skip to content
ახალი ამბები

ევროკავშირის ელჩი „სამართლიანი არჩევნების“ პროექტის პრეზენტაციაზე არჩევნებზე დაკვირვების მნიშვნელობაზე საუბრობს

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ 1 თებერვალს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესების ხელშეწყობა საქართველოში“ პრეზენტაცია გამართა, რომელსაც ოპოზიციური პარტიების წევრები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი დაესწრნენ.

„სამართლიანი არჩევნების“ თქმით, ღონისძიებამ მას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გეგმების გაზიარების საშუალება მისცა. პროექტში ხაზგასმულია არჩევნების ძლიერი სადამკვირვებლო მისიის, ამომრჩეველთა საინფორმაციო კამპანიებისა და პოლიტიკურ პარტიებსა და ამომრჩევლებს შორის კონსტრუქციული დიალოგის ხელშეწყობის ინიციატივების მნიშვნელობა.

ღონისძიების ფარგლებში ჟურნალისტებთან საუბრისას ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ არჩევნებზე დაკვირვების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და განაცხადა: „ჩვენ ველით, რომ საქართველოს მთავრობა მოიწვევს ეუთო/ოდირის გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიას და რა თქმა უნდა, როგორც ევროკავშირი მხარს ვუჭერთ ასევე მაღალი რეპუტაციის მქონე, პატივსაცემ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც სპეციალიზირებულნი არიან ამომრჩეველთა განათლებაში… როგორც ყველამ ვიცით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ევროკომისიის მიერ განსაზღვრული და 27 წევრი სახელმწიფოს მიერ შეთანხმებული ცხრა ნაბიჯიდან ერთ-ერთია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს წინსვლისთვის“.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ 2024 წლის არჩევნებზე ფოკუსირების მიუხედავად, ყურადღება ასევე გამახვილდება ცხრა პირობის შესრულებაზე და რომ ევროკავშირი მიმდინარე წელს საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს დაიწყებს.

ევროკავშირის ელჩს ასევე ჰკითხეს მოსაზრება მთავრობაში მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით, რაზეც მან უპასუხა, რომ როგორიც არ უნდა იყოს ცვლილებები, „როგორც ევროკავშირი, ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ ახლად არჩეულ პრემიერ-მინისტრთან და ახლად დანიშნულ მინისტრებთან, რათა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს წინსვლას დავეხმაროთ“.

„სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ „პირველი არის, რომ წინასაარჩევნო პერიოდი ჩატარდეს ისე, რომ არ მოხდეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, სახელმწიფო უწყებების ჩართულობა ერთი პარტიის სასარგებლოდ, არ მოხდეს ამომრჩეველზე ზექოლა, მუქარა და დაშინება და თავისუფალ გარემოში მოახერხოს ამომრჩეველმა გადაწყვეტილების მიღება… მეორე ასევე მნიშვნელოვანია, რომ თუკი იქნება მანიპულაციები ან დარღვევები არჩევნებთან დაკავშირებით, ამაზე სახელმწიფო უწყებებმა სახელმწიფო უწყებებმა მოახდინონ დროული და ეფექტური რეაგირება და მესამე, რაც ჩვენ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გვგონია, ეს არის საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის საკითხი“.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ ასევე გამოხატა თავისი ორგანიზაციის ინტერესი გრძელვადიანი და არჩევნების დღის მონიტორინგის განხორციელების მიმართ და განაცხადა, რომ მომავალ არჩევნებზე ტექნოლოგიების გაზრდილი გამოყენებისას კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს არჩევნებზე დაკვირვებას.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button