მმართველი პარტია ნაციონალურ მოძრაობას 2008 წლის ომის დროს ღალატში ადანაშაულებს და სამართლებრივი შედეგებით იმუქრება
მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ 7 აგვისტოს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც 2008 წელს საქართველოში რუსეთის შემოჭრის დროს ხელისუფლებაში იყო, აგვისტოს ომთან დაკავშირებით „ფარისევლურ პიარ-კამპანიაში“ დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მის „მოღალატეობრივ დანაშაულს უმძიმესი შედეგები მოჰყვა“.
„ნაციონალური მოძრაობის მიერ 2008 წელს ჩადენილ დანაშაულზე ჩვენ დღემდე მხოლოდ მინიშნებებით ვსაუბრობდით, რასაც თავისი ობიექტური მიზეზი ჰქონდა. როგორც ცნობილია, წლების განმავლობაში მიმდინარეობდა საერთაშორისო სასამართლო პროცესები სტრასბურგსა და ჰააგაში, რომლებიც, ჩვენი ხელისუფლების უდიდესი ძალისხმევით, საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. ახლა კი, როდესაც სრულად არის გადავლილი იმის თეორიული რისკიც კი, რომ საქართველოს, ქართულ ჯარს და თუნდაც ერთ ქართველ ჯარისკაცს საერთაშორისო დონეზე რაიმე პასუხისმგებლობა დაეკისროს, დადგა დრო, საზოგადოებამ გაიგოს სრული სიმართლე და ყველა ფაქტს სრულფასოვანი სამართლებრივი შეფასება მიეცეს“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.
„ნაციონალური მოძრაობის მოღალატეობრივ დანაშაულს უმძიმესი შედეგები მოჰყვა. 2008 წლის ომის შედეგად, დავკარგეთ ორი ისტორიული რეგიონი, დაიღუპა ასობით ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი, ხოლო 30 000 ადამიანი დევნილად იქცა. დაუშვებელია, ამ მასშტაბის დანაშაული სამართლებრივი შეფასების გარეშე და დაუსჯელი დარჩეს“, – განაცხადა მმართველმა პარტიამ.
„ქართულ ოცნებას“ მიაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს ნაცვლად 7 აგვისტო გამოაცხადოს, რადგანაც ის „საკუთარი დანაშაულის დაფარვას და პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობს“.
სხვა საკითხებთან ერთად, მმართველი პარტია ასევე აღნიშნავს 2008 წლის 2 ოქტომბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის „რეზოლუციაზე ხელმოწერას“ მაშინდელი მმართველი პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ და მას „საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოღალატეობრივ ნაბიჯს“ უწოდებს. „რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ ესკალაცია ღია და სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებში ქართული მხარის მიერ 7 აგვისტოს ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვით გადაიზარდა. რეზოლუციაში აღნიშნული აქტი შეფასდა როგორც ქართული მხარის მიერ შეიარაღებული ძალების არაპროპორციული გამოყენება, რომელმაც დაარღვია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და საქართველოს მიერ აღებული ვალდებულება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტასთან დაკავშირებით. ამავე დოკუმენტში რუსეთის სამხედრო ინტერვენცია „კონტრშეტევად“ შეფასდა. ამრიგად, ომიდან 2 თვის შემდეგ, პირველივე ოფიციალურ საერთაშორისო დოკუმენტში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი უმძიმესი დანაშაულის დადასტურებას მოაწერა ხელი და მან ამ ნაბიჯით ქართული ჯარი, ქართველი სამხედროები და ქვეყანა საერთაშორისო სასამართლოების წინაშე უდიდესი რისკის ქვეშ დააყენა“, – აცხადებს „ქართული ოცნება“.
მმართველი პარტიის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი, მაგრამ ყველაზე დიდი და მძიმე დანაშაული სწორედ 2008 წელს ჩადენილი ავანტურაა. ჩვენი ქვეყნის შეუქცევადი განვითარების უზრუნველსაყოფად და საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად უმნიშვნელოვანესია, ამ მოვლენებს სათანადო სამართლებრივი შეფასება მიეცეს. საზოგადოებას ვაძლევთ პირობას, რომ არჩევნების შემდეგ ეს აუცილებლად ასე მოხდება“.
მმართველმა პარტიამ კიდევ ერთხელ დაადანაშაულა „ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევის მცდელობაში. „ამ გარემოებამ კიდევ ერთხელ გაამყარა რწმენა, რომ ამ ადამიანებმა 2008 წელსაც გააზრებულად მოაწყვეს უმძიმესი პროვოკაცია და გარედან მიღებული ანტისახელმწიფოებრივი დავალება სრულიად გააზრებულად შეასრულეს. ვისგან მოდიოდა ეს დაკვეთა და ვის დავალებებს ასრულებდნენ მაშინდელი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები, აქ ამ საკითხზე შეგნებულად არ შევჩერდებით, რადგან ყველაფერს სწორედ საჯარო სამართლებრივი პროცესი გაარკვევს. ჩვენ ვიქნებით მოსარჩელე მხარე ამ პროცესში და „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩადენილი მოღალატეობრივი დანაშაულის გამო კოლექტიურად მოუწევს პასუხისგება. აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს ყველაფერი არ ამსუბუქებს რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს და არც იმ ფაქტს, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციაზე პასუხისმგებელი სწორედ რუსეთის ფედერაციაა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ასევე წაიკითხეთ:
- 07/08/2024 – 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავს პოლიტიკოსები ეხმიანებიან
- 07/08/2024 – საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავს ეხმიანებიან
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)