ახალი ამბები

სასამართლომ 4 პირი დამნაშევედ ცნო გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის 2014 წლის საქმეზე

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 10 იანვარს განაცხადა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო 2014 წელს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს მკვიდრის, ხანუმ ჯეირანოვასთვის გენდერული ნიშნით თავისუფლების ჯგუფურად უკანონოდ აღკვეთისა და დამამცირებელი მოპყრობის საქმეზე ბრალდებული 4 პირი და მათ 5 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

პროკურატურის ცნობით, მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2014 წლის 16 სექტემბერს, სოფელ ლამბალოში მსჯავრდებულებმა ხანუმ ჯეირანოვა ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩააყენეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რადგანაც მიიჩნევდნენ, რომ იგი „ქალისთვის შეუფერებელ საქციელს სჩადიოდა“. ამის შემდეგ, იგი იძულებით ჩასვეს ავტომობილში და სოფლის ცენტრში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მიიყვანეს.

„ბრალდებულები დაზარალებულს სოფლის მოსახლეობის თანდასწრებით დამამცირებელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ და აცხადებდნენ, რომ ქალისთვის შეუფერებელი საქციელის გამო იგი უნდა დასჯილიყო. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების ქმედებამ [ქალის] მორალური ტანჯვა გამოიწვია, რის გამოც მან 2014 წლის 18 სექტემბერს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.“, – ნათქვამია საგამოძიებო უწყების განცხადებაში.

გენერალური პროკურატურის განმარტებით, ამავე სისხლის სამართლის საქმეზე თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და დამამცირებელი მოპყრობის მუხლით ბრალი კიდევ ერთ პირს აქვს წარდგენილი, რომლის საქმეც სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით იხილება.

მანამდე, გასული წლის ოქტომბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფოს ჯეირანოვას შვილებისთვის 100 000 ლარიანი კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

ამბის წინაისტორია

ხანუმ ჯეირანოვასთვის თავისუფლების ჯგუფურად უკანონოდ აღკვეთისა და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალი ჯამში ხუთ პირს 2022 წელს, მომხდარიდან 8 წლის შემდეგ წარუდგინა.

მანამდე, რამდენიმე თვით ადრე, გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა დაადგინა, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ეფექტიანი დაცვა და ყველა საჭირო ზომის მიღება ხანუმ ჯეირანოვას, როგორც ქალის წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად.

ამასთან, კომიტეტმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეასრულა ვალდებულება, რომ გამოეძიებინა და დაესაჯა ჯეირანოვას მიმართ არასათანადო მოპყრობასა და გარდაცვალებაში დამნაშავე პირები.

კომიტეტმა ასევე დაადგინა, რომ ჯეირანოვა იყო „ეთნიკურ დისკრიმინაციისა და პოლიციისა და სასამართლო ხელისუფლების სტერეოტიპული დამოკიდებულების მსხვერპლი“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button