„ქართული ოცნება“ ნაციონალურ მოძრაობას 2008 წლის ომში ადანაშაულებს და მისი გასამართლებისკენ მოუწოდებს
„ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ 13 აგვისტოს განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც 2008 წლის ომი შეაფასა როგორც კულმინაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადმინისტრაციის არაერთი მცდელობისა, რომ დასავლელი მფარველების მხარდაჭერით „რუსული ჯარი საქართველოში შემოებრუნებინა“. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის პროვოცირების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, „სააკაშვილი და მისი მფარველები ხვდებოდნენ, რომ საჭირო იყო ბევრად უფრო აგრესიული და მასშტაბური ქმედებები მიზნის მისაღწევად“ და რომ „2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებები… გარედან დაკვეთილი და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგი იყო“.
მმართველი პარტიის განცხადება „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის კონტექსტს იმეორებს, რომელიც თავის ოპონენტებს („კოლექტიურ ნაცმოძრაობას“) „ომის პარტიად“ მოიხსენიებს, რომელსაც მხარს უჭერს „გლობალური ომის პარტია“, ხოლო „ქართული ოცნებისთვის“ ხმის მიცემა წარმოჩენილია, როგორც არჩევანი მშვიდობისთვის.
განცხადებას წინ უძღოდა „რადიო თავისუფლების“ ქართული ბიუროს ინტერვიუ შვეიცარიელ დიპლომატთან ჰაიდი ტალიავინისთან. ტალიავინი კოორდინაციას უწევდა ევროკავშირის-მანდატით მოქმედ კომისიას (დამოუკიდებელი საერთაშორისო ფაქტების დამდგენი მისია საქართველოში კონფლიქტის შესახებ) 2008 წლის ომის გამოძიების შესახებ. კომისიამ ომის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელსაც ციტირებდნენ როგორც თბილისი, ისე მოსკოვი აგვისტოს მოვლენების საკუთარი ვერსიის მხარდასაჭერად.
„ქართული ოცნების“ განცხადებაში ძირითადად ანგარიშის ის მონაკვეთებია ციტირებული, რომლებზეც ადრე კრემლმა გაამახვილა ყურადღება, და არაფერია ნათქვამია იმ ნაწილებზე, რომლებიც რუსეთს ომისთვის მზადებასა და საბოლოო აგრესიაში ამხელს.
„ქართული ოცნება“ რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურსა და მის ჟურნალისტს „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ პოლიტიკურ მიკერძოებაში ადანაშაულებს. „რადიო თავისუფლებას სურდა, ჰაიდი ტალიავინისგან მიეღო ახალი, განსხვავებული პოზიცია აგვისტოს ომის შესახებ, რაც წლების წინ დაწერილ უმძიმეს დასკვნას გააფერმკრთალებდა. თუმცა, ეს მცდელობა წარუმატებელი გამოდგა“, – ნათქვამია განცხადებაში. „გაირკვა, რომ ტალიავინის პოზიცია წლების შემდეგაც უცვლელია და მან ჟურნალისტის ყველა მცდელობა, „ნაციონალური მოძრაობის” მიერ 16 წლის წინ ჩადენილი მოღალატეობრივი ქმედებები როგორმე გაემართლებინა, არგუმენტირებული მსჯელობით გააბათილა“.
მმართველი პარტია აცხადებს, რომ „ტალიავინის დასკვნა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ განაჩენის ტოლფასი დოკუმენტია“ და დასძენს, რომ როგორც ინტერვიუ, ისე ტალიავინის ანგარიში იმ ფორმითაა წარმოდგენილი, რომელიც განსხვავდება მოვლენათა ოფიციალური აღწერისგან.
აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ განცხადება კონფლიქტს „ომად“ მოიხსენიებს, როდესაც საუბარია ტალიავინის ანგარიშზე, ან ნაციონალური მოძრაობის/სააკაშვილის ქმედებებზე, თუმცა იყენებს ტერმინებს „სამხედრო ოპერაცია“, „სამხედრო საპასუხო ოპერაცია“ ან „შეჭრა“, როდესაც კონკრეტულად რუსეთის ქმედებებს აღწერს 2008 წლის აგვისტოში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ „ოთხწლიანი განუწყვეტელი პროვოკაციების მიუხედავად, საქართველოში შემოსვლის სამართლებრივი საფუძველი რუსეთს შექმნილი არ ჰქონდა და ისიც ომს არ იწყებდა. ამის გამო, სისრულეში ვერ მოდიოდა გეგმის მთავარი ნაწილი – „ნაცმოძრაობას” რუსული ჯარი საქართველოში ვერ შემოჰყავდა. სააკაშვილი და მისი მფარველები ხვდებოდნენ, რომ საჭირო იყო ბევრად უფრო აგრესიული და მასშტაბური ქმედებები მიზნის მისაღწევად“. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „ტალიავინის დასკვნის მიხედვით, ამგვარი მომენტი სააკაშვილის ხელისუფლებამ 2008 წლის 7 აგვისტოს შექმნა, როდესაც ცხინვალზე განხორციელებული საარტილერიო შეტევის შედეგად, რუსეთს ხელ-ფეხი გაეხსნა და რუსული ჯარი საქართველოში შემოვიდა“.
„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ სააკაშვილის ქმედებები 2008 წლის აგვისტოში არა მისი „ფსიქიკური გაუწონასწორებლობის, არამედ გარედან დაკვეთილი და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგი იყო“. მიუხედავად იმისა, რომ ტალიავინის ანგარიშში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი, ეს განცხადება პირდაპირ ეხება „გლობალური ომის პარტიის შეთქმულებას“, რომელსაც „ქართული ოცნება“ ავითარებს.
განცხადება „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებს არა მხოლოდ მოღალატურ ქმედებებში, არამედ „ანგარიშზე დათანხმებაში“, მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშის ზოგიერთ დებულებას „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება ღიად აპროტესტებდა. „სააკაშვილის რეჟიმის მიერ ამგვარი მტკიცებულებებისა და დასკვნების შემცველ დოკუმენტზე დათანხმება სრული სიცხადით ადასტურებს, რომ ამ ადამიანებმა ჯერ შესაბამისი მტკიცებულებების შექმნით და შემდეგ დასკვნის დადასტურებით, ჩაიდინეს უმძიმესი ღალატი საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე“, – ნათქვამია განცხადებაში.
„მიგვაჩნია, რომ ასეთ პირობებში, კრებსითი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი დანაშაულის სამართლებრივი შეუფასებლობა დანაშაულის ტოლფასია. დღეს, როდესაც ჰააგასა და სტრასბურგში სამართალწარმოება დასრულებულია, მინიშნებებით საუბრის დრო აღარ არის. დადგა დრო, დამნაშავეებმა კონსტიტუციისა და კანონის მთელი სიმკაცრით აგონ პასუხი“, – აცხადებს „ქართული ოცნება“.
„ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, წარიმართოს საჯარო სამართლებრივი პროცესი და საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს, ვინ ჩაიდინა უმძიმესი მოღალატეობრივი დანაშაული ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე“, – ნათქვამია განცხადებაში.
ასევე წაიკითხეთ:
- 08/08/2024 – 2008 წლის ომის წლისთავის აღნიშვნის ფონზე, ხელისუფლების წარმომადგენლები „ნაციონალურ მოძრაობას“ აკრიტიკებენ
- 07/08/2024 – მმართველი პარტია ნაციონალურ მოძრაობას 2008 წლის ომის დროს ღალატში ადანაშაულებს და სამართლებრივი შედეგებით იმუქრება
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)