skip to content
რესპუბლიკის ამბები

აკაკი ჩხენკელის სიტყვა ბერნის საერთაშორისო სოციალისტურ კონფერენციაზე

გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1919 წლის 6 ივნისი, N122.

ბერნის საერთაშორისო სოციალისტური კონფერენცია გაიმართა 1919 წლის 3-9 თებერვალს

ჩხენკელი – ინტერნაციონალი ამდენხანს იცნობდა ქართველ სოციალ-დემოკრატებს, როგორც რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრთ (მენშევიკებს).  და თუ ეხლა ჩვენ გამოვდივართ, როგორც საქართველოს დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელნი, ეს მიტომ კი არა, რომ ჩვენ გვეღალატოს რუსეთის დიდი რევოლუციისთვის, ან გამოგვეცვალოს ჩვენი რევოლუციონური თვალსაზრისი, პირიქით, დავიფარეთ ჩვენს ქვეყანაში რევოლუციონური პრინციპები და მისი მონაპოვარი; აზიის და ევროპის საზღვარზე შევქმენით თავისუფალი სახელმწიფო. საჭირო არ არის სიტყვის გაგრძელება ჩვენი მდგომარეობის შესახებ, მე უკვე დავურიგე დეპუტატებს მემორანდუმი ჩვენი პარტიის სახელით; მე ნებას მივცემ ჩემს თავს წავიკითხო იქიდან მხოლოდ რამდენიმე სტრიქონი.

  • ჩვენში სუფევს სრული თავისუფლება ბეჭდვის, კრების, კავშირების და გაფიცვის. ცხოვრებაში  გატარებულია რვა საათის სამუშაო დღე. საყოველთაო საარჩევნო უფლება ვრცელდება ორივე სქესზე, როგორც საერობო და თვითმმართველობის არჩევნებში აგრეთვე პარლამენტშიაც.

თქვენ იცით, რომ ყოველივე ეს უფლებანი მოსპობილია რუსეთში. მე თვითონ ვიყავი წევრი რუსეთის დამფუძნებელი კრებისა, რომელიც გარეკილი იქნა ბოლშევიკების მიერ.

  • აგრარული საკითხიც გადაჭრილია ჩვენში. მემამულეთა მიწები დაყოფილია გლეხთა შორის. უმცირესობათა ეროვნული უფლებანი დაცულია
  • ეს პოლიტიკური გამარჯვება არგუნა საქართველოს ორმა გარემოებამ:
  • სოციალ-დემოკრატიულ პარტიას თანაუგრძნობს მცხოვრებთა დიდი უმრავლესობა;
  • ქართველი ერი დიდ ინტერესს იჩენდა მომენტისადმი და ჰქონდა მასზე საღი წარმოდგენა. სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციას, რომლის თავმჯდომარეც  არის თქვენთვის ცნობილი ამხანაგი ირაკლი წერეთელი ჰყავს დიდი უმრავლესობა პარლამენტში, რომლის თავჯდომარეც არის აგრეთვე თქვენთვის კარგად ცნობილი ამხანაგი ნიკოლოზ ჩხეიძე. ჩვენი პარტიის დამაარსებელი და ლიდერი ამხანაგი ნოე ჟორდანია საქართველოს მთავრობის თავმჯდომარეა. სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხელშია მინისტრების მთავარი პორტფელები: შინაგან საქმეთა, გარეშე საქმეთა, სამხედრო და მიწადმოქმედებისა და შრომის.
  • სოციალ-დემოკრატიულ პარტიას ჰყავს არა ნაკლებ 70 000 წევრისა, რომელნიც შესდგებიან ორგანიზაციულად შეკავშირებული მუშებისა და გლეხებისაგან. პროფესიულ კავშირებსა და სხვებს კიდევ მეტი წევრი ყავთ. ეს მცირე ცნობები გაჩვენებთ თქვენ ჩვენი ცხოვრების პირობებს.

დღემდე ჩვენ არ გვიცნო დიდმა სახელმწიფოებმა, ეს ალბათ, მით აიხსნება, რომ ჩვენს მხარეში უმთავრეს როლს თამაშობენ სოციალისტები. არ უნდათ გვიცნონ ჩვენ, მიუხედავათ იმისა, რომ სრულიად დამოუკიდებელი ვართ. ის მხარე, რომლის მთავარი მოღვაწენი თქვენი ამხანაგები არიან უპირველესად, რა საკვირველია თავისი დამოუკიდებლობის აღიარებას მოელის ინტერნაციონალისაგან. ჩვენ დარწმუნებული ვართ, ეს მოხდება დღეს (ამ კონფერენციამ აღიარა ჩვენი დამოუკიდებლობა. რეზოლუცია დაბეჭდილია ჩვენი გაზეთის გუშინდელ ნომერში – საქ. რესპ რედაქცია. ლინკ.)

ეს მორალური აღიარება ჩვენთვის დიდმნიშვნელოვანია. მაშინ ჩვენ გაორკეცებული ენერგიით მოვითხოვთ პარიზის კონფერენციაზე ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარებას.

თქვენ იცით, გაზეთებიდან, რომ დიდ სახელმწიფოებს განზრახული აქვთ ოპეკუნები გაუჩინონ ახლად შექმნილ პატარა სახელმწიფოებს. მათ უნდათ შეაგროვონ ეგრედ წოდებული მანდატიორები, რომლებიც უნდა გაბატონდენ ამ მხარეებში. ჩემი პარტიისა და ქართველი მშრომელი ერის სახელით კატეგორიულ პროტესტს ვაცხადებ ასეთ განზრახვის წინააღმდეგ. თუ ჩვენ შეგვწვდა ძალა გვებრძოლა ცარიზმთან, ჩვენ შევებრძოლებით აგრეთვე მთელ მსოფლიოს, იმპერიალიზმს, მხოლოდ საერთაშორისო სოციალუსტურ კონფერენციისა და საერთაშორისო პროლეტარიატის დახმარებით.

მსგავსი/Related

Back to top button