skip to content
ახალი ამბები

რუსმა დიპლომატმა გაეროში აგვისტოს ომში სააკაშვილის ბრალეულობაზე „ქართული ოცნების“ ციტატა გაიმეორა

გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ დმიტრი პოლიანსკიმ 14 აგვისტოს „ქართული ოცნების“ 13 აგვისტოს განცხადების იმ მონაკვეთების ციტირება მოახდინა, სადაც მმართველმა პარტიამ 2008 წლის ომი შეაფასა როგორც კულმინაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადმინისტრაციის არაერთი მცდელობისა, რომ „გარედან დაკვეთით“ რუსული ჯარი „საქართველოში შემოებრუნებინა“.

გაეროს შტაბბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც გაეროს უშიშროების საბჭო საქართველოს საკითხს განიხილავდა, რუსმა დიპლომატმა „ქართული ოცნების“ ნატატივი აიტაცა და სიტყვასიტყვით გაიმეორა მისი განცხადება. პოლიანსკიმ გამოსვლის დასაწყისში აღნიშნა, რომ „ყოველ წელს ჩვენ ძალიან გვაკვირვებს ჩვენი დასავლელი კოლეგების მანიაკური სურვილი, განიხილონ 2008 წელს სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ სააკაშვილის აგრესიის საკითხი“. მან იქვე დასძინა, რომ „საქართველოს ხელისუფლების პოზიციის გათვალისწინებით, ეს სულ უფრო მოგვაგონებს მაზოხისტურ სავარჯიშოს“.

შემდეგ მან ამონარიდები წაიკითხა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებიდან, რომელიც სააკაშვილს და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას ომის დაწყებაში ადანაშაულებს: „ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს სააკაშვილის ადეკვატურობაში სამართლიანად ეპარება ეჭვი. თუმცა, ფაქტია, რომ 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებები არა მისი ფსიქიკური გაუწონასწორებლობის, არამედ გარედან დაკვეთილი და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგი იყო… საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, წარიმართოს საჯარო სამართლებრივი პროცესი და საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს, ვინ ჩაიდინა უმძიმესი მოღალატეობრივი დანაშაული ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე“.

პოლიანსკიმ თავისი გამოსვლა შემდეგი სიტყვებით დაასრულა: „შეეცადეთ გაიხსენოთ ეს სიტყვები მოგვიანებით, როდესაც ჩვენი დასავლელი კოლეგები გამოვლენ ამ ტრიბუნასთან და დაიწყებენ თქვენ მოტყუებას იმის შესახებ, რა მოხდა იმ მომენტში“.

ზემოხსენებულ განცხადებაში „ქართული ოცნება“ სააკაშვილის ხელისუფლებას, თითქოსდა მისი დასავლელი მფარველების მხარდაჭერით, რუსეთის „პროვოცირებაში“, „რუსული ჯარის საქართველოში შემობრუნებასა“  და სააკაშვილის „ავანტიურისტული ქმედებების“ შედეგად, „გარედან დაკვეთილ და კარგად დაგეგმილ ღალატში“ ადანაშაულებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button