skip to content
ახალი ამბები

დიპლომატების ერთობლივი წერილი: ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეწყვეტა ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს ეწინააღმდეგება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ათობით თანამშრომელი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეწყვეტის შესახებ ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურა. ისინი გამოხატავენ თავიანთ ერთგულებას საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ გაფართოების ფანჯარა, რომელიც ახლა ღიაა, შესაძლოა აღარასოდეს გაიხსნას. მათივე თქმით, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების პროცესის გაჩერება ქვეყნის იზოლაციას გამოიწვევს.

დიპლომატები ხაზს უსვამენ, რომ მათ უმთავრეს მოვალეობას წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა და კონსტიტუციის ერთგულება. ისინი აღნიშნავენ, რომ წლების განმავლობაში, ქართული დიპლომატია მიმართავდა სრულ ძალისხმევას საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გასაწევრიანებლად, რაც „ქართველი ხალხის ნება და ისტორიული არჩევანია“. „დღევანდელი განცხადება, 2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ, არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

დიპლომატების თქმით, ევროკავშირის გაფართოების ტალღა, რომელიც საქართველოსთვის „უპრეცედენტო ისტორიულ შესაძლებლობას წარმოადგენს,  დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს, საერთაშორისო პოლიტიკური მოვლენებით არის განპირობებული“. ისინი აღნიშნავენ, რომ შესაძლებელია, რომ მსგავსი ხელსაყრელი გარემოება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების თვალსაზრისით აღარ შეიქმნას.  „დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე, საქართველო პირისპირ რჩება იმ საფრთხეების წინაშე, რომლებიც განსაკუთრებით გაძლიერებულია საერთაშორისო და უსაფრთხოების გარემოში მიმდინარე პროცესების ფონზე“, – აცხადებენ დიპლომატები.  

„მიგვაჩნია, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ამოღება პოლიტიკური დღის წესრიგიდან წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან“, – ნათქვამია განცხადებაში. „ჩვენ,  ერთგული ვრჩებით საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button