობა არც ქართულმა ოცნებას ჰქონდა და არც ოპოზიციას. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, მმართველმა პარტიამ საკრებულოში 16 მანდატი მოიპოვა, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 13, გიორგი გახარიას პარტიამ საქართველოსთვის კი – 4.

თუმცა, სენაკის საკრებულოში ჩიხი მას შემდეგ შეიქმნა, რაც საქართველოსთვის ერთ-ერთმა წევრმა, ილია ახალაიამ დეკემბრის დასაწყისში მანდატზე უარი თქვა. შედეგად ოპოზიციას ჯამში 16 ხმა დარჩა, რაც თავმჯდომარის ასარჩევად საკმარისი არ იყო.

საკრებულოში ვითარება 9 თებერვალს, მას შემდეგ შეიცვალა, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ახალაიას ადგილმონაცვლის, ნიკოლოზ შამათავას უფლებამოსილება ცნეს. თუმცა, ქართული ოცნების წევრებმა და საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ამით ოპოზიციამ კანონი დაარღვია.

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის პროცედურული დავის ფონზე, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და პარტიამ საქართველოსთვის 23 თებერვალს სენაკის საკრებულოს თავმჯდომარედ ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას თანაგუნდელი ირაკლი კაჭარავა აირჩიეს.

მოგვიანებით, 18 აგვისტოს, სენაკის რაიონულმა სასამართლომ ეს გადაწყვეტილება უკანონოდ ცნო და გააუქმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button