ახალი ამბები

ჰერჩინსკი ცხრა ნაბიჯის შესახებ: დრო მიდის, პროგრესია საჭიროა

22 მარტს, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ხელისუფლებას ევროკომისიის ცხრა პირობის განსახორციელებლად საჭირო რეფორმების დაჩქარებისკენ მოუწოდა. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) პროექტის „ქალების მენტორობა ტექ. პროგრამებში‘‘ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას, ელჩმა გაიმეორა, რომ ევროკავშირის კარი ღიაა და რომ „ახლა დროა ქართველები ამ კარში შევიდნენ“.

ელჩს კომენტარის გაკეთება სთხოვეს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებაზე, რომელმაც ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ბოსნია და ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე „უსამართლო“ უწოდა. პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „ცხრა დათქმიდან არცერთი რომ არ შესრულდეს, მაინც ლიდერები ვართ. თავად ევროკომისიის შეფასებითვე, საქართველო ლიდერია ყველა პარამეტრით, საქართველო და ქართველი ხალხი იჩაგრება ასეთი უსამართლო გადაწყვეტილებებით… და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სამწუხაროდ, გადაწყვეტილებები არ არის დაფუძნებული დამსახურებაზე“.

ელჩმა ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირის ლიდერები „სერიოზულად არიან განწყობილნი გაფართოების მიმართ“ და აგრძელებენ მუშაობას „დიდი გაფართოებისთვის ნიადაგის მოსამზადებლად“. თუმცა, ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს მოუწოდებენ, რომ „დააჩქარონ მზადება“.

„ლიდერებმა მოუწოდეს საქართველოს გააძლიეროს ძალისხმევა რეფორმების მიმართულებით, განახორციელოს ცხრა ნაბიჯი. ჯერ კიდევ არის დრო და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საკმარისი პროგრესი იქნება, რათა საქართველოც გადავიდეს შემდეგ ეტაპზე, რომელიც არის გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება, მაგრამ ამას სერიოზული მუშაობა სჭირდება და სწორედ ეს არის, რაზეც პირველი დღიდანვე გესაუბრებით. დრო მიდის და პროგრესია საჭირო. საგზაო რუკა ძალიან ნათელია, ცხრა ნაბიჯი. ჩვენ ერთად უნდა დავჯდეთ და დავრწმუნდეთ, რომ დრო არ გაიფლანგება და რომ მომდევნო რამდენიმე თვეში საკმარისი პროგრესი გვექნება იმისათვის, რომ შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ“, – განაცხადა ელჩმა ჰერჩინსკიმ.

გარდა ამისა, ევროკავშირის ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის კარი ღიაა და „ახლა დროა ქართველები ამ კარში შევიდნენ… თუ რაიმე მიზეზით ფიქრობთ, რომ მეტი დრო გჭირდებათ, ან მეტი ფიქრი გჭირდებათ, ანდაც არსებობს სხვა პრიორიტეტები, გარდა ევროკავშირში ინტეგრაციისა, ეს თქვენი არჩევანია. როგორც ევროკავშირი, ჩვენ პატივს ვცემთ ნებისმიერ არჩევანს, რომელიც აქ, თბილისში გაკეთდება“.

ელჩმა ჰერჩინსკიმ 2024 წელს საქართველოში დაგეგმილ არჩევნებზეც ისაუბრა. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას უზრუნველყოფს მაქსიმალურად თავისუფალი და სამართლიანი პროცესი, ასევე ყველა პოლიტიკური პარტიისთვის თანაბარი პირობები და საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ხმის თავისუფალ, სამართლიან და ფარულ არჩევნებზე მიცემის შესაძლებლობა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ.

ევროკავშირის ელჩს ასევე ჰკითხეს საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე, რომლებიც, როგორც ფართოდ მიიჩნევა, არ შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. მართალია პრეზიდენტმა ამ ცვლილებებს ვეტო დაადო, პარლამენტმა დაძლია ეს ვეტო.  ელჩმა განაცხადა: „ჩვენთვის ვენეციის კომისია არის უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების განმსაზღვრელი. პარლამენტმა ის გადაწყვეტილება მიიღო, რაც მიიღო. ჩვენ დავეხმარებით და ვიმუშავებთ ხელისუფლებასთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ საარჩევნო პროცესი იქნება მაქსიმალურად თავისუფალი, სამართლიანი, და უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button