ევროკომისია ცხრა ნაბიჯის განხორციელებას აფასებს, ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრები კი საქართველოზე იმსჯელებენ
მაშინ როცა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 18 ნოემბერს საქართველოზე მსჯელობისთვის ემზადებიან, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ევროკომისიის მიერ გასულ წელს ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ დასახული ცხრა ნაბიჯის განხორციელების შეფასება გამოაქვეყნა. ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი იმ პირობით მიენიჭა, რომ საჭირო ცხრა ნაბიჯი განხორციელდებოდა.
„საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას არ მოჰყვა ხელისუფლების მხრიდან საკმარისი პოლიტიკური ნება ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ქვეყანაში აუცილებელი რეფორმების განსახორციელებლად. იმ შემთხვევაში, თუ საქართველო არ შეიცვლის იმ კურსს, რომელიც საფრთხეს უქმნის ევროკავშირში მის ინტეგრაციას და არ მიიღებს რეალურ ზომებს არსებული პრობლემების გადასაჭრელად და მნიშვნელოვანი რეფორმების განსახორციელებლად, ევროკომისია ვერ შეძლებს საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე რეკომენდაციის გაცემის საკითხის განხილვას“, – აცხადებს ევროკავშირის წარმომადგენლობა.
ევროკომისიის შეფასება თითოეული ნაბიჯის განხორციელების შესახებ ასეთია:
- ნაბიჯი 1 (დეზინფორმაციასთან და უცხოურ ინფორმაციულ მანიპულირებასთან ბრძოლა): ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის და ინფორმაციით მანიპულირების მოცულობა გაიზარდა. ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული გზავნილები რეგულარული გახდა;
- ნაბიჯი 2 (ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობის გაუმჯობესება): ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისა და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებებთან ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის მაჩვენებელი არ შეცვლილა და კვლავაც დაბალია (50%-ზე ნაკლები);
- ნაბიჯი 3 (პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის მოგვარება): პოლიტიკური პოლარიზაცია მეტად გაღრმავდა. მრავალპარტიული თანამშრომლობა ძალიან შეზღუდული იყო და ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ მუქარა გაგრძელდა;
- ნაბიჯი 4 (თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა): ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიამ არაერთი ხარვეზი და სისუსტე გამოავლინა. ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმა ჯერ კიდევ არ განხორციელებულა;
- ნაბიჯი 5 (საპარლამენტო ზედამხედველობის გაუმჯობესება და ინსტიტუციური დამოუკიდებლობა): უსაფრთხოების სამსახურებზე საპარლამენტო ზედამხედველობა არასაკმარისი იყო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა შემცირდა. გადაიდგა გარკვეული პოზიტიური ნაბიჯები კომუნიკაციების კომისიასთან დაკავშირებით;
- ნაბიჯი 6 (ყოვლისმომცველი და ეფექტური სასამართლო რეფორმის უზრუნველყოფა): ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებები არ მოიცავს სასამართლო რეფორმის განსახორციელებელ ერთიან და ეფექტიან მიდგომას (პროკურატურის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები ევროპულ სტანდარტებს არ შეესაბამება);
- ნაბიჯი 7 (ანტიკორუფციული ბიუროს ეფექტურობის უზრუნველყოფა): ანტიკორუფციულ ბიუროს არ გააჩნია დამოუკიდებლობის საკმარისი ხარისხი და მეტი ძალისხმევაა საჭირო მაღალი დონის კორუფციასთან გასამკლავებლად და ფართომასშტაბიანი პირადი ინტერესების დასაძლევად;
- ნაბიჯი 8 (დეოლიგარქიზაციისადმი სისტემური მიდგომის უზრუნველყოფა): გარკვეული წინსვლა აღინიშნა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელებაში. ოფშორული თანხების საქართველოში გადასახადის გარეშე გადარიცხვა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას არ შეესაბამება;
- ნაბიჯი 9 (ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესება და სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი ჩართულობის უზრუნველყოფა): კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ძირს უთხრის ძირითად უფლებებს და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე შემზღუდველად მოქმედებს. კანონი ოჯახის ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ ძირითად უფლებებს ლახავს და მტრული გარემოს შექმნას, სტიგმატიზაციას და დისკრიმინაციას უწყობს ხელს.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს, 18 ნოემბერს იკრიბებიან, რათა საქართველოზე იმსჯელონ. დისკუსია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ფართო გაყალბების ბრალდებების ფონზე იმართება. მოსალოდნელია, რომ დღის წესრიგის მთავარი საკითხი საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე ევროკავშირის რეაგირება იქნება.
ჟურნალისტებთან საუბრისას, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ იგი გამოვა ინიციატივით, რომ „შეწყდეს იმ პროგრამების მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერა, რომელიც ხელისუფლებისკენ მიემართება. 100 მილიონ ევროზე მეტი გაიყინება და მთავრობის ნაცვლად, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს გამოეყოფა“.
მან ასევე განაცხადა, რომ „საქართველოს ხალხი კვლავ მიიღებს ევროკავშირის მხარდაჭერას“ და აღნიშნა, რომ მაშინ, როცა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია, სანამ ხელისუფლება არ დაუბრუნდება ევროკავშირის გზას, ევროკავშირის სახსრები მოხმარდება „იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი თავისუფლებისთვის იბრძვიან“.
ასევე წაიკითხეთ:
- 30/10/2024 – ევროკომისიამ გაფართოების მეორე ანგარიში გამოაქვეყნა
- 15/10/202 – ბორელი: „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი ქმედებები ავტორიტარიზმისკენ გადასვლაზე მიანიშნებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)