ახალი ამბები

ოკუპირებული გალის რაიონის ხელმძღვანელი IPRM-ის მოლაპარაკებებისთვის ახალი სივრცის მომზადებაზე საუბრობს

ოკუპირებული გალის აფხაზური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კონსტანტინ ფილიამ 26 ნოემბერს განაცხადა, რომ მიმდინარეობს ახალი სივრცის მომზადება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრებისთვის, რომლებიც 2018 წლის შემდეგ არ ჩატარებულა.

მისი თქმით, ამჟამად მზადდება სივრცე „მდინარე ენგურის ხიდს იქით… ჩვენს საგუშაგომდე არ მისული“. ეს გამოყოფილი ტერიტორია, რომელშიც განთავსებულია „საკონფერენციო დარბაზი“, გამიზნულია IPRM-ის შეხვედრების ჩასატარებლად და მთავარი მიზანია, რომ ეს შეხვედრები ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს წარმომადგენლების შესვლის გარეშე ჩატარდეს.

ფილიას თქმით, გალის IPRM ფორმატის აღდგენის მთავარი დაბრკოლება იყო „უთანხმოება სამგზავრო დოკუმენტებთან დაკავშირებით“. მან ასევე განაცხადა, რომ ქართული მხარე დაჟინებით მოითხოვდა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც შეხვედრები იმართებოდა, ქართული პირადობის მოწმობებით ყოფილიყო შესაძლებელი შესვლა, ხოლო დე-ფაქტო ხელისუფლება აცხადებდა, რომ ქართველები საოკუპაციო ხაზის გადაკვეთას საზღვარგარეთის პასპორტებით შეძლებდნენ.

ფილიამ განაცხადა, რომ დე-ფაქტო ხელისუფლება „თანაბარი“ დიალოგის მომხრეა. მისი თქმით, „საქართველოში არიან ძალები, რომელთაც ესმით, რომ ეს ფურცელი უნდა გადაშალონ“. მანვე დასძინა, რომ საქართველოს მთავრობა „აგზავნის სიგნალებს, რომ მას არ სურს მეორე ფრონტის გახსნა, არ სურს რუსეთის წინააღმდეგ წასვლა“. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ჰყავს „ძალიან სერიოზული, დასავლეთის მიერ დაფინანსებული ოპოზიცია, რომელიც უმცირეს მოვლენებზეც კი დაუყოვნებლივ რეაგირებს“. ამის მაგალითად, მან რუსული ტურისტული გემის ბათუმში ვიზიტი და შემდგომი საპროტესტო აქციები გაიხსენა.

„ჩვენი მთავარი მიზანია კეთილმეზობლობის დემონსტრირება და მზად ვართ დიალოგისთვის თანაბარ პირობებში. სიგნალი გაიგზავნა, ახლა პასუხს ველით“, – განაცხადა ფილიამ.

მიმდინარე წლის ოქტომბერში, ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ“, ირაკლი ტუჟბამ განაცხადა, რომ დე-ფაქტო ხელისუფლებამ მოამზადა „წინადადებების კიდევ ერთი პაკეტი IPRM-ის ფორმატის განახლების მიზნით“ და იმედი გამოთქვა, რომ ამ წინადადებებს „საქართველოს მხრიდან სათანადო რეაგირება მოყვება და ჩვენ შევძლებთ ამ ფორმატში მუშაობის დაწყებას“.

„ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფორმატი, ჟენევის პროცესის ნაწილი, ე.წ. ადგილობრივი უსაფრთხოების მექანიზმი. 2021 წელს ჩვენ გავაჟღერეთ ოფიციალური წინადადებები, რომლებიც ქართველ კოლეგებს გაეროს წარმომადგენლების მეშვეობით გადავეცით“, – დასძინა ტუჟბამ.

რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს (დევნილობაში) თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიაზე, ფაქტობრივად, მიღწეულია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში (IPRM) დიალოგის აღდგენის შესახებ შეთანხმება.

„ქართული მხარე არ აპირებს საზღვარგარეთის პასპორტით გადავიდეს და რაღაც შტამპი ჩაურტყან“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ამ ფაქტორმა ფორმატის განახლება რამდენიმე თვით შეაფერხა. რაც შეეხება ფილიას განცხადებას, რომ ენგურის მეორე მხარეს რაღაც სივრცის მოწყობა იგეგმება, გამახარიამ განაცხადა, რომ „ესეც ჟენევის ფორმატის შემადგენელი ნაწილია”.

„სამოქალაქო საქართველომ“ კომენტარისთვის საქართველოს შესაბამის ორგანოებს, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმართა და მასალა კომენტარის მიღებისთანავე განახლდება.

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ბოლო, 57-ე შეხვედრა 2018 წელს მას შემდეგ შეწყდა, რაც რუსეთისა და აფხაზეთის მონაწილეებმა შეხვედრა საქართველოს წარმომადგენლებთან უთანხმოების გამო დატოვეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ირაკლი ანთაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ დღის წესრიგის მთავარი საკითხი გიგა ოთხოზორიას საქმე უნდა ყოფილიყო, რომლის მკვლელი – რაშიდ კანჯი ოღლი ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაშია შეყვანილი.

2010 წლიდან მოყოლებული გალის IPRN-ის შეხვედრები რამდენჯერმე შეჩერდა. ყველაზე ხანგრძლივი პაუზა 2012 წლის მარტიდან დაიწყო, როდესაც სოხუმმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მაშინდელი ხელმძღვანელი ანდჟეი ტიშკევიჩი „აფხაზეთის ტერიტორიაზე არასასურველ პირად“ გამოაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელს მისიის ახალი ხელმძღვანელი დაინიშნა, შეხვედრები 2016 წლამდე აღარ განახლებულა.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში შეიქმნა და ის საქართველოს, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლების, ასევე ადგილზე მყოფი რუსი მესაზღვრეების ჩართულობით, ორ რეგიონში უსაფრთოხების საკითხების განხილვას ისახავს მიზნად.

შენიშვნა: მასალა განახლდა 18:15 საათზე და მასში გამახარიას კომენტარი აისახა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button