არასამთავრობოები გმობენ სასამართლოს მიერ ჟურნალისტების დაჯარიმებას
მედიის თემებზე მომუშავე არასამთავრობოთა გაერთიანება, „მედიის ადვოკატირების კოალიცია“ გმობს „უცხოეთის აგენტებზე“ მმართველი უმრავლესობის მიერ ინიცირებული რუსული ტიპის კანონპროექტების საკომიტეტო განხილვებისას დაკავებული და მოგვიანებით გათავისუფლებული ორი ჟურნალისტის – ინტერნეტგამოცემა „პუბლიკას“ დირექტორის, ზურა ვარდიაშვილისა და ასევე ინტერნეგამოცემა „ტაბულას“ ჟურნალისტის, ბექა ჯიქურაშვილის საქალაქო სასამართლოს მიერ 2 200-2 200 ლარით დაჯარიმებას და აცხადებს, რომ ეს მედიისთვის „მორიგ სახიფათო პრეცედენტს ქმნის“ და „დამაზიანებელია“ მედიაგარემოსთვის.
20 აპრილს გავრცელებულ განცხადებში კოალიცია აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლასა და შეზღუდვას ისახავს მიზნად. კოალიციისვე შეფასებით, ეს „დემოკრატიული პროცესების წინააღმდეგ გადადგმულ მორიგი ნაბიჯია“.
არასამთავრობოები განმარტავენ, რომ ვარდიაშვილი სამართალდამცველებმა უშუალოდ პარლამენტის წინ აქციის მიმდინარეობის დროს დააკავეს, ჯიქურაშვილი კი – ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებისას და გამოძიება მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.
„[მიუხედავად იმისა, რომ] სასამართლოს წარედგინა მტკიცებულებები, რომელიც უტყუარად ადასტურებდა, რომ ბექა ჯიქურაშვილი დაკავების დროს ჟურნალისტური საქმიანობის ახორციელებდა, მისდამი სასამართლოს მხრიდან სამართალდამრღვევად ცნობა ორმაგად საგანგაშოა“, – აცხადებენ კოალიციაში.
არასამთავრობოები ხაზს იმასაც უსვამენ, რომ სასამართლოში ორივე ჟურნალისტის საქმის განხილვა ღამის 05:00 სთ-ზე დასრულდა და ძირითად მტკიცებულებად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავების ოქმი და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლის ჩვენება ჰქონდათ წარმოდგენილი. გარდა ამისა, ზურა ვარდიაშვილის შემთხვევაში, სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და მისი დაკავების ბრძანების გამცემი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძე მოწმის სახით არ დაკითხა.
ამასთან, „არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა წარმოდგენილი სამხრე კამერის ჩანაწერები“. „შესაბამისად, დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშეც ცხადია, რომ მოსამართლე დაეყრდნო მხოლოდ საპატრულო პოლიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ ახსნა-განმარტებებს“.
წინაისტორია
ზურა ვარდიაშვილი და ბექა ჯიქურაშვილი სამართალდამცველებმა „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტების საკომიტეტო განხილვებისას პარალელურად მიმდინარე საპროტესტო აქციისას 2023 წლის 2 მარტს, აქციის მონაწილე კიდევ 34 პირთან ერთად ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ისინი ხელწერილის საფუძველზე მალევე გაათავისუფლეს, თუმცა, მათ მიმართ წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით საქმის წარმოება გაგრძელდა. სასამართლომ გადაწყვეტილება საქმის განხილვიდან სამი კვირის თავზე გამოიტანა და ზურა ვარდიაშვილი 2 200 ლარით 18 აპრილს, ბექა ჯიქურაშვილი კი – იმავე ოდენობის თანხით 19 აპრილს დააჯარიმა.
„პუბლიკას“ ცნობით, ვარდიაშვილის მიმართ შედგენილ სამართალდარღვევის ოქმში წერია, რომ ის „იგინებოდა ხმამაღლა, იყენებდა უწმაწურ სიტყვებს, არ ემორჩილებოდა პოლიციის არაერთგზის კანონიერ მოთხოვნას, რომ გაეთავისუფლებინა გზა“. თავად ვარდიაშვილი არ იზიარებს მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას და აცხადებს, რომ ოქმში მოყვანილი არცერთი გარემოება, ასევე, საქმის განხილვაზე შსს-ს წარმომადგენელთა განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება.
რაც შეეხება, ჯიქურაშვილს, გამოძიების მტკიცებით, იგი „იგინებოდა და ილანძღებოდა უმისამართოდ, აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად კეტავდა გზას, არ ემორჩილებოდა პოლიციას და ხელს უშლიდა სხვა პირების დაკავებაში“. დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)