მედიის ინფორმაციით, აშშ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტს ამზადებს
„ამერიკის ხმის“ ქართული სამსახური იტყობინება, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და აშშ-ის ხაზინა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტს ამზადებენ.
„ამერიკის ხმა“ იტყობინება „მაღალი თანამდებობის პირზე“ დაყრდნობით, რომელიც მას ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრა, რომ „აშშ-ს მთავრობას აქვს მომზადებული სანქციების პაკეტი და მზად არის მიიღოს ის“, თუმცა, მისივე თქმით, ჯერჯერობით უცნობია, როდის ამოქმედდება ეს პაკეტი, 26 ოქტომბრის არჩევნებამდე თუ მის შემდეგ.
კიდევ ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა: „„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მან [ბიძინა ივანიშვილმა] გადადგა ნაბიჯები, რათა განევითარებინა ურთიერთობები რუს ოლიგარქებთან, გადადგა ნაბიჯები, რათა რუსეთისთვის მიეცა უკეთესი წვდომა საქართველოს ბაზრისთვის. ფაქტობრივად, მან გარკვეული ქმედებები რუსეთის სადაზვერვო სამსახურის მითითებით გაატარა”. წყაროს ინფორმაციით, სანქციები ეფუძნება 14024-ე განკარგულებას, რომელიც ითვალისწინებს ფართომასშტაბიან სანქციებს „რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების კონკრეტულ მავნე საგარეო საქმიანობასთან დაკავშირებით“.
ოფიციალურ მსჯელობებში ჩახედულმა ანონიმურმა წყარომ „ამერიკის ხმას“ დაუდასტურა, რომ „ლოგიკურია“ იმის დაშვება, რომ სანქციების მომზადება არის სიგნალი: „[პრეზიდენტ] ბაიდენის გარემოცვა ცდილობს აჩვენოს სერიოზულობა და იმედი აქვთ, რომ ვინმე საქართველოს მთავრობაში მათ სერიოზულად მოუსმენს“, – უთხრა წყარომ „ამერიკის ხმას“.
„ჯერ უცნობია, თუ და როდის იქნება [პაკეტი] ამოქმედებული. მაგრამ ამისთვის საჭირო სამუშაო შესრულებულია“, – განუცხადა ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა წყარომ „ამერიკის ხმას“, იმის მითითებით, რომ ადმინისტრაცია ჯერ კიდევ იტოვებს იმედს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება დემოკრატიულ კურსს.
რამდენიმე დღის წინ, აშშ-ის ხაზინამ „ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის“ სანქციები დაუწესა რამდენიმე ქართველ სამართალდამცველსა და ულტრამემარჯვენე ექსტრემისტს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)