ევროპული საბჭო საქართველოს პრიორიტეტულ რეფორმებზე წინსვლისკენ მოუწოდებს
21 მარტს ევროპულმა საბჭომ უკრაინის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის, ახლო აღმოსავლეთის, გაფართოებისა და რეფორმების, მიგრაციის, მზადყოფნისა და კრიზისებზე რეაგირების, ასევე ევროპული სემესტრის შესახებ დასკვნა მიიღო. სხვა საკითხებთან ერთად, ევროპული საბჭო ყურადღებას ამახვილებს „საქართველოს მიმდინარე ძალისხმევაზე და ქვეყანას პრიორიტეტულ რეფორმებზე წინსვლისკენ მოუწოდებს“.
ევროპულმა საბჭომ პირობა დადო, რომ „კვლავაც დაეხმარება საქართველოს მედეგობის გაძლიერებასა და იმ გამოწვევების გადაჭრაში, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შელახვისკენ მიმართული რუსეთის ქმედებების, ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგია“.
დასკვნაში ევროპულმა საბჭომ გაფართოებისა და შიდა რეფორმებისთვის მზადება შეაფასა და აღნიშნა, რომ მოსამზადებელი სამუშაოები ორივე მიმართულებით პარალელურად უნდა განხორციელდეს იმისათვის, რომ გაწევრიანების მომენტისთვის როგორც მომავალი წევრი სახელმწიფოები, ისე ევროკავშირი მზად იყვნენ. ევროპული საბჭო შიდა რეფორმების საკითხს მოახლოებულ შეხვედრაზე განიხილავს, რათა 2024 წლის ზაფხულისთვის მომავალი მუშაობის საგზაო რუქის შესახებ დასკვნა მიიღოს.
რაც შეეხება რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, დასკვნაში ნათქვამია, რომ „რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს“ და რომ ევროპული საბჭო „კიდევ უფრო დარწმუნებულია“ უკრაინის მხარდაჭერაში და პირობას დებს, რომ გააგრძელებს „უკრაინისა და მისი ხალხისთვის საჭირო პოლიტიკური, ფინანსური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული, სამხედრო და დიპლომატიური მხარდაჭერის უზრუნველყოფას“. ევროპული საბჭო მოუწოდებს მოკავშირეებსა და პარტნიორებს მსოფლიოს მასშტაბით, რომ მის ამ ძალისხმევას შეუერთდნენ.
ასევე წაიკითხეთ:
- 27/02/2024 – არასამთავრობოების ხედვა ევროკომისიის ცხრა ნაბიჯის შესრულების შესახებ
- 14/12/2023 – საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)