skip to content
ახალი ამბები

საქართველო საბჭოთა ოკუპაციის დღეს აღნიშნავს

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სამთავრობო შენობებზე დროშები ნახევრად დაუშვეს. 1921 წლის 25 თებერვალს რუსულმა ბოლშევიკურმა წითელმა არმიამ თბილისზე კონტროლი დაამყარა.

საბჭოთა ოკუპაციის დღე საქართველოში ოფიციალურად მას შემდეგ აღინიშნება, რაც 2010 წელს პარლამენტმა ერთხმად მიიღო დადგენილება, რომლითაც მთავრობას კომუნისტური საოკუპაციო რეჟიმის პოლიტიკური რეპრესიების ასიათასობით მსხვერპლის მოსახსენიებლად, ყოველ 25 თებერვალს სხვადასხვა მემორიალური ღონისძიების ორგანიზება დაევალა.

დღეს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გორში, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, გენერალ გიორგი კვინიტაძისა და საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში 1921 წლის თებერვალში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და იუნკერებს მიმართა.

„25 თებერვალი, სწორედ ასეთი იყო ეს დღე 1921 წელს, როცა მტრის არმია თბილისში შემოდიოდა. ეს იყო იმ ღირსეული ბრძოლის დასასრული, სადაც თქვენი წინამორბედები ღირსეულად იბრძოდნენ კოჯორსა და ტაბახმელაში. ის ბრძოლა იმ დღეს დასრულდა, მაგრამ ომი არ დასრულებულა. ეს ომი გაგრძელდა, გაგრძელდა 1921 წლის შემდეგაც“, – უთხრა პრეზიდენტმა იუნკერებს.

ბოლშევიკურმა რუსულმა არმიამ საქართველოს დედაქალაქი რამდენიმედღიანი მწვავე ბრძოლების შემდეგ 1921 წლის 25 თებერვალს დაიპყრო. ბოლშევიკებმა სოციალ-დემოკრატიული მთავრობა ჩამოაგდეს, რითაც ქვეყნის ხანმოკლე სახელმწიფოებრიობა დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ 1920 წლის 7 მაისს, დაპყრობამდე რამდენიმე თვით ადრე, საბჭოთა რუსეთმა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას მოსკოვის ხელშეკრულების ფარგლებში დე იურე აღიარება მიანიჭა.

ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღადგინა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button