skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტი ბაიდენი „იმედგაცრუებულია“ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით და ცრუ განცხადებებით  

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 9 აგვისტოს სოციალურ ქსელში აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის წერილი გააზიარა 2008 წლის აგვისტოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით, სადაც შეერთებული შტატების „მტკიცე“ მხარდაჭერაა გამოხატული  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. 7 აგვისტოთი დათარიღებული წერილი ნათლად ასხვავებს ამერიკელი ხალხისა და მთავრობის დამოკიდებულებას საქართველოს ხალხისა და საქართველოს ხელისუფლების მიმართ. წერილში პრეზიდენტი ბაიდენი იმედგაცრუებას გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და ანტიდასავლური გზავნილების გამო და ხაზს უსვამს, რომ ამის მიუხედავად, აშშ-სა და საქართველოს საერთო ღირებულებები მომავალშიც გააერთიანებს ორი ქვეყნის ხალხებს.

წერილში ნათქვამია: „მსურს ვისარგებლო შემთხვევით და ამერიკელი ხალხის სახელით გამოვხატო პატივისცემა ქართველი ხალხის სულისკვეთების მიმართ, რუსეთის შემოჭრის და შემდგომში თქვენი ქვეყნის ერთი მეხუთედის ოკუპაციის მე-16 წლისთავზე. ამ დღეს ვიხსენებთ რუსეთის სასტიკი შემოჭრის შედეგად დაღუპულებს, დაშავებულებსა და დევნილებს, ასევე ვხედავთ კრემლის მუდმივ მცდელობას, ადგილობრივი მოსახლეობის ხარჯზე, გაზარდოს თავისი დომინირება ოკუპირებულ რეგიონებზე.  შეერთებული შტატები მტკიცედ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.

პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა ქართველი ხალხის „მკაფიო ნებას“ ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისკენ და აღნიშნა: „შეერთებული შტატები მიესალმება დემოკრატიული მომავლისადმი საქართველოს მოსახლეობის ურყევ ერთგულებას, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სამოქალაქო საზოგადოებას განსხვავებული შეხედულებებისა და მოსაზრებების გამოხატვით.“ თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტმა იქვე დასძინა, რომ ის იმედგაცრუებულია „საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლის მაგალითსაც წარმოადგენს კრემლის სტილის „უცხოელი აგენტების“ კანონი და საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების ცრუ განცხადებები, რაც არ შეესაბამება ევროკავშირისა და ნატოს წევრობის ნორმებს“.

„მიუხედავად ამ ნაბიჯებისა, ერთგულნი ვრჩებით საქართველოს მოსახლეობის და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. 32 წლიანი ორმხრივი ურთიერთობის განმავლობაში საქართველო და შეერთებული შტატები ერთად ვიცავთ მშვიდობას, სტაბილურობას, თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებს. ეს საერთო ღირებულებები აერთიანებს ჩვენს ქვეყნებს და ვიცი, რომ ეს ღირებულებები მომავალშიც გააერთიანებს ჩვენს ხალხებს“, – ნათქვამია წერილში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button