ახალი ამბები

TI საქართველო: საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები წინააღმდეგობაშია ევროკომისიის მოთხოვნებთან

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ საარჩევნო კოდექსში მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ ცვლილებებთან დაკავშირებით 15 თებერვალს განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ეს ცვლილებები, რომლებიც პარლამენტმა 9 თებერვალს მეორე მოსმენით მიიღო, წინააღმდეგობაში მოდის ევროკომისიის მოთხოვნებთან, ასევე ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან. ორგანიზაცია მოუწოდებს პარლამენტს უარი თქვას კანონპროექტის არსებული სახით მიღებაზე და რაც შეიძლება სწრაფად შეიმუშავოს და დაამტკიცოს იმგვარი ცვლილებები, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან. ამასთან, კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღების შემთხვევაში, ორგანიზაცია საქართველოს პრეზიდენტს ვეტოს უფლების გამოყენებისკენ მოუწოდებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2023 წლის ივნისში პარლამენტმა საარჩევნო კოდექსსა და რეგლამენტში ცვლილებების პირველი პაკეტი მიიღო, რომლითაც ცვლილებები შევიდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარისა და პროფესიული ნიშნით წევრების არჩევის პროცედურაში. შეცვლილი პროცედურის მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარესა და შვიდ წევრს პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს.

ცესკოს წევრების დანიშვნის წინა პროცედურა შარლ მიშელის შეთანხმებას შეესაბამებოდა და ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევაზე საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის შეთანხმებას საჭიროებდა.  

მეორე მოსმენით მიღებული ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარობის/წევრობის კანდიდატის ასარჩევად პარლამენტის წევრთა 3/5-ის (90 ხმა) მხარდაჭერაა საჭირო; მაგრამ თუ პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარეობის/წევრობის კანდიდატის 90 ხმით არჩევას ვერ შეძლებს, შემდეგი კენჭისყრით პარლამენტს მისი არჩევა კვლავ სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა) შეეძლება. ამისათვის პარლამენტს ორი ცდის შესაძლებლობა ეძლევა. თუკი პარლამენტი  76 ხმით ორჯერ ვერ აირჩევს კანდიდატს, ასეთ შემთხვევაში  ცესკოს თავმჯდომარის/წევრის ერთპიროვნულად დანიშვნის უფლებამოსილება ქვეყნის პრეზიდენტზე გადადის. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარე/წევრი დაბალი კვორუმით არჩევის შემთხვევაშიც სრული ვადით, 5 წლით, დაინიშნება.

ცვლილებებით ასევე უქმდება ცესკოს თავმჯდომარის ორი მოადგილიდან იმ მოადგილის პოსტი, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლისთვის არის განკუთვნილი. მოქმედ მოადგილეს – პარტია „ლელოს“ წარმომადგენელ გიორგი სიორიძეს უფლებამისილება კანონის ამოქმედებისთანავე შეუწყდება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აღნიშნავს, რომ პარლამენტის ერთჯერადი 3/5-იანი კვორუმი და კანდიდატების არჩევის მეოთხე ეტაპზე პროცესში პრეზიდენტის შემოყვანა „წმინდა ფორმალობად“ დარჩება და პრაქტიკაში ვერ გაზრდის ცესკოს მრავალპარტიული თანხმობით დაკომპლექტების შესაძლებლობას. მეორე მხრივ კი, „ოპოზიციისთვის განკუთვნილი ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტის გაუქმება მორიგი უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს მმართველი პარტიის სრულ კონტროლს კომისიაზე“.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტზე ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციების მიუხედავად, პარლამენტმა კანონპროექტი მეორე მოსმენით ამ რეკომენდაციების უგულებელყოფით მიიღო.

ინ ფონზე, როდესაც კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯს, რომლებიც, სხვა მოთხოვნებთან ერთად, საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას მოითხოვს, „მიგვაჩნია, რომ არსებული სახით კანონპროექტის მიღება ხელს არ შეუწყობს ელექტორატის მხრიდან საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობის ამაღლებას და მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს  თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. ასევე, შესაძლოა, კანონპროექტმა სერიოზულად შეაფერხოს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი“, აცხადებს ორგანიზაცია.

ორგანიზაციის თქმით, ცესკოს დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის/ეუთო-ოდირის ერთობლივ დასკვნაში წარმოდგენილი იყო შემდეგი რეკომენდაციები:

  • ცესკოს თავმჯდომარის და არაპარტიული წევრების არჩევისას, კვორუმი პირველ რიგში უნდა შეადგენდეს პარლამენტის წევრთა 2/3-ს (100 ხმა), შემდგომი ჩიხის საწინააღმდეგო (anti-deadlock) მექანიზმით; კანდიდატების უბრალო ან აბსოლუტური უმრავლესობით არჩევა უნდა მოხდეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როგორც ჩიხიდან გამოსავალი საშუალება;
  • უნდა გაიზარდოს ინტერვალი კენჭისყრებს შორის;
  • კანდიდატების წარდგენის უფლებამოსილება პარლამენტის სპიკერიდან ისევ ქვეყნის პრეზიდენტს უნდა დაუბრუნდეს;
  • აღდგეს ცესკოს თავმჯდომარის იმ მოადგილის პოსტი, რომელიც ოპოზიციისთვის იყო განკუთვნილი;
  • ცესკოს იმ თავმჯდომარის ან წევრის უფლებამოსილების ვადა, რომლებიც არ არიან არჩეული სრული კვორუმით, ჩვეულებრივზე მნიშვნელოვნად მოკლე უნდა იყოს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button