ახალი ამბები

ევროკავშირის წარმომადგენლობა საზოგადოების კითხვებს პასუხობს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ევროკავშირის საქმიანობისა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ქვეყნის მხარდაჭერის შესახებ საზოგადოების კითხვებს უპასუხა. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ, ასუნსიონ სანჩეს-რუისმა, ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდროვიჩმა, და წარმომადგენლობის სხვა წევრებმა საზოგადოების კითხვებს წარმომადგენლობის ოფიციალურ ვებგვერდზე უპასუხეს. „სამოქალაქო საქართველომ“ მათი პასუხებიდან რამდენიმე მთავარი გზავნილი შეაჯამა.

საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, ელჩმა ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, უპირველეს ყოვლისა, „არის საქართველოს მოსახლეობის მიერ მისი ევროპული მომავლის ძლიერი მხარდაჭერის აღიარება“. თუმცა, ევროკავშირის სტანდარტებთან ქვეყნის დასაახლოებლად, მან ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ცხრა ნაბიჯის განხორციელების საჭიროებას გაუსვა ხაზი.

რაც შეეხება საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებას, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ, ასუნსიონ სანჩეს-რუისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირისკენ სვლა „ეროვნული მიზანია“ და მხარეები ახლა უნდა შეთანხმდნენ, როგორ მიაღწიონ ამ ეროვნულ მიზანს. მანაც ცხრა ნაბიჯის განხორციელების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, თითოეული ამ ნაბიჯის განხორციელებას მოყვება დეპოლარიზაცია: დაწყებული საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებით და საპარლამენტო ზედამხედველობით და დამთავრებული დეზინფორმაციასთან ბრძოლით და ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვით.   

რაც შეეხება რუსულ პროპაგანდასა და დეზინფორმაციასთან დაპირისპირებას, ასუნსიონ სანჩეს-რუისმა ხაზი გაუსვა ქვეყანაში სხვადასხვა აქტორებს შორის, კერძოდ, სამთავრობო უწყებებს, სტრატკომებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციებს, აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, მედიასა და სხვა აქტორებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა: „ევროკავშირისკენ სვლის პროცესში, საქართველოს სჭირდება სრულყოფილი და ინკლუზიური ეროვნული სტრატეგია, რომელსაც თან ერთვის სექტორთაშორისი და გაზომვადი სამოქმედო გეგმა მკაცრი ზედამხედველობის მექანიზმებით“. მისი თქმით, დეზინფორმაციასთან ბრძოლა ეროვნული და ევროპული უსაფრთხოების საკითხია.

კითხვაზე, შეუწყობს თუ არა ხელს კანდიდატის სტატუსი საქართველოს სასამართლო სისტემის გაუმჯობესებას, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სასამართლო სისტემა უნდა ეფუძნებოდეს ადამიანის უფლებებს და შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს. „ამისათვის აუცილებელია სასამართლო სისტემაზე გარე გავლენების აღმოფხვრის მტკიცე ნება და შესაბამისი ფინანსური რესურსებისა და სწავლების უზრუნველყოფა. უნდა არსებობდეს სამართლიანი სასამართლო პროცედურების ჩატარების სამართლებრივი გარანტიები“. წარმომადგენლობამ ასევე განაცხადა, რომ „სამართლიანი, მიუკერძოებელი, ინკლუზიური, ხელმისაწვდომი და ეფექტიანი სასამართლო სისტემა კანონის უზენაესობის იმ ვალდებულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ევროკავშირის წევრ და ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ყველა სახელმწიფოს ეკისრება“.

კითხვაზე როგორ აისახება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული ვითარება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ევროკავშირის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ საქართველოს ევროპული მომავალი „კონფლიქტის მძევალი ვერ და არ იქნება“. „ჩვენ გვჯერა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შემდგომი გაძლიერების შედეგად, საქართველო ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონებში მცხოვრებთათვის აუცილებლად გახდება მიმზიდველი“, – განაცხადა წარმომადგენლობამ.  

კითხვაზე შეიძლება თუ არა შეასუსტოს შენგენის ზონის წევრობის პერსპექტივა იმ გარემოებამ, რომ საქართველოს ევროკავშირთან უშუალო სახმელეთო საზღვარი არ აქვს, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შენგენის ზონა საზღვრის ტიპით არ განისაზღვრება. „ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა (მალტა, კვიპროსი, ირლანდია) შენგენის ზონის წევრია, თუმცა, ევროკავშირის სხვა  ქვეყნებთან მათ სახმელეთო საზღვარი არ აქვთ“, – განაცხადა წარმომადგენლობამ და დასძინა, რომ შენგენის ზონაში გაწევრიანებამდე საქართველომ აღნიშნული ზონის საერთო წესები უნდა დააკმაყოფილოს.

კითხვაზე შეუძლია თუ არა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს გააუმჯობესოს შრომითი უფლებები საქართველოში და საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობა გაუადვილოს, ელჩმა ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფარგლებში, საქართველომ დასაქმებისა და შრომის სფეროში არსებული მთელი თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონთა კრებულთან, ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს, და მისი აღსრულება უზრუნველყოს. „ეს სამუშაო პირობებთან, სამუშაო საათებთან, დისკრიმინაციის აკრძალვასთან და თანამშრომელთა სხვა უფლებებსა და მოვალეობებთან დაკავშირებულ დადებით ცვლილებებს მოიცავს“, – აღნიშნა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button