პაპუაშვილი: ევროკომისიის ანგარიში აჩვენებს, რომ საქართველო პროგრესირებს ევროკავშირში წევრობის გზაზე
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 31 ოქტომბერს ბრიფინგი გამართა ევროკომისიის უახლეს გაფართოების ანგარიშსა და საქართველოში არჩევნების გაყალბების შესახებ ბრალდებებთან დაკავშირებით.
ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის შესახებ
ევროკომისიის გაფართოების ანგარიშზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საქართველო „პროგრესირებს ევროკავშირში წევრობის გზაზე“. მან აღნიშნა, რომ მმართველი პარტია „დადებითად აფასებს ანგარიშს“ და დასძინა, რომ ევროკომისიის თანახმად, საქართველომ „კარგი პროგრესი“ აჩვენა 12 თავზე, ხოლო გარკვეული პროგრესი – 13 თავზე. „ეს არის იმის ძალიან მკაფიო დასტური, რომ მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების გამო საქართველოს ჰქონდა შეზღუდული დრო საპარლამენტო საქმიანობისთვის და მიუხედავად ოპოზიციის და ენჯეოს სექტორის მუდმივი ობსტრუქციისა საქართველო დგამდა მნიშვნელოვან ნაბიჯებს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა მან.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ 35 თავიდან, მხოლოდ ერთი თავის შემთხვევაში, რომელიც მართლმსაჯულებას და ფუნდამენტურ უფლებებს შეეხება, ევროკომისიის შეფასებით არის უკუსვლა. მისი თქმით, ამგვარი შეფასების ძირითად მიზეზად ანგარიშში ევროკომისია ასახელებს გენდერული კვოტირების გაუქმებას, „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებას, „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღებას და ლგბტ პრაიდის ვერ ჩატარებას. პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს შეფასება თანაბარია უკრაინას და მოლდოვას შეფასებისა, ხოლო „ფუნდამენტურ საკითხთა ჯგუფში“, საქართველო უსწრებს მოლდოვასაც და უკრაინასაც.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ის ფაქტი, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის უთანხმოებაა აღნიშნულ კანონებთან დაკავშირებით, ახალი არ არის და დასძინა, რომ ქართულმა საზოგადოებამ არჩევნების შედეგებით აჩვენა თავისი პოზიცია ამ კანონებთან დაკავშირებით. „ჩვენ გავაგრძელებთ ამ საკითხებზე ევროკავშირთან საუბარს, საქართველოს მოქალაქეების ამ პოზიციის გათვალისწინებით“, – აღნიშნა მან.
პაპუაშვილის თქმით, საქართველო ასევე ლიდერობს შიდა ბაზრისა და კონკურენტუნარიანობის ჯგუფების საერთო შეფასებაშიც, „რაც არის ევროკავშირის, როგორც ორგანიზაციის მთავარი არსი“. „ამრიგად, საერთო შეფასების გათვალისწინებით, საქართველო კვლავ სოლიდურად უსწრებს მოლდოვას, ხოლო უკრაინას მხოლოდ სამ ჯგუფში – საგარეო ურთიერთობები, მწვანე დღის წესრიგი და რესურსები – ჩამორჩება“.
პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ეს 35 თავი „საქართველოს ევროპული გზაა“, რომელზეც ქვეყანა წინ მიიწევს. მან „ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენელი“ ამ პროცესის პოლიტიზირებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ „ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ამგვარი წინდაუხედავი მიდგომა ევროინტეგრაციას თანამშრომლობის ინსტრუმენტიდან პოლიტიკურ იარაღად აქცევს, რაც სამწუხაროდ, საბოლოო ჯამში, თავად ევროინტეგრაციის პროცესს და ევროკავშირის რეპუტაციას აზიანებს“.
პაპუაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ბოლო პერიოდში ხშირად გამოყენებული ტერმინები“, როგორიცაა „ევროინტეგრაციის შეჩერება“ ან „გაყინვა“ უფრო პოლიტიკური განცხადებაა, ვიდრე ინსტიტუციური მდგომარეობა და ის ფაქტი, რომ ევროკომისიამ საქართველოს გაფართოების ანგარიშშე იმუშავა და რეკომენდაცია გასცა იმის მაუწყებელია, რომ ევროინტეგრაცია „არ შეჩერებულა და ვერც შეჩერდება“.
არჩევნების შესახებ
რაც შეეხება არჩევნების გაყალბების ბრალდებებს, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლებმა ადრე აღნიშნეს, რომ არჩევნების შეფასებისას ეუთო/ოდირის ანგარიშს დაეყრდნობოდნენ, ახლა ისინი ამაზე უარს ამბობენ. მისი თქმით, სადამკვირვებლო მისიამ არჩევნებს დადებითი შეფასება მისცა და მხოლოდ რამდენიმე დარღვევა ახსენა, მათ შორის ის, რომ „ეუთო/ოდირის დასკვნაში აისახა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის აქტივობები, როგორც ადმინისტრაციული რესურსი“ [საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის (IEOM) შეფასებაში, ფაქტობრივად, საერთოდ არ იყო ნახსენები პრეზიდენტის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, თუმცა აღნიშნულია, რომ პრეზიდენტმა აქტიური როლი ითამაშა კამპანიაში, როდესაც ოპოზიციასთან წინასაარჩევნო კოალიციების და მომავალი მთავრობის დაკომპლექტების შესახებ საჯარო კონსულტაციები გამართვა, რითიც გასცდა თავის მანდატს, რომ ნეიტრალური არბიტრის როლი ითამაშოს სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის“].
პაპუაშვილის თქმით, ქართული ოცნების წარმომადგენლები გაესაუბრნენ ეუთო/ოდირის დამკვირვებლებს და მათ მიერ ნახსენები დარღვევები იყო: უბნებზე კამერების დაყენება, კოორდინატორების დახმარებით ამომრჩეველთა მობილიზება და მერების ჩართვა კამპანიის პროცესში. თუმცა, მან აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ეს საკითხები „არ არღვევს საქართველოს კონსტიტუციას“ და ყოველთვის იყო და იქნება საქართველოში არჩევნების ნაწილი.
აღნიშნა რა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიაშვილია ის, ვინც ამტკიცებს, რომ არჩევნების დროს ბევრი დარღვევა იყო, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ის „მტკიცებულებებს არ წარადგენს და მოუწია უკვე აშშ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანს იმის ხაზგასმა, რომ თუ ბრალს დებ, მტკიცებულებებიც უნდა წარადგინო“.
ერთი დღით ადრე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ მოელის საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გამჭვირვალე გამოძიებას არჩევნების გაყალბების ბრალდებებთან დაკავშირებით. ამ პროცესში პრეზიდენტის ჩართულობასთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამ საკითხის შესახებ თავად უნდა ისაუბროს, თუმცა, „თუკი მას დარღვევების შესახებ გამოძიებისთვის ინფორმაციის მიწოდება შეუძლია, ასეც უნდა მოიქცეს, მიუხედავად იმისა ამ გამოძიებას ქართული უწყება განახორციელებს თუ სხვა“.
- 30/10/2024 – პრეზიდენტი პროკურატურას აკრიტიკებს და არჩევნების გაყალბების დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვს
პაპუაშვილმა განაცხადა, რომ სხვა მტკიცებულება რომ ვერ აღმოაჩინეს, არჩევნებიდან ხუთი დღის შემდეგ თქვეს, რომ თურმე მელანს გაუჟონია და „ახლა ეს არის მათი ხელმოსაჭიდი ხავსი“. მან აღნიშნა, რომ ბიულეტენები კონვერტში იდო, რომელიც მალავდა მარკირებას, და რომ ყველა დაინტერესებულმა მხარემ იცოდა ამის შესახებ, თუმცა, არანაირი პრეტენზია არ ჰქონიათ.
„ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას აღიარონ ეუთო/ოდირის დასკვნა, ვერ გაექცევიან ვერც ამ დასკვნას და ვერ გაექცევიან იმ 1 120 000-მდე ამომრჩეველს, რომელმაც ხმამაღლა, მკაფიოდ დაუჭირა მხარი არა უბრალოდ „ქართულ ოცნებას“, არამედ „ქართული ოცნების“ მიერ გატარებულ პოლიტიკას და მომავალ გეგმებს, ასე რომ ეს არის დემოკრატია და ყველა შეეგუოს და აღიაროს დემოკრატია“, – დასძინა პაპუაშვილმა.
ასევე წაიკითხეთ:
- 28/10/2024 – პაპუაშვილი არჩევნების გაყალბების თაობაზე ოპოზიციისა და არასამთავრობოების ბრალდებებს უარყოფს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)