skip to content
რესპუბლიკის ამბები

სოფლების მაცხოვრებლებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესასწაული იზეიმეს

გაზ. „ერთობა“, 1919 წლის 31 მაისი, №118.

ჯუმათი (გურია)

26 მაისს სოფლის სამმართველოსთან გაიმართა მიტინგი. ამ დღის მნიშვნელობის შესახებ მოხსენება გააკეთა ვ. კილაძემ. მოხსენების შემდეგ მიტინგი დაიშალა და ადგილობრივი სკოლის დარბაზში გაიმართა ჯუმათის რაიონის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრთა საზოგადო კრება. განსახილველი იყო საკითხი გვარდიელების შესახებ. კრებამ დაადგინა, წინადადება მიეცეთ იმ გვარდიელებს, რომლებიც ჩაწერილი არიან და არ წასულან გვარდიაში სამსახუროთ, დაუყონებლივ გამოცხადდენ სამაზრო შტაბში.

ურიათუბანი (კახეთი)

ჯერ კიდევ 25 მაისს იწყო სოფელმა მზადება სადღესასწაულოთ.  26 მაისს ხალხმა დილის 7 საათიდან იწყო დენა ეკლესიის ეზოში. 9 საათზე ეზო უკვე გაჭედილი იყო ხალხით. პროცესია დაიძრა დროშებით და სიმღერებით და შეჩერდა სკოლის შენობის წინ, რომელიც მშვენივრათ იყო მორთული ყვავილებით; აქ პროცესიას შეუერთდნენ სკოლის შეგირდები თავიანთი მასწავლებლებით. პროცესია გაეშურა დანიშნულ ადგილისაკენ, სადაც შეუერთდა სოფელ შაშიანის საზოგადოება დროშებით და სიმღერებით. ორატორებმა გააცნეს ხალხს დღევანდელი ვითარება, 26 მნიშვნელობა და სხვა. შემდეგ გაიმართა თამაში და ხალხი დიდათ ნასიამოვნები მწყობრათ დაიშალა.

დიდი ჯიხაიში (იმერეთი)

26 მაისის დღე ბრწყინვალედ ჩატარდა. შესდგა მიტინგი, ილაპარაკეს დღესასწაულის მნიშვნელობაზე. შემდეგ გაიმართა სხვა და სხვა ეროვნული ვარჯიშობები, სიმღერები და სხვა, საღამოს გაიმართა უმაღლეს დაწყებითი სკოლის ეზოში ლიტერატურული საღამო, სიმღერების განყოფილებით, რითაც საზოგადოება დიდათ ნასიამოვნები დარჩა.

ბანძა (სამეგრელო)

26 მაის შესდგა ბანძის რაიონის მცხოვრებთა მრავალრიცხოვანი მიტინგი. დღესასწაულის მნიშვნელობაზე ვრცლად ილაპარაკა დიმიტრი გაბუნიამ. მიტინგი აღტაცებით შეეგება დამოუკიდებლობის დღეს და ფიცი დასდო უკანასკნელ სისხლის წვეთამდე დაიცავს ჩვენს დემოკრატიულ რესპუბლიკას. მიტინგმა ეკლესიის გალავანთან ქუდის მოხდით პატივი სცა 1905 წლის რევოლუციის მსხვერპლთა სასაფლაოს, წარმოითქვა მგრძნობიარე სიტყვები. ყველა სახლები და დაწესებულებები ეროვნული დროშით იყო მორთული შესანიშნავ ადგილებზე გაკრული იყო პლაკატები ჯეროვანი წარწერებით, ტელეფონისა და ტელეგრამის სვეტები მორთული იყო ლამაზი შტოებით და ყვავილებით. ახალგაზრდა მარქსისტებმა საღამოს დადგეს უფასო წარმოდგენა, წარმოდგენას დიდძალი ხალხი დაესწრო

მსგავსი/Related

Back to top button