Placeholder canvas
ახალი ამბები

საქალაქო სასამართლომ ტერორიზმის საქმეზე ბრალდებული ექვსი პირი დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერორიზმის ორგანიზებისა და ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეებზე ბრალდებული პირები დამნაშავედ ცნო. 

საქალაქო სასამართლოს მიერ 27 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებით, „თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ტერორისტებისთვის და ტერორისტული ორგანიზაციისთვის მომსახურების გაწევისა და რესურსებით უზრუნველყოფის საქმეზე“ ბრალდებულ ანატოლი ბერძენიშვილს 11 წლით, რამაზ მარგოშვილს 12 წლით, რუსლან ალდამოვს და ზურაბ იდოიძეს კი, 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

რაც შეეხება შოაიფ ბორზიევს, მას „უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების, ჯგუფურად ტერორისტული აქტის მომზადების ტერორისტული საქმიანობის განხორციელების მიზნით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ტერორისტული მიზნით, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარებისათვის“ სასამართლომ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

საქალაქო სასამართლომ ასევე დამნაშავედ ცნო ამჟამად მიმალვაში მყოფი კიდევ ერთი ბრალდებული რუსლან შავაძე და მას „უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებისთვის, ასევე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთისთვის“ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, საქმის არსებითად განხილვისას, დახურულ სხდომებზე ბრალდებულებმა წარდგენილ ბრალდებებში თავი დამნაშავედ არ ცნეს. „თუმცა საქმეში არსებული და პროცესებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, ბრალდებულთა მხრიდან განსაკუთრებით მძიმე და ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის ფაქტი“, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შოაიფ ბორზიევი 2017 წლის 21-22 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დააკავა, რა დროსაც ჩეჩნური წარმომავლობის რუსეთის მოქალაქემ და ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წევრმა ახმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა, ორი პირის იბრაგიმ ადაშევისა და ასლანბეგ სოლტახმადოვის ლიკვიდირება კი, ადგილზევე მოხდა. რუსლან ალდამოვი და რამაზ მარგოშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 26 დეკემბერს თბილისსა და ახმეტის რაიონის სოფლებში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის დროს დააკავა. ანატოლი ბერძენიშვილი და ზურაბ იდოიძე კი, მოგვიანებით აიყვანეს.

რაც შეეხება ამავე საქმეზე პანკისის სპეცოპერაციის დროს დაკავებულ ზურაბ გორნაკაშვილსა და ბადურ ჩოფანაშვილს, მათი საქმეების განხილვა ცალკე მიმდინარეობს.

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button