პრემიერ-მინისტრ კობახიძეს ბაიდენის მიღებაზე მიწვევა გაუუქმეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს 25 სექტემბრის მიღებაზე, სადაც მსოფლიო ლიდერები და გაეროს მაღალი რანგის ოფიციალური პირები იკრიბებიან, მიწვევა გაუუქმა. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ „სამოქალაქო საქართველოს“ დაუდასტურა. საქართველოს დელეგაცია კობახიძის ხელმძღვანელობით გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიას ესწრება.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრ კობახიძის მიწვევა გაეროს გენერალური ასამბლეის საშემოდგომო სესიასთან დაკავშირებულ ტრადიციულ მიღებაზე გაუქმდა, პირველად „ამერიკის ხმის“ ქართულმა სამსახურმა თეთრი სახლისა და კონგრესის ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა.
„ამერიკის ხმა“ იტყობინება თეთრი სახლის წყაროზე დაყრდნობით, რომ „საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ქმედებები და განცხადებები, დემოკრატიისა და ქართველი ხალხის ნების მიმართ შოკისმომგვრელ უპატივცემულობაზე მიუთითებს“.
„ამერიკის ხმის“ ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც უკანასკნელმა კომუნიკაციამ საქართველოს მთავრობასთან, არ მისცა ამერიკის ადმინისტრაციას იმედი, რომ თბილისი კურსს შეიცვლის. აშშ-ის ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების განცხადებები და ქმედებები „საქართველოს მეტ იზოლირებას ახდენს დასავლეთისგან“. ამ განცხადებას წინ უძღოდა ელჩის შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, სადაც ამ უკანასკნელმა აღნიშნა, რომ საქართველოს სამართალდამცველების მიმართ სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილებით „ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა“.
„სამოქალაქო საქართველოსთვის“ მიცემულ წერილობით კომენტარში, აშშ-ის საელჩომ განაცხადა: „ბაიდენის ადმინისტრაციამ გააუქმა პრემიერ-მინისტრ კობახიძის მოწვევა გაეროს გენერალური ასამბლეის ყოველწლიურ მიღებაზე და უარი თქვა ქართულ დელეგაციასთან შეხვედრაზე და ამის მიზეზი საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებების, აშშ-ისა და დასავლეთის შესახებ დეზინფორმაციისა და ნეგატიური რიტორიკის შესახებ მზარდი წუხილებია“.
განხეთქილება ღრმავდება
წლის დასაწყისში, აშშ-ის ხელისუფლებამ საქართველოსთან ურთიერთობის ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო მას შემდეგ, რაც ქვეყანამ „უცხოელი აგენტების“ შესახებ სადავო კანონი მიიღო. რუსული სტილის კანონი სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმების ინსტრუმენტად განიხილება.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა ათობით ქართველ ოფიციალურ პირს და სხვა ინდივიდუალურ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქვეყანაში დემოკრატიის შელახვაზე. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ასევე დაუწესა სანქციები საქართველოს შსს-ს ორ თანამშრომელს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საპროტესტო აქციების დროს მოქალაქეების სასტიკ დარბევაზე, ასევე „ალტ-ინფოსთან“ ასოცირებულ ორ პირს.
გასულ კვირას „ამერიკის ხმამ“ თავის წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და აშშ-ის ხაზინა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტს ამზადებენ. ჯერჯერობით უცნობია, როდის ამოქმედდება ეს პაკეტი. წყარომ „ამერიკის ხმას“ განუცხადა, რომ აშშ-ს აქვს ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილმა გადადგა ნაბიჯები, რათა „განევითარებინა ურთიერთობები რუს ოლიგარქებთან, გადადგა ნაბიჯები, რათა რუსეთისთვის მიეცა უკეთესი წვდომა საქართველოს ბაზრისთვის. ფაქტობრივად, მან გარკვეული ქმედებები რუსეთის სადაზვერვო სამსახურის მითითებით გაატარა”.
ნიუ-იორკში ყოფნისას პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ ქართულ მედიას განუცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ „შანტაჟი გრძელდება“. მისი თქმით, ამის მიზანია „ბიძინა ივანიშვილი აიძულოს გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს“, მაგრამ დასძინა, რომ „ეს შანტაჟი განწირულია წარუმატებლობისთვის“.
შენიშვნა: მასალა განახლდა 25 სექტემბერს, 16:26 საათზე და მას აშშ-ის საელჩოს კომენტარი დაემატა.
ასევე წაიკითხეთ:
- 19/09/2024 – პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სანქციებზე, ოპოზიციაზე, არჩევნებსა და აგვისტოს ომის გამო ბოდიშის მოხდის განზრახვაზე საუბრობს
- 18/09/2024 – დანიგანი: კობახიძის განცხადება, რომ აშშ „კრიტიკულ ზღვარს“ მიუახლოვდა, საქართველოს იზოლირებას ახდენს
- 06/09/2024 – სენატორი შაჰინი: „ქართულ ოცნებას“ სურს, რომ საქართველოში დიქტატურა იყოს და არა დემოკრატია
- 09/08/2024 – პრეზიდენტი ბაიდენი „იმედგაცრუებულია“ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით და ცრუ განცხადებებით
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)