skip to content
ახალი ამბები

დანიგანი: კობახიძის განცხადება, რომ აშშ „კრიტიკულ ზღვარს“ მიუახლოვდა, საქართველოს იზოლირებას ახდენს

 აშშ-ის ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა 18 სექტემბერს განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება „საქართველოს იზოლირებას ახდენს“. მას მხედველობაში ჰქონდა პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ წინა დღეს ორმხრივი შეხვედრის დროს გაკეთებული განცხადება, სადაც კობახიძემ ელჩი გააფრთხილა, რომ აშშ ახალი სანქციების დაწესებით „კრიტიკულ ზღვარს“ მიუახლოვდა და რომ კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საქართველომ შესაძლოა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საკუთარ პოზიციას „გადახედოს“.

„საქართველოს ხელისუფლების ქმედებები, ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ქმედებები, დეზინფორმაცია აშშ-სა და დასავლეთის შესახებ და განცხადებები, როგორც პრემიერმა გუშინ გააკეთა – არც ერთი არ ეხმარება საქართველოს ან ქართველ ხალხს. ქმედებები და განცხადებები, რომელიც საქართველოს კიდევ უფრო  იზოლირებას ახდენს დასავლეთისგან, ევროპისგან და შეერთებული შტატებისგან, არ არის ქართველი ხალხის ინტერესებში“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ქართველი ხალხის „დიდმა უმრავლესობამ თქვა, რომ მათი მომავალი ევროპასთან და დასავლეთთან ერთადაა, და ქმედებები და განცხადებები, რომლებიც საქართველოს იზოლირებას ახდენს, ამ მიზანს არ ემსახურება. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ მსოფლიოში არ არსებობს აშშ-ზე ძლიერი მხარდამჭერი ქართველი ხალხისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას და გავაგრძელებთ დახმარებას საქართველოს გახდეს უფრო ძლიერი, ეკონომიკურად უფრო აყვავებული ქვეყანა, რომელიც იქნება ევროკავშირის წევრი, და განცხადებები, რომელიც საქართველოს შეერთებული შტატებისგან იზოლირებას ცდილობს, არავისთვისაა სასარგებლო“.

კობახიძისა და დანიგანის შეხვედრა

17 სექტემბერს აშშ-ის ელჩი პრემიერ-მინისტრს შეხვდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დემოკრატიის შელახვისთვის 64 ქართველს ფინანსური სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესრელიზის თანახმად, კობახიძემ შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების გამო.

„აღინიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს“, – ნათქვამია პრესრელიზში. „შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით მიღებული გადაწყვეტილება წინასაარჩევნოდ ოპოზიციის შანსების გაუმჯობესებაზეა გათვლილი, თუმცა, ის სრულიად კონტრპროდუქტიულია, რადგან, სინამდვილეში, ვერც ოპოზიციის საარჩევნო შედეგს წაადგება და ვერც მმართველ გუნდს შეაშინებს“.

ამავე პრესრელიზის თანახმად, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით მიღებული გადაწყვეტილება კიდევ უფრო გააძლიერებს საზოგადოების მოტივაციას, 26 ოქტომბერს მტკიცედ დადგეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დასაცავად“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button