სუს-ის თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს) 5 ნოემბერს განაცხადეს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვის „ბრალდებით“ უკანონოდ დააკავეს გალის მცხოვრები საქართველოს მოქალაქე.
აფხაზური საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესის“ ცნობით, დაკავებული 29 წლის ასმათ თავაძეა და მას „აფხაზეთის მოქალაქეობაც“ აქვს. ამავე ინფორმაციით, „სამართალდამცველებმა“ სოხუმში, თავაძის საცხოვრებელ ადგილას 10 გრამზე მეტი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონის“ ორი შეკვრა, ასევე საქართველოს პასპორტი და სახელმწიფო სიმბოლიკები – დროშა და შევრონი აღმოაჩინეს.
სუს-ის განცხადებით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულნი არიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. „ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად“, – აღნიშნავენ უწყებაში.
სუს-ში ასევე ხაზს უსვამენ, რომ „საოკუპაციო ძალის მიერ უკანონო დაკავებების უკიდურესად დესტრუქციული პრაქტიკა, რომელსაც ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმი, ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და მნიშვნელოვან ზიანს აყენებს უსაფრთხოების გარემოს“.
„საოკუპაციო ძალის მიერ განხორციელებული ყველა დაკავება უკანონოა და აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – ნათქვამია უწყების განხადებაში.
ასევე წაიკითხეთ:
- 04/11/2022 – ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან დაკავებული საქართველოს 3 მოქალაქე გაათავისუფლეს
- 02/11/2022 – ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)