skip to content
ახალი ამბები

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკომისიას, გააკონტროლოს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებების შესაბამისობა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან

ევროპარლამენტის წევრებმა სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებიდან 5 აპრილს ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც სინანულს გამოთქვამენ მმართველი პარტიის მიერ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის ხელახალი ინიცირების გამო, რასაც „ქართული საზოგადოება კატეგორიულად შეეწინააღმდეგა“ გასულ წელს. „ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ევროკომისიას გააკონტროლოს, შეესაბამება თუ არა საქართველოს ხელისუფლების ასეთი გადაწყვეტილებები კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და დროულად მოამზადოს შეფასება“. ევროპარლამენტარები ასევე აცხადებენ, რომ „საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების რეგრესიული პროცესის შემთხვევაში, ევროკომისია შესაძლოა გაფართოების პროცესის საწყის პოზიციებს დაუბრუნდეს“.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ კანონი „უცხოელი აგენტების შესახებ“ შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ ღირებულებებთან და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველოს გასულ წელს იმ პირობით მიენიჭა, რომ შესაბამის ნაბიჯებს გადადგამდა, და ხაზგასმულია, რომ აღნიშნული კანონპროექტი ამ ნაბიჯებიდან მინიმუმ ორს არღვევს: მე-9 ნაბიჯს, რომელიც საკანონმდებლო და პოლიტიკის შემუშავების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვას და თავისუფლად მოქმედებას მოითხოვს, და 1-ელ ნაბიჯს, რომელიც ევროკავშირისა და მისი ღირებულებების თაობაზე დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას ეხება.

ევროპარლამენტარების თქმით, ევროკავშირი მნიშვნელოვან დახმარებას უწევს საქართველოს, რათა დაეხმაროს ქვეყანას, განახორციელოს პროევროპული რეფორმები და გააუმჯობესოს ქართველი ხალხის ცხოვრება, მხარი დაუჭიროს ბიზნესს, ხელი შეუწყოს ეკონომიკურ განვითარებას და ინსფრასტრუქტურის მშენებლობას. ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ ხსენებული კანონპროექტი „ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ‘უცხოელი აგენტების’ და ‘სახელმწიფოს მტრების’ იარლიყს მიაკერებს, თუ ისინი ევროკავშირის ისეთივე დაფინანსებას მიიღებენ, როგორსაც საქართველოს მთავრობა იღებს მსგავსი საქმიანობისთვის“.

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს ხელმძღვანელობას, შეასრულოს გასულ წელს აღებული ვალდებულება და არ შემოიღოს კანონი „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „სანაცვლოდ ინვესტირება მოახდინოს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან ინკლუზიურ ურთიერთობაში, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმ რეფორმების განხორციელების მონიტორინგსა და მხარდაჭერაში, რომელსაც ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაცია მოყვება“.

ევროპარლამენტის წევრები ხაზს უსვამენ, რომ „საქართველო ევროკავშირს ეკუთვნის და ამის მიღწევა მხოლოდ ევროკავშირის ღირებულებებისა და დემოკრატიული პრინციპების დაცვით, მათ შორის აქტიური სამოქალაქო საზოგადოების უზრუნველყოფითაა შესაძლებელი“.

განცხადებას სხვებთან ერთად ხელს აწერენ ევროპარლამენტარები პეტრას აუშტრევიჩიუსი, მირიამ ლექსმანი, სვენ მიკსერი, ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი, ანა ფოტიგა, ანდრიუს კუბილიუსი, კარინ კარლსბრო, ფრანსუა ტიოლე, ანა ჯულია დონატი, და სხვები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button