რესპუბლიკის ამბები

26 მაისის დღესასწაული ქუთაისში

გაზ. „ჩვენი ქვეყანა“, 1919 წლის 28 მაისი, №96.

26 მაისი ქუთაისმა ზეიმით იდღესასწაულა.

საქართველოს განთავისუფლების და დამოუკიდებლობის წლის თავი ფართო საზოგადოებამ ღირსეულათ დააფასა.

ჯერ კიდევ წინა დღით, 25 მაისს სჩანდა რომ ხვალ არაჩვეულებრივი დღე უნდა ყოფილიყო, ყველა ემზადებოდა, რთავდენ ყვავილებით, მწვანეულობით და ეროვნული დროშებით სახლებსა და დაწესებულებებს. აივანზე გამოჰყავდათ ელექტრონის სანთელი და ქუჩებს საზეიმო სახეს აძლევდენ.

გათენდა 26 მაისი. მშვენიერი დარი სდგას.

სულ სხვა ფერი სდევს ქუჩებს.

სახლები მორთულია სპარსული ხალიჩებით და ნოხებით. აივანზე ფრიალებს შინდის ფერი ეროვნული დროშები. კედლებს ამშვენებს გირლიანდები.

თითეული სახლი ერთი შეხედვით საქორწინო ლამაზ ქალს მოგაგონებთ.

განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს სამაზრო ერობის გამგეობის ბინა. მეორე სართულის აივნიდან მოსჩანს უზარმაზარი სურათი ცხენზე მჯდომი თეთრი გიორგისა და საქართველოს რესპუბლიკის ღერბის.

ეს სურათი საზოგადოების ყურადღებას იპყრობს, მაგრამ ვერ არის მხატვრობა სწორად დაცული.

ერთმა გამვლელმა როდესაც ამ სურათს შეხედა იოხუნჯა: –  ეს ცხენი მაკეთ უნდა იყოს.  და ოხუნჯობა სამართლიანი იყო.

ქალაქის თეატრის წინ გამოკიდებული არის ვებერთელა სურათი: „ მამა დავითის მთა“ მოსჩანს უკვდავი ილიას და დიმიტრი ყიფიანის ძეგლები.

კარგად იყო მორთული პოლიტიკური პარტიების კლუბები, მუშათა კლუბი, სამხედრო უფროსის სამმართველო, ჟურნალ-გაზეთების კანტორა „იმერეთი“, რკინის გზის სადგური, ქალაქის თვითმმართველობა, სასწავლებლები და სხვა დაწესებულებანი.

აღსანიშნავია, რომ სოციალისტური პარტიების კლუბების წინ უხვად ფრიალებდა რევოლუციონური დროშები და გადმოკიდებული იყო მარქსისა და სხვა სურათები, რაც 26 მაისის დღესასწაულთან არავითარი კავშირი არ აქვს.

მუშათა კლუბთან კი სადაც ათობით ფრიალებდა უკვე ფერწასული დროშები, არც ერთი ეროვნული დროშა არ იყო.

არ სჩანდა აგრეთვე ქართველი მწერლების სურათები, იმ მწერლებისა, რომელნიც საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ოცნებობდენ და მშობელ ერს ენაცვალენ.

მხოლოდ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ბიუროსა და გაზეთ „ჩვენი ქვეყნის“ რედაქციის წინ მოსჩანდა მოხუცი ილიას სურათი, რომელიც შემკობილი იყო საუცხოოთ გაკეთებული ვარდ-ყვავილების მტევნებით.

ამ რიგად იყო ერთი თვალის შევლებით ქალაქი მორთული.

თვით საზოგადოებას მორთულობა ემჩნეოდათ, დილიდანვე ქალაქის ბაღისკენ რომ მიეშურებოდენ. სადაც სამხედრო აღლუმი უნდა გამართულიყო.

ხალხი საკათედრო ტაძართან თავს იყრის. ამ დღეს მწირველია მიტროპოლიტი ნაზარი ქუთათელი.

წირვის დასრულების შემდეგ 12 საათზე აღლუმი იქნება. ხალხით გაჭედილია როგორც ბაღი ისე ქუჩები. ჯარი და მოწაფე ახალგაზრდობა ჩამწკივრებული არიან ქუჩის კიდეებზე. უკრავს სამხედრო მუსიკა.

სადაც აღლუმი იმართება, იქვე სდგას გარეშე საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი, დღესასწაულის მომწყობი კომისიის წევრები, წარმომადგენლები პრესისა და სხვა და სხვა დაწესებულებათა.

აღლუმს გარნიზონის უფროსი გენერალი ართმელაძე იბარებს, რომელიც ჯარს და დამსწრე საზოგადოებას გრძნობიერი სიტყვით მიმართავს, მოკლედ ეხება საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას და ქართველი ერის სურვილებს. ამ დროს არქიერის გორიდან მოისმის შვიდჯერ ზარბაზნის ხმა. ხალხი „ვაშას“ გაიძახის, მოისმის ტაში.

გენერალი ართმელაძე ესალმება გარეშე საქმეთა მინისტრს გეგეჭკორს.

აღლუმის გათავების შემდეგ დემონსტრაცია უნდა წასულიყო მიხეილის ქუჩით, გაივლიდენ ბაღს, ორპირის, პუშკინის, თბილისის და ივანოვის ქუჩებს. ჩამოვიდოდენ ისევ ქალაქის ბაღთან, სადაც დემონსტრაცია დაიშლებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ მომხდარა, რაც სადღესასწაულო კომისიის სისუსტეს უნდა მიეწეროს.

საღამოთი ქალაქის ბაღი განათებული იყო. ბაღში დიდძალი ხალხი იყო. ქუჩებშიდაც არ იყო ტევა. მთელ ღამეს გაისმოდა მაშხალების დაუსრულებელი სროლა და მხიარულება.

საერთოდ 26 მაისის დღესასწაულმა ქუთაისში კარგად ჩაიარა, მაგრამ რომ მეთაურებს მოენდომებიათ, შეიძლებოდა უკეთესადაც ჩატარებულიყო.

დღესასწაულის დადებითი მხარე განსაკუთრებით ის იყო რომ არ წარმოთქმულა არც ერთი სიტყვა, რამაც ქუთაისის საზოგადოებას თავი მოაბეზრა.

მსგავსი/Related

Back to top button