გაზეთი კომუნისტი, 1922: იქმნება ამიერკავკასიის საბჭოთა რესპუბლიკა
აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართველოს საბჭ. რესპუბლიკების საკავშირო ხელშეკრულება
სტატია ქვეყნდება შემოკლებით
გაზეთი კომუნისტი, 23.02.1922, N:43
რედაქციისგან: „გაზეთი კომუნისტი საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ოფიციალური ბეჭდური ორგანო იყო. აქედან გამომდინარე, მასში ქვეყნდებოდა საბჭოთა ხელისუფლების მიერ გამოცემული ოფიციალური ცნობები, გადაწყვეტილებები, ამავდროულად ხშირად ამახინჯებდნენ რეალობას და მათთვის სასურველი იდეოლოგიური პოზიციიდან აწვდიდნენ მკითხველს.“
აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართველოს სოციალისტურ საბჭოთა რესპუბლიკების წარმომადგენლების სრულუფლებიანმა კონფერენციამ გამოვიდა რა დიდი პროლეტარული რევოლუციის მიერ აღიარებულ ხალხთა თვითგამორკვევის უფლებებიდან და იცნო რა ხელშეკრულება თითოეულ მონაწილის დამოუკიდებლობა და სუვერენობა და სცნობს რა თავის ძალების შეკავშირების საჭიროებას […] ამიერკავკასიიდან აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკები ამყარებენ ურთიერთშორის მჭიდრო სამხედრო პოლიტკურ და ეკონომიკურ კავშირს შემდეგ საფუძველებზე.
- რესპუბლიკების კავშირის უმაღლეს ხელისუფლებათ ითვლება აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართველოს მთავრობების მიერ თანასწორი რიცხვით არჩეული წარმომადგენლების სრულუფლებიანი კონფერენცია.
- სრულუფლებიანი კონფერენციის აღმასრულებელ ორგანოდ ითვლება საკავშირო საბჭო, რომლის წევრებს ირჩევს და უკან იწვევს კონფერენცია
- საკავშირო საბჭოს გამგეობაში გადადის: სამხედრო საქმეები, ფინანსები, საგარეო პოლიტიკა, საგარეო ვაჭრობა, გზები, ფოსტა-ტელეგრაფი, კონტრევოლუციასთან ბრძოლა და ეკონომიკური პოლიტიკის ხელმძღვანელობა მოკავშირე რესპუბლიკების ტერიტორიაზე.
- საკავშირო საბჭო შესდგება თავმჯდომარისა და მისი მოადგილისა და წევრებისგან.
ა) სამხედრო საქმეთა კომისარი
ბ) ფინანსთა სახალხო კომისარი
გ) საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი
დ) ფოსტა ტელეგრაფის სახალხო კომისარი
ე) საგარეო ვაჭრობის სახალხო კომისარი
ვ) გზათა მიმოსვლის სამმართველოს უფროსი
ზ) კონტრევოლუციასთან მებრძოლი საგანგებო კომისიის თავჯდომარე
შენიშვნა: 1) მოკავშირე რესპუბლიკების სათანადო სახალხო კომისარიატები უქმდებიან, გარდა კონტრევოლუციასთან მებრძოლი საგანგებო კომისიებისა, რომლებიც რჩებიან რესპუბლიკებში მათი საკავშირო საგანგებოს კომისიისათვის დაქვემდებარებით
შენიშვნა: 2) სამხედრო საქმეთა ფინანსები და ფოსტა-ტელეგრაფის სახალხო კომისარიატებს ჰყავს მოკავშირე რესპუბლიკებში თავისი რწმუნებულები, რომლებიც წევრების უფლებებით შედიან რესპუბლიკების მთავრობებში
5. საკავშირო საბჭო ყველა საკითხებში, რომლებიც კი შედის მის გამგეობაში, ცემს დეკრეტებს, განკარგულებებს, ინსტრუქციებს და საერთოდ იღებს ყოველ საჭირო ზომას მათზე დაკისრებული ამოცანების განსახორციელებლად.
6. მოკავშირე რესპუბლიკების ტერიტორიაზე ეკონომიურ ორგანოების მოქმედების გასაერთიანებლად არსდება „უმაღლესი ეკონომიკური საბჭო“, რომელიც მოქმედებს საკავშირო საბჭოს მუდმივი კომისიის უფლებებით.