Placeholder canvas
XX საუკუნერესპუბლიკის ამბები

დღის წესრიგშია კონსტიტუცია, ეროვნული საკითხი

(ერთობა, N116, 7 ივნისი, 1918) საფრონტო ამბებთან ერთად ახლადშექმნილი რესპუბლიკა სახელმწიფოებრიობის მშენებლობას შეუდგა. მის წინაშე მდგარი საკვანძო ამოცანებს 7 ივნისის “ერთობა” ორი მოწინავე სტატიით ეხმიანება:

ჩვენი კონსტიტუცია

საქართველოს რესპუბლიკა სახელმწიფოებრივ საზღვრების შექმნასთან ერთათ უნდა შეუდგეს ძირითათ კანონების შემუშავებასაც. ეროვნულ საბჭოს დადგენილებით ჩვენს ტერიტორიაზე დროებით რუსეთის და ამიერკავკასიის ყოფილ რესპუბლიკის კანონებია ძალაში დატოვებული. ასეთი მდგომარეობა დიდხანს ვერ გაგრძელდება. საქართველომ უნდა შექმნას საკუთარი კანონები – კონსტიტუცია.

ასეთს მუშაობას ახლავე უნდა შეუდგეს ის საკონსტიტუციო კომისია, რომელიც უკვე არჩეულია ეროვნულ საბჭოს მიერ.

არაფერი არის ისე ადვილი, როგორც კონსტიტუციის პროექტის შედგენა. მრავალი მეცნიერული შრომა არსებობს ამ საგნის შესახებ, ჩვენ შეგვიძლია ვისარგებლოთ გამოცდილებით, ევროპის და ამერიკის მაგალითებით და ყოვლის მხრით უნაკლულო კანონ-პროექტი შევადგინოთ. ეროვნული საბჭოც და მომავალი დამფუძნებელი კრება, თუ ის გარეშე მტერმა არ დაიმორჩილა, უეჭველია დაადასტურებს ასეთს პროექტს და ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია სანიმუშო და მისაბაძი გახდება ყველა ქვეყნის სახელმწიფოსათვის.

მაგრამ ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ დაწერილი კონსტიტუცია. დაწერილ კონსტიტუციას კი თავის თავათ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს […] ლასალის კლასიკურ განმარტებით, კონსტიტუცია – რეალურ ძალთა განწყობილებაა, ფაქტიურ ურთიერთობის, არსებულ დამოკიდებულების გამოხატულებაა. ასეთი ძალის გარეშე კონსტიტუცია ცარიელი სიტყვებია, დაწერილი ქაღალდის ნაფლეთია.

ამიტომ მთელი ჩვენი ყურადღება აქეთკენ უნდა იქნეს მიმართული. ჩვენ ერთი წუთითაც არ უნდა დავივიწყოთ, რომ საჭიროა ისეთი ურთიერთობის დამყარება, რომელიც ხალხის უმრავლესობის თანაგრძნობას მოიპოვებს და მთელს ხალხს დაემყარება. […]

ეროვნული საკითხი ჩვენში

საქართველო საბოლოოთ ჩამოშორდა რუსეთს. ჩვენი ქვეყანა დღეს დამოუკიდებელი რესპუბლიკაა, ის ისეთივე სუვერენული უფლებებით სარგებლობს, როგორც ყველა სხვა სახელმწიფოები. ამ მხრით ეროვნული კითხვა ჩვენთვის აღარ არსებობს. მაგრამ ეს არის საქმის ერთი მხარე. ჩვენ ჩამოვშორდით რუსეთს და ამიტომ მის შევიწროვებას აღარ განვიცდით.

საუბედუროთ, ეს კიდევ არ ნიშნავს იმას, ვითომ ჩვენ ამ მხრით სავსებით უზრუნველყოფილნი ვიყვეთ. დამოუკიდებელ სახელმწიფოს დაარსებით ჩვენ იურიდიულათ თითონ გავხდით ისეთი გაბატონებული ერი, როგორიც ჩვენთან დამოკიდებულებაში რუსი ერი იყო. მაგრამ ჩვენი უპირატესობა მხოლოდ იურიდიული ხასიათისაა. პრაქტიკულათ, კი ჩვენ უნდა გამოვძებნოთ მართველობის ისეთი ფორმა, რომელიც უზრუნველჰყოფს ჩვენი ქვეყნის წარმატებას და იმავე დროს ხელს არ შეუშლის ჩვენში მოსახლე სხვა ერების თავისუფალ განვითარებას და აღორძინებას.

ეს კი ადვილი საქმე არ არის. ჯერ ერთი ის, რომ ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ომის ალშია გახვეული და ხვალინდელი დღე რას მოგვიტანს ჩვენ ან ჩვენს მეზობლებს, არავინ იცის. […] რასაკვირველია, ხალხი, დემოკრატია ობიექტურათ მაინც, სულაც არ არის დაინტერესებული ნაციონალისტების ავანტიურას აჰყვეს და თავი საფრთხეში ჩაიგდოს. მაგრამ ობიექტური მდგომარეობა კიდევ არ ნიშნავს, რომ დემოკრატია მართლა გონივრულათ მოიქცევა და მოქმედების სწორ გზას არ გადაუხვევს.

[გაზეთს მოჰყავს ავსტრიის მაგალითი, რომელიც “დაუსრულებელ ეროვნულ შეხლა შემოხლის ასპარეზათ” გადაქცეულა, მაგრამ “მიუხედავად შეხლა-შემოხლისა” მაინც ძლიერია თუ პატრიოტიზმი არა “პატრიოტიზმები” მაინც” და რომ “ყველა ერი სულით და გულით უწყობს ხელს ამ სახელმწიფოს მოწყობას და გაძლიერებას.”]

საუბედუროთ, ჩვენში მცხოვრებ უცხო ერებს ვერ მოვთხოვთ ასეთს შეგნებას, ერთობ დაბლა დგანან ისინი კულტურის საფეხურზე და არსებულ გარდამავალ ხანაში მათგან არ უნდა მოველოდეთ მამულიშვილურ გრძნობების აღტყინებას.

ამიტომ ორმაგათ გონივრული და წინდახედული უნდა იყოს ჩვენი რესპუბლიკის ეროვნული პოლიტიკა. ერთის მხრივ ჩვენ უდა ვაგრძნობინოთ ჩვენში მოსახლე სხვა ერებს, რომ აქ უზრუნველყოფილია მათი ადამიანური და მოქალაქეობრივი თავისუფლება – თანასწორობა. მაგრამ ამავე დროს, ჩვენ თავიდანვე უნდა ვაგრძნობინოთ ჩვენი ძალა იმ ელემენტებს, რომელნიც აბუჩად გვიგდებენ და ისე კი არ იქვევიან, როგორც მოქალაქენი, არამედ როგორც თავხედი სტუმრები.

ამ საქმეში ორ სკამზე ჯდომა და ქანაობა მხოლოდ ზარალს მოგვიტანდა და სხვას არაფერს.

Back to top button