ახალი ამბები

დამოუკიდებელი მედია „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებას გმობს

საქართველოს დამოუკიდებელმა მედია საშუალებებმა 8 აპრილს განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც „უცხოელი აგენტების“ შესახებ „რუსული კანონის“ ხელახლა ინიცირების თაობაზე მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას გმობენ. მედია საშუალებები პირობას დებენ, რომ გააძლიერებენ წინააღმდეგობას, რათა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, საქართველო ჭეშმარიტად ევროპულ დემოკრატიად გადააქციონ.

მედია საშუალებები აცხადებენ, რომ კანონპროექტი არის „ქართული ოცნების“ მორიგი მცდელობა, „მოქალაქეებს წაართვას ხმა, გაანადგუროს დამოუკიდებელი მედია, სამოქალაქო საზოგადოება, გააჩუმოს და საჯარო პროცესებიდან გარიყოს საზოგადოების ყველაზე აქტიური ნაწილი“. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსული კანონის დაბრუნებით საქართველოს ხელისუფლებამ „თავისი ძალადობრივი ბუნება კიდევ ერთხელ წარმოაჩინა. „ქართული ოცნების“ მასწავლებელი რუსეთის ხელისუფლებაა, რომლის მსგავსადაც სურს, რომ ქვეყანა მართოს დამორჩილებითა და გაკონტროლებით, ჩახშობითა და განდევნით, სიცრუითა და დემაგოგიით“.

მედიის წარმომადგენლები ხაზს უსვამენ, რომ „ამ კანონს ჩვენ სწრაფი ტემპით გადავყავართ მმართველობის შერეული სისტემიდან მყარად ჩამოყალიბებულ ავტორიტარიზმში, რუსული ყაიდის ქვეყანაში, სადაც… ყველაზე დაფასებული თვისება მორჩილებაა“. მედია საშუალებების თქმით, მათ არ სურთ ასეთ ქვეყანაში ცხოვრება და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არ მისცემენ საშუალებას, საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების რეალური შანსი დააკარგინოს.

„წლებია, „ქართული ოცნება“ არ წყვეტს ბრძოლას განსხვავებული და კრიტიკული აზრის წინააღმდეგ, რომელიც ხშირად სწორედ ჩვენი ვებ გვერდებიდან და ეთერიდან ისმის. ამის გამო, დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ერთად, ხელისუფლების უპირველეს სამიზნედ ვიქეცით.

წლებია, ჟურნალისტების მიმართ სიძულვილი იღვრება ყველაზე მაღალი ტრიბუნებიდან. ყველაზე მაღალი თანამდებობის პირები ეწევიან ჟურნალისტების დემონიზებას, შეთქმულების თეორიებით, დეზინფორმაციით და შეთხზული ისტორიებით. საქართველოს ხელისუფლება, სისტემურად და კამპანიურად ავიწროებს და დევნის ჟურნალისტებს, არ აძლევს მათ მუშაობის საშუალებას, ძალადობს მათზე სიტყვიერად და ფიზიკურად“, – ნათქვამია განცხადებაში.

მედია საშუალებები აცხადებენ, რომ არ შეწყვეტენ ბრძოლას იდეალებისთვის. „ამ ბრძოლაში ჩვენს გვერდით არიან ჩვენი ქვეყნის მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები, რომელთაც ჩვენზე არანაკლებ ახარებთ ჩვენი ყოველი მიღწევა, ყოველი გამარჯვება, ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი“.

„ქართული დამოუკიდებელი მედია მუდმივად გრძნობდა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას, რომელთა წვლილი საქართველოში განხორციელებული ყველა მნიშვნელოვანი რეფორმის პროცესში შეუფასებელია. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არიან ჩვენი უსაფრთხოების და დამოუკიდებლობის ერთადერთი გარანტი“, – ნათქვამია განცხადებაში.

მედია საშუალებების თქმით, საერთაშორისო პარტნიორებმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოხატეს თავიანთი მკვეთრად უარყოფითი აზრი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ამ „დამაზიანებელ და მავნებლურ ინიციატივაზე და საქართველოს ხელისუფლებას მისი უკან გაწვევისკენ მოუწოდეს“. ისი აღნიშნავენ, რომ არ მისცემენ მმართველ პარტიას რუსული კანონის მიღების საშუალებას, რომ „საქართველოსა და მის ნამდვილ მეგობრებს შორის ყრუ კედელი აღმართოს“.

„გავაძლიერებთ წინააღმდეგობას, დავიცავთ ჩვენს უფლებებს, ჩვენი მოქალაქეების უფლებებს და ჩვენი ქვეყნის უფლებას, თავისი ცივილიზაციური არჩევანის თანახმად იმოქმედოს. საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, გადავაქცევთ საქართველოს ჭეშმარიტად ევროპულ დემოკრატიად“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:  საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, სტუდია მონიტორი, რადიო მარნეული, საქართველოს ამბები/მთის ამბები, ქუთაისიპოსტი, ქვემო ქართლის მედია QvemoQartli.ge, პუბლიკა, გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი”, ალიქ მედია ჯორჯია, გურია ნიუსი, ნეტგაზეთი, ბათუმელები, სტუდია რეკ, ufleba.ge, სამხრეთის კარიბჭე – sknews.ge, On.ge, მედია აპრილი, კახეთის ხმა – knews.ge, Psnews.ge, ჩემი ხარაგაული, Newpress.ge, რადიო „ათინათი”, ინდიგო, ჯემნიუსი, TOK TV , აგროგარემო TV, Qartli.ge, მედიაჩეკერი, OC Media, ტელეკომპანია ბორჯომი, პროექტი 64.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ 3 აპრილს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირების შესახებ  გააკეთა განცხადება. 2023 წლის 7-9 მარტის მასობრივი აქციების შემდეგ პარლამენტმა კანონპროექტი ჩააგდო. მდინარაძის თქმით, კანონპროექტის შინაარსი იგივე რჩება და მხოლოდ მისი სათაური იცვლება. შესაბამისად, ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებული იქნება ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. გადაწყვეტილებას ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის, ასევე საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა მოყვა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button