skip to content
ახალი ამბები

„ქართული ოცნება“ აშშ-ის საელჩოს, USAID-ს, NED-ს, EED-ს, უცხოეთიდან დაფინანსებულ სსო-ებს საქართველოს წინააღმდეგ კოორდინირებულ მუშაობაში ადანაშაულებს

„ქართულმა ოცნებამ“ გააძლიერა თავდასხმები საქართველოში აშშ-ის საელჩოზე, USAID-სა და „სხვა სუბიექტებზე“ – უცხოელ დონორებსა და მათი დაფინანსების მიმღებ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებზე (სსო) და ისინი ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ „კოორდინირებულ მუშაობაში“ დაადანაშაულა. შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 6 თებერვალს ყაზახეთში ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

„საქართველოში აშშ-ის საელჩო და USAID-ი, ისევე როგორც NED-ი და სხვა ინსტიტუციები მოქმედებდნენ კოორდინირებულად ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ“, – განაცხადა მან.

„ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში, პირველ რიგში, შეიცვლება სწორედ აშშ-ის საელჩოს მიდგომა ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს მიმართ და დასრულდება ის მახინჯი კოორდინაცია, რაც არსებობდა საელჩოს, USAID-ს, NED-სა და სხვა შესაბამის სუბიექტებს შორის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ 5 თებერვალს უფრო შემზღუდველი კანონების მიღება დააანონსა, რომელთა სამიზნეც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებია და ასევე რეპრესიული ზომები მედიის მიმართ. მან ასევე განაცხადა, რომ მმართველი პარტია დააინიცირებს კანონპროექტს, რომელიც „იქნება ამერიკული FARA-ს  დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი და უზრუნველვყოფთ მის სრულფასოვან ამოქმედებას“. მისივე თქმით, ე.წ. „მედიის კანონი“ ბრიტანულ მოდელს დაეფუძნება.

„ქართული ოცნების“ ოფიციალური პირების თავდასხმები აშშ-ს საელჩოსა და USAID-ის, ისევე როგორც აშშ-ისა და ევროკავშირის სხვა დონორი ორგანიზაციებისა და მათი დაფინანსების მიმღები სსო-ებისა და მედიის წინააღმდეგ მას შემდეგ გაძლიერდა, რაც აშშ-ის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 90 დღით ყოველგვარი უცხოური დახმარების გლობალურად შეჩერება გამოაცხადა.

ტრამპის გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ ლიდერებმა მოიწონეს. „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი განსაკუთრებით აქტიურად აკრიტიკებდა დასავლელ დონორებს. მან განაცხადა, რომ ტრამპის გადაწყვეტილებამ „დაადასტურა“ ის, რასაც მმართველი პარტია ამბობდა, რომ აშშ-ის უცხოური დახმარება ზოგიერთმა ორგანიზაციამ სხვა ქვეყნებში მათი გავლენის გასატარებლად გამოიყენა. მან იქვე დასძინა, რომ ამისთვის მათ გამოიყენეს სხვადასხვა ორგანიზაციები ადგილზე, რომლებიც სწორედ ამ მიზნით დაარსდა.

სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში პაპუაშვილმა ევროპის დემოკრატიის ფონდს (EED) შეუტია და მოითხოვა: „ბრიუსელმა დაუყოვნებლივ უნდა გაასაჯაროოს, თუ რას აფინანსებს საქართველოში ევროპის დემოკრატიის ფონდი (EED)“ და დასძინა: „აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ ამერიკელი ხალხის ფულის მავნე პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მხილების შემდეგ, საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური ინტერესი ამ ფონდის საქმიანობის მიმართ“.

შემზღუდავი კანონმდებლობის დაგეგმილი მიღების შესახებ განცხადების პარალელურად ქვეყანაში უწყვეტი პროევროპული საპროტესტო აქციები იმართება.

„არიან საქართველოში ყველაზე მდიდარი „ენჯეოები“, რომლებიც პირდაპირ გამოიყენებოდნენ რევოლუციის მოსაწყობად. დღემდე გრძელდება ეს პროცესი“, – განაცხადა კობახიძემ.

მან გაიმეორა „ქართული ოცნების“ ბრალდებები, რომ დასავლელი დონორები, რომლებიც მხარს უჭერენ დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას, ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას ცდილობენ: „რევოლუციის მცდელობის ავანგარდში დგანან სწორედ უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოები“, ესენი არიან აშშ-დან დაფინანსებული „ენჯეოები“, USAID-ი, NED-ი, რასაც ღიად აკრიტიკებს უკვე ახალი ამერიკული ადმინისტრაცია. ესენი არიან ასევე ევროკავშირთან დაკავშირებული ფონდების მიერ, იმავე EED-ის მიერ დაფინანსებული „ენჯეოები“.

„ეს ყველაფერი არის საფრთხე საქართველოს სუვერენიტეტისთვის“, – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button