skip to content
ახალი ამბები

2008 წლის ომის წლისთავის აღნიშვნის ფონზე, ხელისუფლების წარმომადგენლები „ნაციონალურ მოძრაობას“ აკრიტიკებენ

ხელისუფლების ოფიციალური პირები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, 2008 წლის აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით, 8 აგვისტოს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე შეიკრიბნენ.

ჟურნალისტებთან საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „დღეს ჩვენ პატივი მივაგეთ აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს. ყველას გვახსოვს უმძიმესი ტრაგიკული დღეები, თუმცა ეს დღეები ჩვენ ასევე სიამაყით გვავსებს, გამომდინარე იმ უდიდესი გმირობიდან, რომელიც ჩაიდინეს ჩვენმა სამხედროებმა და რა თქმა უნდა, ჩვენ მათ კიდევ ერთხელ უნდა მივაგოთ პატივი. მათ ჰქონდათ ოცნება – ეს იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და დარწმუნებული ვარ, მათი გმირობა უკვალოდ არ ჩაივლის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად აღდგება, აღდგება მშვიდობიანი გზით და ასრულდება ის ოცნება, რაც ჰქონდათ ჩვენს გმირებს”.

ჟურნალისტებმა პრემიერ-მინისტრს აგვისტოს ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებითაც დაუსვეს კითხვა. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ოპოზიცია ამ დღეს 8 აგვისტოს აღნიშნავდა, თუმცა „რამდენიმე წლის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ თურმე 7 აგვისტოს დაწყებულა ომი. ეს არის სპეკულაციები, რომლებსაც არ აქვს საფუძველი“.

სხვა საკითხებთან ერთად, კობახიძემ ასევე ისაუბრა აგვისტოს ომში მაშინდელი მმართველი ძალის „ნაციონალური მოძრაობის“ როლის პოტენციურ გამოძიებაზე არჩევნების შემდეგ. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა „ქართული ოცნების“ ნარატივი და დასძინა, რომ „სამართლებრივი ფორმა შეიძლება იყოს სხვადასხვა, ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, პროკურატურისადმი მიმართვა, ეს შეიძლება იყოს საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, ეს შეიძლება იყოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა, შეიძლება ყველა ერთად იყოს გამოყენებული, შეიძლება კონკრეტული ინსტრუმენტი იყოს გამოყენებული. ამ ყველაფერზე საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას, მაგრამ მთავარი არის ის, რომ 2008 წლის დანაშაული, რომელიც ჩაიდინა სააკაშვილის რეჟიმმა, ნაცმოძრაობის რეჟიმმა, იყოს ბოლომდე გამოძიებული“.    

პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს აქვს „ფუნდამენტური გაუმჯობესება“ ყველა მიმართულებით, იქნება ეს დემოკრატია, ადამიანის უფლებები და ეკონომიკური საკითხები თუ სხვა.

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც იმყოფებოდა. „არ უნდა დაგვავიწყდეს მშვიდობის სიმყიფე და არ უნდა დაგვავიწყდეს ის პასუხისმგებლობა, რომელიც პოლიტიკური ხელმძღვანელობის არის, რომ არ დაუშვას ომი ქვეყანაში და ეს არის, რასაც აკეთებს „ქართული ოცნება“ ბოლო 12 წელია“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

„ქართული ოცნების“ 7 აგვისტოს განცხადების ანალოგიურად, მანაც გააკრიტიკა „ნაციონალური მოძრაობა“ და ის ომის შესახებ „სპეკულაციებში“ დაადანაშაულა. პარლამენტის თავმჯდომარემ „ნაციონალური მოძრაობას“ „თავქარიანი“ და „მოღალატეობრივი“ ორგანიზაცია უწოდა.

„არაფერი არ ამცირებს რუსეთის დანაშაულს, აგრესიის, ომის დანაშაულის და ოკუპაციის, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა მოვკითხოთ ჩვენს ქართველებს, რომლებიც მაშინ ხელისულებაში იყვნენ, რა გააკეთეს და რა ვერ გააკეთეს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, 2008 წელს „ქართული ოცნების“ მსგავსი „პატრიოტული“ პოლიტიკური ძალა რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, რუსეთსა და საქართველოს შორის ომი არ მოხდებოდა და „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში 2022 წელს, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, 2008 წელი განმეორდებოდა.

პაპუაშვილმა ასევე გააკრიტიკა ევროკავშირი ტერმინის „ოკუპაცია“ არგამოყენებისთვის. „სამწუხაროდ, დღემდე ვერ მივაღწიეთ, რომ მკაფიოდ ევროკავშირის მხრიდან ითქვას ოკუპაცია. ხედავთ, რომ ბოლო რამდენიმე განცხადებაში ნათქვამია ‘თვითგამოცხადებული ოკუპირებული ტერიტორიები’ – მაინც რაღაც დანამატით არის“, – განაცხადა მან და ოკუპაციის აღიარების მიღწევაში ქვეყნის მიერ განხორციელებულ ძალისხმევაში  საქართველოს პარლამენტის როლს გაუსვა ხაზი. „ამ წლების განმავლობაში ევროკავშირი ოკუპაციასაც კი არ ეძახდა ამ მოვლენას“, – დასძინა მან.

ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ბრალდებები საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით „ცრუ და ყალბია“ და დასძინა, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს.

რაც შეეხება საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის (ADC) სარჩელი არ დააკმაყოფილა, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ამით დადასტურდა, რომ „ჩვენ საქმე გვაქვს თაღლითებთან“.

კითხვაზე, თუ რატომ არ მიიღო საქართველომ ბოლო დროს პატიმრების გაცვლაში მონაწილეობა, რომელშიც რუსეთი და დასავლური ქვეყნები მონაწილეობდნენ, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „ჩვენთვის არავის არაფერი უკითხავს და არავის საქმის კურსში არ ჩავუყენებივართ. იცით, რომ ეს ზოგადად ბევრი ქვეყნისთვის, მათ შორის უკრაინისთვისაც სიურპრიზი აღმოჩნდა“.

მას ასევე ჰკითხეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის საქმეზე. პაპუაშვილის თქმით, ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება დამოუკიდებელ სასამართლოს ეკუთვნის და მასში ჩარევა არასწორია.

„პატივი მივაგეთ დაღუპულ გმირებს. ასეთი ადამიანების გმირობაზე, ასეთი ადამიანების თავგანწირვაზე დგას საქართველოს სიძლიერე“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა. „ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივი ბუნება ყველამ კარგად დაინახა, ჩვენმა საზოგადოებამ, მათი მმართველობის პირობებში. ანალოგიური მიდგომა და ანალოგიური დამოკიდებულება ჰქონდათ მათ აგვისტოს ომთან მიმართებაში. ჩვენ დავინახეთ, რომ მათ ვერ შეძლეს თავი აერიდებინათ იმ ესკალაციისთვის, იმ ომისთვის, რომელიც აგვისტოში მოხდა… დღესაც რომ გვქონდეს ჩვენ ისეთი ვითარება, რომ ნაციონალური მოძრაობა იყოს ხელისუფლებაში, პრაქტიკულად, ვიქნებოდით ომის ქარცეცხლში გახვეული, მაგრამ დღეს ხელისუფლებაში არის პასუხიმგებლიანი პოლიტიკური ძალა, რომელიც აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ დაიცვას საქართველოს ინტერესები, ერთის მხრივ, და მეორეს მხრივ, უზრუნველყოს მშვიდობა…“, – დასძინა მინისტრმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button