skip to content
რესპუბლიკის ამბები

ადგილობრივი თვითმმართველობები მოქალაქეთა არაფორმალურ განათლების სისტემას ქმნიან

გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1919 წლის 24 სექტემბერი, N214.

ეს მოხსენება წაიკითხა ვარლამ ბურჯანაძემ სახალხო განათლების სამინისტროს დავალებით საქართველოს რესპუბლიკის ერობათა წარმომადგენლების მეორე ყრილობაზე:

            საყოველთაო და სავალდებულო პირველდაწყებითი სწავლების შემოღების დროს განათლების სამინისტროს არ შეუძლია განსაკუთრებული და მასთან სერიოზული ყურადღება არ მიაქციოს იმ პირობებს, რომელიც ხელს უშლის ფართო მასის მიერ მისი სარგებლობის შეგნება შეთვისებას: საყოველთაო სავალდებულო სწავლების შემოღება და ცხოვრებაში მისი თანდათანობითი გატარება გვიხდება სწორეთ იმ დროს, როცა რესპუბლიკის მოზარდ მოქალაქეთა უმრავლესობა ანბანის წერა-კითხვის უცოდინართაგან შესდგება. სწორედ ამიტომ განათლების სამინისტრომ მორიგ საკითხად აღიარა მოზრდილ მცხოვრებთა შორის წერაკითხვის გავრცელება სისტემური მუშაობის საშუალებით და ამ გზით საერთოდ სკოლის გარეშე განათლების ორგანიზაციის მოწყობა.

            სკოლის გარეშე განათლების წესიერ ნიადაგზე დაყენება – ეს, ეჭვი არ უნდა, ხელს შეუწყობს ჩვენი ნორჩი რესპუბლიკის კანონების და მთავრობის განკარგულებების განხორციელებას ხოლო ეს დიდი საქმე უნდა იკისრონ თვითმმართველობის ორგანოებმა.

            სკოლის გარეშე დარჩენილი მცხოვრებნი განიყოფა სამ მთავარ ჯგუფად: 1. წერაკითხვის უცოდინარ მოზარდი მცხოვრებთა ჯგუფი, 2. დასაწყისს სკოლებში კურსდამთავრებულთა და სწავლის გაგრძელების მსურველთა ჯგუფი და 3. მთელი დანარჩენი წერაკითხვის მცოდნე სკოლის ასაკს გადაცილებული მცხოვრებთა ნაწილი. პირველი კატეგორიის მცხოვრებთათვის საჭიროა საკვირაო ელემენტარული და მოძრავი სკოლების გახსნა, მეორე კატეგორიისათვის უმაღლესდაწყებით  სკოლების გაფართოებული კურსების მოწყობა. დასახელებულ დაწესებულებებთან უნდა დაარსდეს: ბიბლიოთეკები, სამკითხველოები, მოეწყოს სახალხო კითხვები, ლექციები და სხვა…

საკვირაო სკოლები

თითოეულ დაწყებით სკოლასთან არსდება საკვირაო სკოლა. მეცადინეობას აწარმოებენ სკოლაში ადგილობრივი სკოლისავე მასწავლებლები განსაკუთრებული გასამრჯელოთი. საკვირაო სკოლების საერთო ხელმძღვანელობას მაზრაში კისრულობს სამაზრო ერობის გამგეობა, ხოლო სათემო ერთეულების სამოქმედო რაიონებში, წვრილი ერთეულების გამგეობა.

მოძრავი სკოლები

რესპუბლიკის იმ ნაწილებში, სადაც დაწყებით სკოლათა რიცხვი და მაშასადამე, მასწავლებელთა რიცხვი მცირეა, წერაკითხვა უნდა გავრცელდეს მოძრავი სკოლების საშუალებით. ამ მიზნისთვის სამაზრო ერობა იწვევს განსაკუთრებულ გამოცდილ მასწავლებლებს, რომელთაც აძლევს ყოველგვარ საჭირო ხელსაწყო მასალას, სასწავლო ნივთებს: ფანქრებს, რვეულებს, წიგნებს, ქაღალდებს. ეს მასწავლებლები წინდაწინვე შემუშავებულის ასწავლო გეგმის მიხედვით აწარმოებენ სწავლას სხვა და სხვა სოფლებში, ვინაიდან ერთი სოფლიდან მეორეში, აწყობენ  ორგანიზაციას, თვითონ ამზადებენ წერაკითხვის მცოდნე პირთაგან თანაშემწეებს, რომელთაც აკისრებენ წერაკითხვის გავრცელებას ხალხში.

სისტემური საღამოს კურსები და სკოლები გაფართოებული კურსით

დაწყებით სკოლებში კურსდამთავრებულთათვის თვითოეულ სათემო ერთეულის რაიონში იმართება უმაღლესი დაწყებითი სკოლები, ან კურსები. აღნიშნულ სკოლებში და კურსებზე მეცადინეობას აწარმოებენ საღამოობით დაწყებითი სკოლის მასწავლებლები, რომელიც ხელმძღვანელობენ არსებული პროგრამებით, სამაზრო ერობის ინსტრუქტორის მეთვალყურეობით.

ახალხო კითხვები და ლექციები

თვითეულ წვრილ ერთეულის სამოქმედო რაიონში იმართება სახალხო კითხვები ჯადო ფარნის (თანამედროვე პროექტორის პროტოტიპი, რესპუბლიკა 100-ს შენიშვნა) საშუალებით. სახალხო კითხვებს  რომ სისტემური ხასიათი მიეცეს  საჭიროა სამაზრო ერობამ შეიმუშავოს საერთო სამოქმედო გეგმა. ამ დარგში, აგრეთვე სია იმ მასალისა, რომელიც უნდა იქნას წაკითხული სოფლებში ადგილობრივ მოთხოვნილებებისდაგვარად. სახალხო კითხვების მოწყობა-გამართვის დროს ფართო ადგილი უნდა დაეთმოს კინემატოგრაფით სარგებლობას, რის შეძენა თითოეული სამაზრო ერობისთვის სასურველია. სასურველი და საჭიროა სამაზრო ერობამ დაამზადოს ბუნდოვანი სურათებიც ადგილობრივ ცხოვრებიდან, შეიძინოს რამდენიმე ჯადო ფარანი.

ბიბლიოთეკა სამკითხველოები

ბიბლიოთეკების და სამკითხველოების მოწყობას სისტემური ხასიათი უნდა მიეცეს, თითოეულ სკოლასთან უნდა გაიხსნას სამკითხველო, ხოლო თითოეულ სათემო ერთეულის რაიონში, ერთი ცენტრალური ბიბლიოთეკა-სამკითხველო. ცენტრალური ბიბლიოთეკა უნდა გახსნას ერობამ. სამაზრო ერობის ცენტრალურ ბიბლიოთეკასთან უნდა მოეწყოს საბიბლიოთეკო კომისია, რომელიც გაუწევს საერთო ხელმძღვანელობას მაზრაში არსებულ ბიბლიოთეკა-სამკითხველოებს. შეიმუშავებს ბიბლიოთეკის ქსელს, შეადგენს ინსტრუქციებს და სხვა…

სახალხო თეატრი

სამაზრო ერობებმა არა ნაკლები ყურადღება უნდა მიაქციონ სახალხო წარმოდგენების სისტემატიურად მოწყობას სოფლებში, რისთვისაც უნდა შეადგინოს მოძრავი სცენისმოყვარეთა ჯგუფი განსაზღვრული გასამრჯელოთი.

            სამაზრო ერობა იწვევს სკოლის გარეშე განათლების საერთო ხელმძღვანელ-ინსტრუქტორს. ინსტრუქტორი იმუშავებს საერთო სამოქმედო  გეგმას, რომელსაც იხილავს და ამტკიცებს ერობის გამგეობასთან არსებული სასკოლო ან სამოსწავლო კომისია.

            აძლევს რა დიდს მნიშვნელობას სკოლის გარეშე განათლების ფართო ნიადაგზე დაყრდნობას და მის ორგანიზაციის ნორმალურ კალაპოტში ჩაყენებას, განათლების სამინისტრო მიმართავს ერობას წინადადებით გააჩაღონ ეხლავე ორგანიზაციული მუშაობა: შეიმუშავონ უპირველეს ყოვლისა საბიბლიოთეკო-სამკითხველო ქსელი, საერთო სამოქმედო გეგმა აღნიშნულ დარგში, აგრეთვე საჭიროა ხარჯების სავარაუდო აღრიცხვა. წარმოდგენილი მასალების მიხედვით სამინისტრო თავის მხრივ გაიღებს თანხას და ერობებთან ერთად იმუშავებს საერთო მიზნის განსახორციელებლად.

მსგავსი/Related

Back to top button