skip to content
დაწვრილებით

კონტექსტი | რუსეთის საზღვაო ბაზა ოკუპირებულ აფხაზეთში?

Რა მოხდა?

4 ოქტომბერს, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ რუსეთი ოჩამჩირეში, ანაკლიიდან დაახლოებით 35 კილომეტრში, სამხედრო ფლოტის მუდმივი ბაზირების პუნქტის გახსნას გეგმავს. ბჟანიას განცხადება იმ ფონზე გაკეთდა, როდესაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტს, რომელსაც ყირიმის ბაზებზე უკრაინა სულ უფრო ავიწროებს, საკუთარი ბაზები შედარებით უსაფრთხო ნავსადგურებში გადააქვს.

კონტექსტი

  • სევასტოპოლი, ოკუპირებულ ყირიმში, აღარ არის უსაფრთხო თავშესაფარი რუსული ფლოტისთვის. რუსული ფრეგატები, წყალქვეშა ნავები და სადესანტო ხომალდები ნოვოროსიისკში არიან ბაზირებულნი.
  • ოჩამჩირის ნავსადგური ზედმეტად არაღრმაა დიდი გემების მისაღებად, მაგრამ რუსეთის მიერ ბოლო წლებში წარმოებული ზღვის ფსკერის გაღრმავების სამუშაოების წყალობით, მას შეუძლია შედარებით მცირე გემები მიიღოს, მათ შორის სარაკეტო კორვეტები, რომლებსაც რუსეთი აქტიურად იყენებს უკრაინის ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეებზე შეტევისთვის.
  • ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ძალების სარაკეტო კრეისერების მუდმივად განლაგების შემთხვევაში, საქართველოს ოკუპირებული სანაპირო ზოლის ტაქტიკური მნიშვნელობა საგრძნობლად გაიზრდება.
  • ოჩამჩირის მილიტარიზაცია შესაძლოა პოტენციურად საზიანო იყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ისედაც გაჭიანურებული გეგმებისთვის, რომლის მიზანიც შავ ზღვაზე ქვეყნის კომერციული მნიშვნელობის გაზრდაა.  

აღორძინების ხედვა – პორტი, რომელსაც დიდი ხანია ელიან

ოჩამჩირის პორტი „ოფიციალურად“ რუსეთის პირდაპირ კონტროლს 2009 წლიდან ექვემდებარება მას შემდეგ, რაც კრემლმა ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ე.წ. საზღვრების დაცვის შესახებ თანამშრომლობის ხელშეკრულებები გააფორმა. ამ „შეთანხმებების“ საფუძველზე ოჩამჩირის პორტი შავ ზღვაში მოქმედი რუსული საპატრულო გემების ბაზად იქცა. რუსეთის შავი ზღვის საზღვაო ფლოტის უფრო დიდი გემების მუდმივი განთავსების საკითხი იმ დროს უკრაინასთან კავშირშიც განიხილებოდა, რადგან ყირიმის საზღვაო ბაზებზე რუსეთის იჯარის ვადა 2017 წელს იწურებოდა.

მიუხედავად ამისა, უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ იჯარის ხელშეკრულების 2042 წლამდე გახანგრძლივებამ და რუსეთის მიერ ყირიმის შემდგომმა ოკუპაციამ და უკანონო ანექსიამ ეს გეგმები შეაჩერა და ოჩამჩირის პორტი უმნიშვნელო ნავსადგურად დარჩა.

ოჩამჩირე დღეს

ანალიტიკური ცენტრის „რონდელის ფონდის“ კვლევის თანახმად, ოჩამჩირის პორტს ამჟამად 10 საპატრულო გემის (პორტში 10-მდე „სობოლისა“ და „მანგუსტის“ კლასის სანაპირო დაცვის გემი/კატერი დგას) მიღება შეუძლია სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ბაქანზე. პორტთან არსებობს პირდაპირი სარკინიგზო კავშირი, რომელიც რუსეთის სარკინიგზო ჯარებმა 2008 წელის საქართველოში შემოჭრამდე განაახლეს. 2022 წლის მდგომარეობით, პორტის სიღრმე 9 მეტრამდეა გაზრდილი.

საპატრულო გემების მიერ გამოყენების გარდა, პორტი კონტრაბანდასთან, კერძოდ ლუგანსკის ოლქში საოკუპაციო ხელისუფლების მიერ მოპოვებული ნახშირის ფარულ ტრანსპორტირებასთანაც იყო დაკავშირებული. სირიაში წარმოებული კონტრაბანდული სიგარეტით დატვირთული გემი, რომელიც ოჩამჩირის გავლით მიცურავდა, უკრაინის საბაჟომ 2017 წელს დააკავა.

ამჟამად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პორტის ინფრასტრუქტურამ შეძლოს, მაგალითად, „კარაკურტის” კლასის (პროექტი 22800) კორვეტის მიღება, რომელიც ცოტა ხნის წინ სოხუმის პორტში შევიდა. პორტის რუსეთის ფლოტის მნიშვნელოვან ბაზად გადაქცევას სრულმასშტაბიანი განახლება სჭირდება.

საფრთხეები

თბილისმა დაგმო გადაწყვეტილება და მას ოკუპაციის „ლეგიტიმაციის“ კიდევ ერთი მცდელობა უწოდა. ოპოზიცია „ქართული ოცნების“ რუსეთთან დაახლოების პოლიტიკის ჩავარდნაზე საუბრობს. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ოკუპირებული აფხაზეთის გადაწყვეტილებას „უკიდურესად შემაშფოთებელი“ უწოდა.

შეშფოთება ლეგიტიმურია, რადგან შავ ზღვაში კიდევ ერთი რუსული საზღვაო ბაზის განთავსებას, სავარაუდოდ, სერიოზული შედეგები მოჰყვება:

  • ოჩამჩირის პორტის შეზღუდული შესაძლებლობების მიუხედავად, რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის საზღვაო თავშესაფრის შექმნა გააძლიერებს მის პოზიციებს რეგიონში. თავად რუსეთმაც კარგად იცის ის უპირატესობები, რასაც ოჩამჩირის პორტი მას სთავაზობს;
  • რუსეთის დამატებითი საზღვაო ბაზა პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე ქვეყნის უშუალო უსაფრთხოებას;
  • რუსეთი შეიძენს დამატებით ბერკეტს შავ ზღვაში კომერციული საქმიანობის შეფერხებისთვის, მათ შორის არაპირდაპირ ბერკეტს ანაკლიის პროექტზე;
  • ოჩამჩირეში განლაგებული გემების პოტენციურმა გამოყენებამ უკრაინის წინააღმდეგ აქტიურ საომარ მოქმედებებში შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საქართველოს, როგორც ამ კონფლიქტში არამებრძოლი მხარის პოზიციას და მისი საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორია ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ აქციოს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button