ახალი ამბები

პარლამენტმა ცესკოს ფორმირების წესთან დაკავშირებულ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

საქართველოს პარლამენტმა 19 მარტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ფორმირების წესთან დაკავშირებულ ცვლილებებზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო დაძლია. ვეტოს დაძლევას 78 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 13-მა წინააღმდეგ მისცა ხმა და თავდაპირველი ცვლილებები პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების გათვალისწინების გარეშე იქნა მიღებული.

ცვლილებებით, რომელიც პარლამენტმა 20 თებერვალს 81 ხმით მიიღო და რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო 5 მარტს დაადო, იცვლება ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული ნიშნით წევრების არჩევის პროცედურა, ასევე უქმდება ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლისთვისაა განკუთვნილი.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა პლენარულ სხდომაზე კენჭისყრამდე, რომ „არცერთი კომისიის არცერთ დასკვნას არ გავითვალისწინებთ, რაც საქართველოს, მისი დემოკრატიული განვითარების, სუვერენიტეტის  წინააღმდეგ იქნება მიმართული“.

ახალი კანონით, ცესკოს თავმჯდომარეს და პროფესიული ნიშნით წევრებს პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს. ცესკოს თავმჯდომარეობის/წევრობის კანდიდატის ასარჩევად პარლამენტის წევრთა 3/5-ის (90 ხმა) მხარდაჭერაა საჭირო; მაგრამ თუ პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარეობის/წევრობის კანდიდატის 90 ხმით არჩევას ვერ შეძლებს, შემდეგი კენჭისყრით პარლამენტს მისი არჩევა კვლავ სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა) შეეძლება. ამისათვის პარლამენტს ორი ცდის შესაძლებლობა ეძლევა. თუკი პარლამენტი  76 ხმით ორჯერ ვერ აირჩევს კანდიდატს, ასეთ შემთხვევაში  ცესკოს თავმჯდომარის/წევრის ერთპიროვნულად დანიშვნის უფლებამოსილება ქვეყნის პრეზიდენტზე გადადის. აღსანიშნავია, რომ ცესკოს თავმჯდომარე/წევრი დაბალი კვორუმით არჩევის შემთხვევაშიც სრული ვადით, 5 წლით, დაინიშნება.

როდესაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ცვლილებებს ვეტო დაადო, მან პარლამენტს მოტივირებული შენიშვნები გაუგზავნა და შესთავაზა საკანონმდებლო ორგანოს, აღედგინა ძველი კანონი და  ცესკოს თავმჯდომარისა და „პროფესიონალი წევრების“ კანდიდატების წარდგენის უფლებამოსილება პრეზიდენტისთვის დაებრუნებინა.

იმავდროულად, ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ცვლილებები ძირს უთხრის ცესკოს ნეიტრალიტეტს. მათ ასევე განაცხადეს, რომ ეს ცვლილებები არ აკმაყოფილებს ევროკომისიის ცხრა პირობას და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button