სასამართლომ „ტვ. პირველს“ ირაკლი კობახიძის სიძისთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა „ტელეკომპანია პირველის“ წინაღმდეგ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის, დავით ფაცაციას სარჩელი და ტელევიზიას მის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 15 000 ლარის გადახდა დააკისრა, ნაცვლად მოთხოვნილის 30 000 ლარისა. ფაცაცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სიძეა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) ცნობით, რომელიც სასამართლოში „ტელეკომპანია პირველის“ ინტერესებს იცავს, ფაცაცია სადავოდ ტელევიზიის ეთერში გასულ იმ განცხადებებს ხდიდა, რომლებიც სამინისტროში გამოვლენილ დარღვევებზე და დევნილთა ჩასახლების ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარების დროს თანხების არამიზნობრივი ხარჯვის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნებს ეხებოდა. „გაკეთებული განცხადებების თანახმად, „არამიზნობრივად დახარჯული თანხების კვალი სამინისტროს ხელმძღვანელამდე“, დავით ფაცაციამდე მიდის“.
ორგანიზაციის განმარტებით, მოპასუხის წარმომადგენლები უთითებდნენ, რომ გაკეთებული განცხადებები შეფასებები იყო, რომლებიც სახელმწიფო აუდიტის დასკვნას ეყრდნობოდა, ხოლო, დავით ფაცაცია მოხსენიებული იყო როგორც სამინისტროს ხელმძღვანელი, რომელსაც აკისრია ვალდებულება სახელმწიფო აუდიტის რეკომენდაციებზე შესაბამისი რეაგირება იქონიოს.
„დემოკრატიული ინიციატივის“ განცხადებით, თავდაპირველად, დავით ფაცაცია კომპენსაციის სახით სიმბოლურად 1 ლარს ითხოვდა, თუმცა შემდეგ თანხა 30 000-ლარმდე გაზარდა. „დავით ფაცაციას მიერ სასარჩელო მოთხოვნის გაზრდა დაემთხვა ერთი კვირით ადრე [დედაქალაქის მერის] კახა კალაძის სარჩელის დაკმაყოფილებასა და საქმეში მოპასუხეებისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრებას, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ [ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის] უჩა მამაცაშვილის სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში დატოვებას“. ამასთან, ორგანიზაციის განმარტებით, მინისტრმა სასამართლოზე ღიად თქვა, რომ ამით მას მედიისა და ჟურნალისტების დასჯა სურდა.
„სამწუხაროდ, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიციები, ასევე მხედველობაში არ მიიღო მოსარჩელის რეალური მიზანი სასარჩელო მექანიზმის სადამსჯელო ღონისძიებად გამოყენებასთან დაკავშირებით და დაადგინა ცილისწამების ფაქტი“.
„დემოკრატიული ინიციატივა“ განსაკუთრებით საგანგაშოდ ტელევიზიისთვის დაკისრებული თანხის ოდენობას მიიჩნევს და „რომელიც არაგონივრულად მაღალ ოდენობად უნდა შეფასდეს იმ ზიანთან მიმართებით, რომელიც შესაძლოა მინისტრს განეცადა“. „მსგავსი ცილისწამების საქმეზე 15 000 ლარის დაკისრება მედიისათვის, მაშინ როდესაც მეორე მხარეს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირი დგას და გავრცელებული ინფორმაცია ეხება საჯარო ფუნქციების შესრულებას, არ შეესაბამება აქამდე ეროვნულ თუ ევროპულ დონეზე დადგენილ პრაქტიკას“.
ამასთან, ორგანიზაცია ასევე მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მეტად უწყობს ხელს „შიშის გაძლიერებას საზოგადოებაში, რომ ხელისუფლების ნებისმიერი კრიტიკა შეიძლება დაექვემდებაროს პასუხისმგებლობას“. „ხელისუფლებისა და მასთან დაკავშირებული სხვა გავლენიანი პირების წინააღმდეგ გაკეთებული კრიტიკული განცხადებები არაერთხელ ყოფილა სასამართლო დავის დაწყების საფუძველი“, – აცხადებენ „დემოკრატიულ ინიციატივაში“ და დასძენენ, რომ „მსგავსი ტენდენცია არის სასარჩელო მექანიზმის ბოროტად გამოყენება, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების დაშინების გზით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვას“.
„ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან უსაფუძვლო სარჩელების შეტანის ტენდენციის გათვალისწინებით, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ქმნის განსაკუთრებით საშიშ პრეცედენტს, ვინაიდან არსებობს იმის მოლოდინი, რომ საჯარო პირების მხრიდან გაიზრდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მართლმსაჯულების ობიექტად ქცევის შემთხვევები, რაც არსებითად შეუშლის ხელს მედიის წარმომადგენლების საქმიანობას და შექმნის „მსუსხავ ეფექტს“ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისათვის“.
ასევე წაიკითხეთ:
- 08/02/2023 – უზენაესმა სასამართლომ „ტვ. პირველს“ „ცრუ ინფორმაციის უარყოფა“ და მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა
- 30/11/2022 – სასამართლომ „ტვ პირველს“ და მის ჟურნალისტს კახა კალაძისთვის 15 000 ლარის გადახდა დააკისრა
- 05/08/2022 – „ანტიკორუფციულ მოძრაობასა“ და მის წევრებს ცილისწამებისთვის 15 000 ლარის გადახდა დააკისრეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)