skip to content
ახალი ამბები

სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ეროვნული მუზეუმის ყოფილი თანამშრომლის სარჩელი

თბილისის საქალაქო სასამართლომ 29 მაისს ნაწილობრივ დააკმაყოფილა კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომლის, ეკატერინე კიკნაძის სარჩელი და მუზეუმს მისთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) განმარტებით, რომელიც სასამართლოში კიკნაძის უფლებებს იცავდა, იგი 2021 წლის ივლისში, ხელოვნების მუზეუმისა და საქართველოს ეროვნული გალერეის მმართველის პოზიციიდან ჯერ ლაბორანტად ჩამოაქვეითეს, 2022 წლის იანვარში კი – ამ პოზიციიდანაც გაათავისუფლეს.

სასამართლომ უკანონოდ სწორედ კიკნაძის ლაბორანტად დანიშვნის გადაწყვეტილება ცნო ბათილად. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მუზეუმმა მას კომპენსაციის სახით 5 000 ლარი და იძულებით განაცდური ხელფასი უნდა აუნაზღაუროს.

ეკატერინე კიკნაძე სარჩელით სამსახურში აღდგენასაც ითხოვდა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მოსარჩელე დავას სააპელაციო სასამართლოში განაგრძობს.

„საიას“ განცხადებით, ეკატერინე კიკნაძე ერთ-ერთია იმ პირებს შორის, რომლებიც კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის „უსამართლო საკადრო პოლიტიკას“ აპროტესტებდა.

ეროვნული მუზეუმის გამოხმაურება

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გუშინვე Facebook-ზე გამოეხმაურა ეროვნული მუზეუმიც და ხაზი გაუსვა, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა კიკნაძის სამსახურში აღდგენის, ასევე „განაცდურის ანაზღაურების, პირდაპირი დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისა და დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგად 3 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე“ მოთხოვნა.

„შესაბამისად, კიკნაძე სასამართლო დავის ძირითად ნაწილში დამარცხდა, რაც მას შეუძლია გაასაჩივროს ზემდგომ ინსტანციაში“, – აცხადებენ მუზეუმში და დასძენენ, რომ ისინი კიკნაძისთვის გადასახდელი კომპენსაციის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებაზე იმსჯელებენ.

მსგავსი შინაარსის განცხადების ეროვნული მუზეუმის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებას, პოსტის კომენტარებში საზოგადოების ნაწილის პროტესტი და კრიტიკა მოჰყვა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button