გრიგოლ ლილუაშვილი პარლამენტში უცხოურ გავლენასა და რუსულ ოკუპაციაზე საუბრობს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსი) უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა 12 ივნისს პარლამენტში სამსახურის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. 2023 წლის მოვლენებზე საუბრისას, ლილუაშვილმა განაცხადა, რომ არსებობს მავნე უცხოური გავლენა, რომელიც ქვეყნის დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად, თუმცა მან არ დაასახელა ის ქვეყნები, საიდანაც ის წარმოიშვა. ლილუაშვილმა ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციას და ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის უპირველეს საფრთხედ დაასახელა.
სხვა საკითხებთან ერთად, სუს-ის უფროსმა ასევე ისაუბრა ოკუპირებულ ოჩამჩირეში საზღვაო ბაზის მშენებლობის თაობაზე რუსეთის გეგმებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობის გამოყენებაზე უკრაინაში რუსეთის აგრესიის მხარდასაჭერად, ბიჭვინთის კომპლექსის რუსეთისთვის უკანონო გადაცემასა და ე.წ. სოხუმის აეროპორტის აღდგენასთან დაკავშირებით ე.წ. შეთანხმებაზე.
ანგარიშის წარდგენის შემდეგ ლილუაშვილმა მედიის კითხვებს უპასუხა.
კონტრდაზვერვა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თქმით, 2023 წელს სხვადასხვა შიდა და გარე ფაქტორების მხრიდან, საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციისა და ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლის მომზადების მცდელობებს ჰქონდა ადგილი.
ლილუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ 2023 წელს უცხოური დაზვერვის სამსახურები განსაკუთრებით დაინტერესდნენ საქართველოში პოლიტიკური პარტიების რეიტინგებით და 2024 წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მათი გამარჯვების შანსებით.
მისი თქმით, უცხოური დაზვერვის სამსახურების ერთ-ერთი მთავარი მიზანი საქართველოში ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს შორის გავლენის მოპოვება იყო, რომელიც შემდგომში შესაძლოა „დესტრუქციული“ მიზნებისთვის გამოეყენებინათ.
გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ სუსი აგრძელებს კონტრდაზვერვითი მომსახურების გაწევას საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სამართალდამცავი ორგანოებისთვის, რადგან უცხოური დაზვერვა ამ სუბიექტებითაც იყოს დაინტერესებული.
ლილუაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სუსი მუშაობდა ეკონომიკურ პროცესებში უცხოური დაზვერვის საქმიანობის აღკვეთაზე. ამ კონტექსტში მან აღნიშნა უცხოური ჯგუფებისა და ძალების მზარდი ინტერესი რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ახალი სატრანსპორტო მარშრუტების შექმნის პერსპექტივების მიმართ.
რუსული ოკუპაცია
ლილუაშვილმა ოკუპირებულ ოჩამჩირეში საზღვაო ბაზის აშენების თაობაზე რუსეთის გეგმებზე ისაუბრა და გამოთქვა ვარაუდი, რომ ასეთი ობიექტი რუსეთს შავი ზღვის რეგიონზე სამხედრო-სტრატეგიული კონტროლისთვის დამატებით ბერკეტს მიანიჭებს. თუმცა, მან აღნიშნა, რომ ოჩამჩირეში დიდი ხომალდების განლაგება და ექსპლუატაცია ამჟამად წარმოუდგენელია წყლის შეზღუდული ფართობისა და რთული ინფრასტრუქტურული პირობების გამო. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში ოჩამჩირის პორტსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული განვითარება არ მომხდარა.
ამ კონტექსტში, მან ასევე ისაუბრა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმისა და რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე სოხუმის აეროპორტის „ყოვლისმომცველ რეკონსტრუქციასთან“ დაკავშირებით. ლილუაშვილის თქმით, საქართველო ამ გადაწყვეტილებას ანექსიური პოლიტიკის ნაწილად განიხილავს. მან აღნიშნა, რომ ეს იქნება დამატებითი ბერკეტი კრემლის ხელში, რეგიონში თავისი ეკონომიკური და პოლიტიკური პოზიციის გასაძლიერებლად.
უკრაინაში რუსეთის ომზე საუბრისას ლილუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას რუსეთის აგრესიაში „აქტიურად“ იყენებდნენ. მისი თქმით, ადგილი ჰქონდა საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან უკრაინის ანექსირებულ რეგიონებში სხვადასხვა სახის დახმარების გაგზავნის ფაქტებს და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების ვიზიტებს.
ოკუპირებული ბიჭვინთის აგარაკის რუსეთის ფედერაციისთვის უკანონო გადაცემაზე საუბრისას, რაც, სუს-ის უფროსის თქმით, კრემლისთვის „პრინციპული მნიშვნელობის“ იყო, ლილუაშვილმა გადაცემის წინააღმდეგ ადგილობრივი საპროტესტო გამოსვლები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ამ პროცესის რუსეთის სასარგებლოდ დასრულებით, მოსკოვმა აჩვენა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მისი ნებისა და ინტერესების წინააღმდეგ მიმდინარე ნებისმიერი პროტესტი უშედეგოა.
ამ კონტექსტში, მან ასევე აღნიშნა ოკუპირებულ აფხაზეთში საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებული ნარატივი, რომ ბიჭვინთის გადაცემის ჩაშლა დააზარალებს კრემლსა და ოკუპირებულ რეგიონს შორის ურთიერთობას და საქართველოს ხელისუფლების ინტერესებს მოემსახურება.
სუს-ის უფროსი ასევე გამოეხმაურა 2023 წლის ინფორმაციას, რომ თითქოს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო წარმომადგენლები მზად იყვნენ აღედგინათ გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი (IPRM). ლილუაშვილმა აღნიშნა, რომ დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან რეალური ნაბიჯები არ გადადგმულა.
თავის გამოსვლაში სუს-ის უფროსმა ასევე დაადასტურა, რომ საქართველოს მოქალაქე ასმათ თავაძე, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში 2022 წლიდან იყო დაკავებული, გაათავისუფლეს.
კომენტარები პრესისთვის
პარლამენტში გამოსვლის შემდეგ მედიასთან საუბრისას, სუს-ის უფროსმა, სხვა საკითხებთან ერთად, ასევე უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს, რომლებიც ეხებოდა „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირების მიმართ აშშ-ის სანქციებს და პრემიერ-მინისტრის მიმართ სავარაუდო სიკვდილით მუქარას.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიმართ აშშ-ის სანქციებზე საუბრისას, ლილუაშვილმა განაცხადა, რომ მას დასანქცირების შესახებ შეტყობინება არ მიუღია და დასძინა, რომ თუ მას აშშ-ში არ შეუშვებენ, ეს იქნება „ძალიან ცუდი ტონი, რადგან ჩვენი პარტნიორული ურთიერთობები არ ითვალისწინებს მსგავს მიდგომას“. ლილუაშვილმა აღნიშნა, რომ უწყებათაშორის დონეზე, აშშ-საქართველოს ურთიერთობები „იდეალურია“.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ერთ-ერთმა ევროკომისარმა ის სიცოცხლის ხელყოფის თაობაზე გააფრთხილა, და თუ რატომ არ იწყება გამოძიება ამ საკითხზე, სუს-ის უფროსმა განაცხადა, რომ არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულება ამისთვის. მან განაცხადა, რომ ევროკომისრის სიტყვები „სარეკომენდაციო ხასიათის” იყო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)