skip to content
ახალი ამბები

ევროპის 12 ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები: „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტი „მტრული ნაბიჯია“

თორმეტი ევროპული სახელმწიფოს პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებმა 5 აპრილს ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც „უცხოელი აგენტების შესახებ ე.წ. რუსული კანონის“ ხელახალი ინიცირების გამო „ღრმა შეშფოთებას“ გამოხატავენ. მათ განაცხადეს, რომ ეს არის „მტრული ნაბიჯი ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისა და მათი მომავლის წინააღმდეგ“ და ხელისუფლებას მისი საპარლამენტო დღის წესრიგიდან მოხსნისკენ მოუწოდეს.

თავმჯდომარეებმა განაცხადეს, რომ კანონპროექტის მიზანი „საქართველოს აქტიური პროევროპული სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის სტიგმატიზაცია და შესუსტებაა“. მათი თქმით, ეს „ძირს უთხრის საქართველოს მიერ რთულად მოპოვებულ ევროპულ პერსპექტივას და კანდიდატის სტატუსს“, რადგან დამოუკიდებელი ასოციაციებისა და მედიისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა „დემოკრატიის საფუძველია და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის წარმატებისთვის“.

თავმჯდომარეები ხაზს უსვამენ, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი იმ პირობით მიენიჭა, რომ ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 12 ნაბიჯს განახორციელებდა. მათივე თქმით, დღემდე მხოლოდ სამი ნაბიჯი განხორციელდა. ისინი ასევე ახსენებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ დარჩენილი პირობები მოიცავს სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლებას და ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას.

თავმჯდომარეები „მოუწოდებენ მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ გაიწვიოს კანონპროექტი საპარლამენტო განხილვებიდან“ და კიდევ ერთხელ გამოხატავენ მხარდაჭერას ევროკავშირში საქართველოს მისწრაფებების მიმართ. განცხადებაში ნათქვამია: „ვიმედოვნებთ, საქართველო დაიცავს თავის ვალდებულებას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობისადმი“ და „ასევე გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ გამოავლენს სიმწიფესა და მონდომებას ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციისთვის, რა დროსაც დასავლური ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებებით იხელმძღვანელებს. ქართველი ხალხის მომავალი სასწორზეა“.

ერთობლივ განცხადებას ხელი მოაწერეს ჩეხეთის რესპუბლიკის, დანიის, ესტონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ირლანდიის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიის, პოლონეთის და გაერთიანებული სამეფოს პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button