რესპუბლიკის ამბები

საბჭოთა დიპლომატებმა საქართველოს საწინააღმდეგო პროპაგანდისათვის ფრანგული პრესა მოისყიდეს

ჟურნ. თავისუფალი საქართველო, 1920 წლის 10 აგვისტო, N25

„კომუნიზმი საფრანგეთში“

საფრანგეთის სინდიკალისტურმა [მუშათა] გაზეთმა „ლე პეპლმა“ გამოაქვეყნა უტყუარი საბუთი იმისა, თუ როგორ ყიდულობენ მოსკოვის „კომუნისტები“ სხვა ქვეყნის „კომუნისტების“ რწმენას. აწრიპინდა ჟან ჟორესის [საფრანგეთის სოციალისტური პარტიის დამფუძნებელი] ყოფილი და აწ კომუნისტური „ლ’უმანიტე“ და ცოფებსა ჰყრის, მაგრამ ცარიელა „მოსაზრებათა“ გარდა, ვერ არღვევს შესყიდვის საბუთს და თავსაც არიდებს ამ საბუთის პირდაპირ გაცნობას.

„ლე პეპლმა“ დაბეჭდა ფოტოგრაფია იმ დეპეშისა, რომლითაც სტამბოლის ვნეშტორგი [სავაჭრო წარმომადგენლობა, ათწლეულების მანძილზე მოქმედებდა როგორც საბჭოთა დიპლომატიურის სამსახურისა და დაზვერვის შირმა – რედ.] ატყობინებს საქართველოს ყოფილს და ახლა მოსკოვის წარმომადგენელს სკობოლევს [მატვეი სკობოლევი, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი დეპუტატი, ყოფილი მენშევიკი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ყოფილი ეკონომიკური წარმომადგენელი ევროპაში – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა], რომ  ჟან გორნის ხელით უგზავნიან თეთრთმეტ ათას (11 000) ოსმალურ ლირას „ლ’უმანიტესათვის“ და სთხოვს დაამოწმოს მიღება ამ ფულისა. ხელს აწერს მოდებაძე.

„ლ’უმანიტე“ იმოწმებს მელასავით თავის კუდს სკობოლევს, რომელიც თვითონ მონაწილეა ამ „პატიოსანი საქმისა“, რომ საბუთი ყალბიაო და დასამტკიცებლად ბეჭდავს განგებ შეთხზულ ყალბ დოკუმენტს, გამოქვეყნებულ ნამდვილის მაგივრად, მაგრამ ნამდვილის გაცნობასა და ექსპერტობაზედ უარს ამბობს: იმით რა დამტკიცდება, თუ თქვენი საბუთი ჩვენსაზე უკეთ არის შედგენილიო. სწორედ ამას ჰქვია „აბრუნდი“ ყალბი ფულის მომჭრელებისა, რომელთაც თავის გამოცემულ ფულს დააწერეს: „ჩემ ნაში ხუჟე ვაშიხ“-ო.

მერჰეიმს, რომელმაც დაბეჭდა ზემო აღნიშნული დეპეშის ფოტოგრაფია „ლე პეპლში“, სხვათა შორის მოჰყავს მთელი რიგი კომუნისტური გაზეთებისა: ბურგუნდიისა, ჩრდილოეთისა, ტუნისისა, ელზას-ლოტარინგიისა და სტრასბურგისა, საცა უკანასკნელში სხვათაშორის უთხრეს: „ჩვენ გვასაზრდოებს „ლ’უმანიტე“-ო და დასძენს: „ლ’უმანიტე“, რომელიც კვეხულობს – ჩემი ტირაჟითა ვცხოვრობო, თურმე სხვა გაზეთების საწველი ფურიც ყოფილაო“.

და ამის საპასუხოდ „ლ’უმანიტეში“ ვიღაც ლუიზა ბოდენი იმასღა ბოდავს, რომ აღტაცებას გამოსთქვამს ტროცკის წიგნზედ [კაუცკის წიგნის საპასუხოდ გამოცემული წიგნი, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ევროპელ იმპერიალისტთა ლაქიას უწოდებს – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა], რომელიც მკაფიოდ და ლამაზად აბათილებს საქართველოს მენშევიკებსაო. უტყუარი მოსყიდვის საბუთის გაბათილებაც თუ შეიძლებოდა ასეთი გაღმა გადავებით – ეს ახალი აღმოჩენაა „ლ’უმანიტესი“, რომელიც მოსკოვის ნაცარცვი ფულით აპირებს საფრანგეთშიაც ააფრიალოს დროშა: „გრაბ ნაგრაბლენნოე“ და დაამყაროს ის კომუნისტური სამოთხე, რომლის წყალობით რუსეთის კაცის ხორცის ჭამიაობა აფრიკელ ბარბაროსებისათვისაც კი მიუღწეველი შეიქმნა. 

მსგავსი/Related

Back to top button