კობახიძე ევროკავშირის ელჩს ‘დიპლომატიური რეაგირებით’ ემუქრება
მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესის შეჩერებაზე გააკეთა განცხადება, ირაკლი კობახიძემ დაიცვა პარტიის პოზიცია, ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი „დეზინფორმაციის“ გავრცელებაში დაადანაშაულა და საპასუხო ნაბიჯებით დაემუქრა, თუ „ქცევის ცვლილება არ იქნება ელჩის მხრიდან“.
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ 29 ნოემბერს განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეწყვეტის შესახებ „ძალიან სამწუხარო“, „ძალიან სავალალო“ და „გულსატკენია“. „ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველამ სრულიად ახალ რეალობაში გავიღვიძეთ“, – განუცხადა ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს 29 ნოემბერს. ფართო საზოგადოებრივი პროტესტისა და საჯარო სამსახურში მზარდი უთანხმოების ფონზე, მმართველი პარტია ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება, რომ გუშინდელი განცხადება უბრალო შეფერხებას გულისხმობდა, რომლის გამოწვევიც ევროკავშირია, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი ბრალი აღიაროს, რომ უარი თქვა ევროკავშირის პირობების შესრულებაზე და ევროკავშირის პრინციპებისა და ღირებულებების საწინააღმდეგო კანონმდებლობა მიიღო.
- 18/11/2024 – ევროკომისია ცხრა ნაბიჯის განხორციელებას აფასებს, ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრები კი საქართველოზე იმსჯელებენ
- 30/08/2024 – ბორელი: ევროკავშირი საქართველოს ტრაექტორიით უაღრესად, სულ უფრო მეტად შეშფოთებულია
- 09/07/2024 – ჰერჩინსკი: ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია, თავდაცვის სამინისტროს დახმარება გაყინული, ხოლო ურთიერთობები დაბალ დონეზეა
„მიუღებელია, რომ სრულიად არაფრისმომცემი მოლაპარაკებების გახსნის საკითხი ჩვენი ქვეყნის შანტაჟისა და საზოგადოების გახლეჩის ინსტრუმენტად გამოიყენება. ამის გათვალისწინებით, ჩვენი მხრიდან მოლაპარაკებების გახსნის საკითხის დღის წესრიგიდან დროებით მოხსნას ექნება ერთადერთი პრაქტიკული შედეგი – ამ საკითხს ქვეყნის დასაშანტაჟებლად და საზოგადოების გასახლეჩად ვეღარავინ გამოიყენებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას მოჰყვა „დეზინფორმაციული კამპანია“ ოპოზიციის და მასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის მხრიდან. „მათ საზოგადოებას უთხრეს ტყუილი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა“, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ დეზინფორმაციულ კამპანიაში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკიც ჩაერთო. „ბატონი პაველ ჰერჩინსკი, რომელიც არჩევნების წინ ამტკიცებდა, რომ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი შეჩერებული იყო, ახლა ამტკიცებს, რომ ეს პროცესი თურმე საქართველოს ხელისუფლებამ შეაჩერა“, – განაცხადა კობახიძემ.
„გარკვეული დროის განმავლობაში, ჩვენ თავს ვარიდებდით ამგვარ მოვლენებზე დიპლომატიურ რეაგირებას, თუმცა, ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი და თუ ქცევის ცვლილებას არ ვიხილავთ, მომავალში ამგვარ ფაქტებზე, როგორც ევროკავშირის ელჩის, ისე სხვა შესაბამისი ელჩების მიმართ, რეაგირება აუცილებლად გვექნება. საუბარია დიპლომატიურ რეაგირებაზე“, – დასძინა პრემიერ-მინისტრმა.
ასევე წაიკითხეთ:
- 29/11/2024 – დიპლომატების ერთობლივი წერილი: ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეწყვეტა ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს ეწინააღმდეგება
- 28/11/2024 – პრეზიდენტი „საკონსტიტუციო გადატრიალების“ წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)