skip to content
ახალი ამბები

ოკუპირებულმა აფხაზეთმა ბიჭვინთის აგარაკი რუსეთს გადასცა

27 დეკემბერს, დილის 6 საათზე გამართულ რიგგარეშე სხდომაზე, უფრო ადრე, ვიდრე მანამდე გამოცხადებულ თარიღსა და დროს, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ბიჭვინთის აგარაკის 49-წლიანი იჯარით რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა [კომპლექსი სულ 4000 კვ/მ მოიცავს].  ოპონენტები გადაწყვეტილებას 26 დეკემბრიდან აპროტესტებენ.

პარლამენტის დე-ფაქტო სპიკერმა, ლაშა აშუბამ აქციის მონაწილეებს განუცხადა, რომ შეთანხმება რატიფიცირებულია ორი ცვლილებით: არასწორად მითითებული კოორდინატები, რომლებიც გადასაცემ ზონას კიდევ უფრო აფართოებდა, რუსული მხარის მიერ შესწორდა, და ასევე შეთანხმებაში შევიდა პუნქტი მესამე პირებისთვის მიწის გადაუცემლობის შესახებ.

აშუბას თქმით, შეთანხმების რატიფიცირების მიზნით, ცვლილებები შევიდა ასევე სამ შესაბამის ე.წ. კანონში: „ეს არის კანონი საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ, სამოქალაქო კოდექსი და სპეციალური კონსტიტუციური კანონი, რომელიც ეხება კონკრეტულად სახელმწიფო აგარაკის გადაცემას, სადაც ნათქვამია, რომ ობიექტის მესამე პირებისთვის გადაცემის შემთხვევაში, ხელშეკრულება უქმნდება და ქონება აფხაზეთს უბრუნდება“. რიგგარეშე სხდომაზე, რომელსაც 28 „დეპუტატი“ ესწრებოდა, შეთანხმების რატიფიცირებას 26 „დეპუტატმა“ დაუჭირა მხარი.

აფხაზური ტელეგრამის არხის „ნუჟნაია გაზეტას“ ცნობით, შეთანხმების რატიფიკაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები 26 დეკემბერს დაიწყო. ოპოზიციის წარმომადგენლები „პარლამენტის“ წინ დილის 5 საათზე მივიდნენ, როდესაც რიგგარეშე სხდომა იმართებოდა. „ნუჟნაია გაზეტას“ ცნობით, ჟურნალისტებს, მათ შორის ნიზფა არშბას, შესვლის უფლება არ მისცეს.

გადაწყვეტილება რიგგარეშე სხდომის 28 დეკემბრის ნაცვლად 27 დეკემბერს გამართვის თაობზე გუშინ გახდა ცნობილი. ოკუპირებული აფხაზეთის გამოჩენილმა საზოგადო მოღვაწეებმა, ლავენ მიქაამ და თენგიზ ჯოპუამ რუსულ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასს“ უთხრეს, რომ ხალხის მოთხოვნაა, კანონმდებლებმა ხალხის აზრი გაითვალისწინონ და რომ „პარლამენტის თავმჯდომარე“ აშუბა აქციის მონაწილეებს შეხვდეს.

„ტასის“ ინფორმაციით, ოკუპირებული რეგიონის „პარლამენტის“ შენობა სამართალდამცველებითაა გარშემორტყმული. „გენერალურმა პროკურორმა“ ადგურ აგრბამ და „შინაგან საქმეთა მინისტრმა“ რობერტ კიუტმა გააფრთხილეს საზოგადოება, რომ „მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საფრთხის შექმნისა და საზოგადოებრივი სიტუაციის დესტაბილიზაციის შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოები… ვალდებულნი არიან გამოიყენონ მთელი რიგი ღონისძიებები, მათ შორის პასუხისგებაში მისცენ არეულობის ორგანიზატორები და მონაწილეები, როგორც ამას მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს“.

ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა ასლან ბჟანიამ დოკუმენტს ხელი დილის 9 საათზე მოაწერა. „ნუჟნაია გაზეტას“ ინფორმაციით, მიუხედავად განვითარებული მოვლენებისა, საპროტესტო აქცია დღესაც გაგრძელდება.

პირველად 1995 წელს გადაწყდა, რომ ბიჭვინთა რუსეთს გრძელვადიანი იჯარით გადაეცემოდა, თუმცა მას შემდეგ პრაქტიკული ნაბიჯები არ გადადგმულა. რუსეთმა შეთანხმების დასასრულებლად ძალისხმევა გააძლიერა და 2022 წლის 19 იანვარს მიწის 49 წლით გადაცემის შესახებ ახალი შეთანხმების ტექსტი გაჩნდა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის რატიფიცირებული. მას შემდეგ ეს საკითხი აფხაზეთში მწვავე დისკუსიის თემაა, ხოლო საზოგადოებისა და ოფიციალური პირების აზრი ამ საკითხზე იყოფა. მიმდინარე წლის მაისში ახალგაზრდა აქტივისტები კურორტის გადაცემის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვის დროს დააკავეს.

ოკუპირებული გალის ყოფილმა ხელმძღვანელმა, თემურ ნადარაიამ განაცხადა, ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტროსთან“ არსებული საზოგადოებრივი საბჭოს შეხვედრაზე გასულ წელს, რომ „ხელისუფლება წინასწარ არ განიხილავს ასეთ სენსიტიურ საკითხებს საზოგადოებასთან. ფართო აჟიოტაჟიც სწორედ ამით არის გამოწვეული და არა ანტირუსული განწყობებით“. „აბაზა ტვ-ის“ დირექტორმა და ჟურნალისტმა, რუსლან ხაშიგმა განაცხადა, რომ „არავინაა კურორტის რუსეთისთვის გადაცემის წინააღმდეგ, თუმცა აუცილებელია ამ დოკუმენტის სამართლებრივი შემოწმება“. ოკუპირებული რეგიონის მთავარმა დიპლომატმა, ინალ არძინბამ პირობა დადო, რომ საკითხის შემდგომი განხილვის მიზნით, „რუსეთის ელჩთან აფხაზეთში“ მიხეილ შურგალინთან შეხვედრას გამართავდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button