ახალი ამბები

ნინო დათაშვილის იძულებით ფსიქიატრიულ გამოკვლევას საბჭოთა რეპრესიულ პრაქტიკას ადარებენ

დაკავებული აქტივისტის ნინო დათაშვილის 20 დღით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებითი გადაყვანის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებამ გააძლიერა შიში, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შესაძლოა საბჭოთა ან ფაშისტური რეჟიმებისთვის დამახასიათებელ რეპრესიულ მეთოდებს მიმართოს.

სასამართლოს სადავო გადაწყვეტილებამ სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები, მათ შორის ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები, იურისტები და პედაგოგები, აიძულა დაეგმოთ ფსიქიატრიის ბოროტად გამოყენება ოპონენტების წინააღმდეგ რეპრესიების დროს.

„საბჭოთა კავშირში დისიდენტების საზოგადოებისგან იზოლაცია მათი ფსიქიატრიულ დაწესებულებებში იძულებითი მოთავსებისა და “მკურნალობის” გზით პოლიტიკური ანგარიშსწორების ჩვეული ხერხი იყო. ამგვარ პრაქტიკას, საერთაშორისო ნორმების მიხედვით, ენიჭება წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კვალიფიკაცია“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ასობით ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტი აწერს ხელს.

განცხადებაში მოყვანილია გლობალური სტატისტიკა, რომელიც მიუთითებს, რომ ყოველი მეოთხე ადამიანი სიცოცხლეში ერთხელ მაინც განიცდის ფსიქიკური ჯანმრთელობის ისეთ საერთო პრობლემებს, როგორიცაა შფოთვა, დეპრესია, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და მასთან დაკავშირებული ემოციური ლაბილობა. „ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება, ამ ექსპერტიზის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში თავად პირის მონაწილეობის გარეშე, არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა და შესაძლოა გავუტოლოთ არაჰუმანურ და დამამცირებელ მოპყრობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

აქტივისტი ნინო დათაშვილი საჯარო მოსამსახურეზე განხორციელებული „თავდასხმის“ ბრალდებით 20 ივნისს დააკავეს. ინციდენტი 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოხდა. შსს-ს თქმით, დათაშვილი „არ დაემორჩილა მანდატურის თანამშრომლებს და ერთ-ერთ მათგანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა“.

This post is also available in: English

Back to top button