skip to content
ახალი ამბები

აშშ საქართველოში დემოკრატიის შელახვისთვის ახალ სანქციებს აწესებს

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა 16 სექტემბერს სანქციები დაუწესა ორ ქართველ თანამდებობის პირს – შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს ზვიად ხარაზიშვილს (ხარება) და მის მოადგილეს მილერი ლაგაზაურს, ასევე „ალტ-ინფოსთან“ ასოცირებულ კონსტანტინე მორგოშიას და ზურაბ მახარაძეს, „ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის“, მათი როლისთვის უცხოელი აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეთა სასტიკ დარბევაში და იმ ქართველებზე ძალადობრივი თავდასხმებისთვის, რომლებიც მშვიდობიანი შეკრების უფლებას იყენებდნენ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე დაუწესა სავიზო შეზღუდვები 60-ზე მეტ ქართველს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც „პასუხისმგებელნი არიან ან წვლილი მიუძღვით საქართველოში დემოკრატიის შელახვაში“.

სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის პრესრელიზში ნათქვამია: „აშშ დღეს აწესებს ანგარიშვალდებულების ზომების ფართო სპექტრს საქართველოს ხელისუფლების უამრავი თანამდებობის პირისა და სხვების მიმართ, რომლებმაც შეარყიეს საქართველოს დემოკრატია და ქართველი ხალხის ადამიანის უფლებები“.

„შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა საქართველოს ხელისუფლების ორ თანამდებობის პირს – შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს ზვიად „ხარება“ ხარაზიშვილს და მის ერთ-ერთ მოადგილეს მილერი ლაგაზაურს უცხოელი აგენტების კანონის წინააღმდეგ მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქციების საპასუხოდ ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევების გამო. ჩვენ ასევე სანქციებს ვუწესებთ ძალადობრივი ექსტრემისტული ჯგუფის ორ ქართველ ლიდერს, კონსტანტინე მორგოშიას და ზურაბ მახარაძეს, ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის, მათ შორის ძალადობრივი თავდასხმებისთვის ქართველებზე, რომლებიც მშვიდობიანი შეკრების უფლებას იყენებდნენ“, – ნათქვამია პრესრელიზში. ოთხივე პირი მაგნიტსკის სიაშია შეტანილი.

სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ის დამატებით ზომებს იღებს, რათა სავიზო შეზღუდვები დაუწესოს 60-ზე მეტ ქართველს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ან მონაწილეობდნენ საქართველოში დემოკრატიის შელახვაში. პრესრელიზის თანახმად, ამ პირებს შორის არიან „სახელმწიფო და მუნიციპალური პირები, რომელთაც ბოროტად გამოიყენეს თავიანთი უფლებამოსილება ქართველი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით, კორუფციულ პრაქტიკაში ჩართული ბიზნეს ლიდერები, დეზინფორმაციის გავრცელების და ძალადობრივი ექსტრემიზმის ხელშემწყობი პირები, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, რომლებიც მომიტინგეების ცემაში მონაწილეობდნენ, და პარლამენტის წევრები, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს არადემოკრატიული კანონმდებლობის მიღებასა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაში“.

სახელმწიფო მდივანი ბლინკენი აღნიშნავს, რომ აშშ კვლავ შეშფოთებულია საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევითა და ანტიდემოკრატიული ქმედებებით და გააგრძელებს საპასუხოდ დამატებითი ქმედებების განხილვას. „აშშ ცალსახად უჭერს მხარს ქართველების უფლებებს შეიკრიბონ, ისაუბრონ და მშვიდობიანი პროტესტი გამართონ ძალადობის, დაშინების ან დევნის შიშის გარეშე“, – ნათქვამია სახელმწიფო მდივნის ბლინკენის განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button