გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის 2014 წლის საქმეზე დამნაშავედ კიდევ 1 პირი ცნეს
ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად დამნაშავედ ცნეს 2014 წელს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს მკვიდრის, ხანუმ ჯეირანოვასთვის გენდერული ნიშნით თავისუფლების ჯგუფურად უკანონოდ აღკვეთისა და დამამცირებელი მოპყრობის საქმეზე ბრალდებული კიდევ 1 პირი, რომელსაც სასამართლომ 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 31 იანვარს განაცხადა, რომ აწ უკვე მსჯავრდებული ასევე უკვე მსჯავრდებულ პირებთან ერთად, მიიჩნევდა, რომ ხანუმ ჯეირანოვა ქალისთვის შეუფერებლად იქცეოდა, რის გამოც, 2014 წლის 16 სექტემბერს, სოფელ ლამბალოში, მათ დაზარალებული ავტომანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს და სოფლის ცენტრის მიმართულებით წაიყვანეს, რა დროსაც მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
„აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებულმა და მისმა თანამზრახველებმა სოფლის მოსახლეობის თანდასწრებით დაზარალებულს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დამამცირებელი სიტყვებით მიმართავდნენ“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში და აღნიშნულია, რომ მსჯავრდებულების ქმედებამ დაზარალებულის მორალური ტანჯვა გამოიწვია, რომელმაც 2014 წლის 18 სექტემბერს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
მანამდე იანვრის დასაწყისში, თბილისის საქალაქო სასამართლომ ამავე საქმეზე ბრალდებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავემ და თითოეულს 5.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. კიდევ უფრო ადრე, 2022 წლის ოქტომბერში, თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფოს ჯეირანოვას შვილებისთვის 100 000 ლარიანი კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
ამბის წინაისტორია
ხანუმ ჯეირანოვასთვის თავისუფლების ჯგუფურად უკანონოდ აღკვეთისა და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალი ჯამში ხუთ პირს 2022 წელს, მომხდარიდან 8 წლის შემდეგ წარუდგინა.
მანამდე, რამდენიმე თვით ადრე, გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა დაადგინა, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ეფექტიანი დაცვა და ყველა საჭირო ზომის მიღება ხანუმ ჯეირანოვას, როგორც ქალის წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად.
ამასთან, კომიტეტმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეასრულა ვალდებულება, რომ გამოეძიებინა და დაესაჯა ჯეირანოვას მიმართ არასათანადო მოპყრობასა და გარდაცვალებაში დამნაშავე პირები.
კომიტეტმა ასევე დაადგინა, რომ ჯეირანოვა იყო „ეთნიკურ დისკრიმინაციისა და პოლიციისა და სასამართლო ხელისუფლების სტერეოტიპული დამოკიდებულების მსხვერპლი“.
ასევე წაიკითხეთ:
- 07/10/2022 – გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შემდეგ გარდაცვლილი ქალის შვილებს სახელმწიფომ 100 000 ლარი უნდა გადაუხადოს
- 27/04/2022 – პროკურატურამ 2014 წელს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის საქმეზე სამ პირს ბრალი წარუდგინა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)