რესპუბლიკა 100

1921: ფილიპე მახარაძის მოხსენება

ფილიპე მახარაძემ 1921 წლის მიწურულს მოსკოვში, საბჭოთა რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტს გაუგზავნა წერილი, რომელიც შვიდი თვის დაგვიანებით ემიგრანტული გამოცემების ფურცლებზე მოხვდა. ეს წერილი ფრიად საინტერესო ისტორიული მასალაა, რადგან ის სრულად აბათილებს იმ ოფიციალურ პროპაგანდას, რომელსაც საბჭოთა საქართველოს რევკომი და საბჭოთა რუსეთის კომუნისტური პარტია ავრცელებდა მაშინაც და მერეც სტანდარტულად მეორდებოდა საბჭოთა სახელმძღვანელოების ფურცლებზე.

მახარაძე აღიარებს, რომ წითელი არმიის საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში შემოჭრის შესახებ არაფერი იცოდნენ საქართველოში მოქმედმა კომუნისტურმა ორგანიზაციებმა და, ამდენად, სტანდარტული შაბლონი “მშრომელი მასების მხარდასაჭერად” ინტერვენციის შესახებ, პროპაგანდისტურია და ფაქტობრივად მცდარია.

მახარაძის მხრიდან ასევე საინტერესოა შეფასებები საქართველოს მოქალაქეებში დამოუკიდებლობისადმი  და ნაციონალიზმისადმი დამოუკიდებლობის წლებში მყარად გამჯდარი ერთგულების შესახებ. ის მოუწოდებს ბოლშევიკ ლიდერებს გაითვალისწინონ, რომ საქართველოს მოქალაქეები წლების განმავლობაში დემოკრატიულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოში ცხოვრობდნენ და „პოლიტიკურად  გამობრძმედილი იყვნენ.“

1921 წლის დეკემბრისათვის ფილიპე მახარაძე უკვე გადაყენებულია საბჭოთა საქართველოს რევკომის თავმჯდომარის თანამდებობიდან, თუმცა რჩება კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელად და დიდი გავლენებით სარგებლობს.

როგორც ჩანს, მახარაძის შეფასებები არ ესიამოვნათ რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტში. არც ამიერკავკასიის კომპარტიის სამხარეო კომიტეტის (კავბიუროს) შეფს სერგო ორჯონიკიძეს ესიამოვნებოდა დაუფარავი კრიტიკა. მახარაძის თანამოაზრეების დიდ ნაწილს 1922-1923 წლებში „ნაციონალურ-უკლონიზმში” – კომპარტიის ხაზიდან ნაციონალისტურ გადახრაში დასდეს ბრალი და ბევრი 1937 წელს დახვრიტეს. თავად მახარაძე სიცოცხლის ბოლომდე – 1941 წლამდე – საქართველოში მაღალ პარტიულ თანამდებობებზე დარჩა.


მოხსენება რუსეთის კომ. პარტიის ცეკას საქართველოში მუშაობის შესახებ

მოსკოვი, 6 დეკემბერი 1921 წელი

გამოქვეყნდა ჟურნალში: „თავისუფალი საქართველო“, N24, 1922 წლის 10 ივლისს

უკვე ცხრა თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში საბჭოთა ძალა-უფლება დამკვიდრდა. ვადა სავსებით საკმაოა იმისათვის, რომ ერთგვარი ჯამი გაუკეთოთ ამ ხნის განმავლობაში წარმოებულ მუშაობას. სამწუხაროდ ამის გაკეთება აქ შეუძლებელი ხდება.

ამ მოხსენებაში მე მხოლოდ ორ მიზანს ვისახავ: 1) დავხატო ის პირობები და მდგომარეობა, რომელშიაც ჩვენ მოგვიხდა მუშაობა საქართველოში დღიდან იქ საბჭოთა ძალა-უფლების დამყარებისა და 2) მივუთითო იმ ღონისძიებაზე, რომელნიც საშვალებას მოგვცემდა უფრო წარმატებით გვეწარმოებინა, როგორც პარტიული, ისე საბჭოთა აღმშენებლობა საქართველოში.

უწინარეს ყოვლისა უნდა მივუთითოთ იმ გარემოებაზე, რომ 21 წლის დასაწყისში, ე. ი. საბჭოთა უფლების დამყარებისას, ჩვენი პარტიული ორგანიზაციების მდგომარეობა საქართველოში მეტის მეტად უნუგეშო იყო, რაიც შედეგი იყო იმ ლეგალიზაციისა, რომელიც გამოცხადდა საბჭოთა რუსეთსა და მენშევიკურ მთავრობს შორის დადებულ ხელშეკრულების ძალით 1920 წლის 8 [7] მაისს. ნამდვილათ კი ლეგალიზაცია მენშევიკურ საქართველოში პირდაპირ პროვოკაცია შეიქმნა, სადაც ლეგალური არსებობა ყოვლად შეუძლებელი იყო. თავის თავად ცხადია, რომ ეს მეტად მცირე ლეგალური შესაძლებლობა მაქსიმალურათ უნდა გამოგვეყენებინა, რასაც ჩვენ კიდევაც ვშვრებოდით შეძლებისდაგვარათ, მაგრამ ამავე დროს საჭირო იყო ლეგალური აპარატის დატოვებაც.

ამაზე მე ვუთითებდი ჯერ კიდევ ლეგალიზაციის დასაწყისში (დაახლოებით 1920 წლის მაისის დამლევს) პირველსავე პარტიულ თათბირზე, რომელიც მაშინ მოწვეული იყო ჩვენი მომავალი ტაქტიკის გამოსარკვევათ საქართველოში და მე მაშინვე ვაფრთხილებდი ამხანაგებს – არ გატაცებულიყვნენ მაინცდამაინც ლეგალური მუშაობით. სამწუხაროთ, ჩემი რჩევა მაშინ არ გაიგონეს, ზოგიერთი ამხანაგი მეტად გაერთო ჩვენი პარტიის ცრუ ლეგალიზაციით და, მიუხედავათ კომინტერნის მეორე კონგრესის დადგენილებისა, რ. კ. პ. ც. კ. სპეციალურ დირექტივებისა – კომპარტიის მუშაობის შესახებ ბურჟუაზიულ ქვეყნებში – მათ არას გზით არ უნდოდათ არალეგალურ აპარატის ორგანიზაცია და მოითხოვდნენ მხოლოდ და მარტო ლეგალურ მუშაობას.

1921 წლის დასაწყისში საქართველოს კომუნისტური პარტია სავსებით თავმოკვეთილი შეიქმნა.

სამწუხაროთ ჩემი წინასწარი მეტყველება ახდა გაცილებით ადრე, ვიდრე მე თვითონ ვფიქრობდი, დადებული „ლეგალიზაციის“ შესახებ და 6-7 თვის შემდეგ ჩვენი პარტიიდან მხოლოდ ნამსხვრევები დარჩა. ამ რიგათ 1921 წლის დასაწყისში საქართველოს კომუნისტური პარტია სავსებით თავმოკვეთილი შეიქმნა და ამ თავმოკვეთაში ბრალი ჩვენ გვედება და განსაკუთრებით იმ ამხანაგებს, რომლებიც მაშინ უშუალოთ ხელმძღვანელობდნენ პარტიულ მუშაობას საქართველოში. მე კი კავბიუროს დადგენილებით 1920 წლის სექტემბრიდან გაწვეული ვიყავ მოსკოვში. და პირდაპირ  გასაკვირალი და გასაოცარია, რომ ჩვენი პარტიული ორგანიზაციების ამგვარათ განადგურების შემდეგ კავბიურო ვერ მიხვდა გაეგზავნა საქართველოში თუნდაც რამდენიმე მუშაკი, რომლებიც მონახავდენ ადგილობრივ გადარჩენილ იაჩეიკებს, შეაკავშირებდენ მათ  და მისცემდნენ სათანადო დირექტივებს, ამაზე არავინ ფიქრობდა და მოხდა, ის რომ როდესაც დაიწყო წითელი ჯარების შეტევა, ამ შეტევის მიზანსა და განძრახვაზე არც ერთმა იაჩეიკმა, წარმოიდგინეთ პარტიის არც ერთმა წვერმა საქართველოში არაფერი არ იცოდა და იჭვიც კი არ ქონდა. ამიტომ ჩვენი ორგანიზაციების მხრივ, რამდენათ ისინი ჯერ კიდევ მიათრევდენ თავის წუთი სოფელს, არავითარი გამაფრთხილებელი ზომის მიღება არ შეიძლებოდა. ცხადია ამ გარემოებამ კიდევ უფრო გაუადვილა მეშევიკებს, წითელ ჯარების შეტევისას, საბოლოოთ „გაესწორებინათ ანგარიში“ აქა იქ კიდევ დარჩენილ ჩვენი ორგანიზაციებისათვის და დაეჭირათ არამც თუ კომუნისტები, არამედ ცოტათ თუ ბევრათ მათი თანამგრძნობნიც.

როდესაც დაიწყო წითელი ჯარების შეტევა, ამ შეტევის მიზანსა და განძრახვაზე არც ერთმა იაჩეიკმა, წარმოიდგინეთ პარტიის არც ერთმა წევრმა საქართველოში არაფერი არ იცოდა და იჭვიც კი არ ქონდა.

საქართველოში წითელის ჯარის შესვლამ და საბჭოთა ძალა-უფლების გამოცხადებამ მიიღო აშკარა გარედან დაპყრობის ხასიათი, ვინაიდან შიგნით ამ დროს არავინ არც კი ფიქრობდა აჯანყების მოწყობაზე;

საბჭოთა ძალაუფლების გამოცხადებისას საქართველოში არ აღმოჩნდა არც პარტიული იაჩეიკა, არც მეტი რომ არა ვთქვათ პარტიის ცალკე წევრი, რომელსაც შეძლებოდა უფლების ორგანიზაციის მოწყობა, რომ ამ საქმეს ხელი მოჰკიდეს უმეტეს შემთხვევაში საეჭვო, ან და პირდაპირ ბოროტმოქმედმა ელემენტებმა. აი სად არის ჩვენი პირველი შეცოდება, სად არის ბოროტების ფუძე და აი აქედან იწყება ყოველგვარი ჩვენი წაფორხილება საქართველოს საბჭოთა აღმშენებლობის საქმეში.

ამასთანავე არ შემიძლია არ გავიხსენო ერთი გარემოება, რომლის შესახებაც ხშირათ ლაპარაკობენ, მაგრამ არც ერთი წევრი ორივე კავბიუროსი [კომუნისტური პარტიის კავკასიის სამხარეო ბიურო – რედ.] საქმით ანგარიშს არ უწევს. მე ვლაპარაკობ ქართველი ერის ზოგიერთი წრის ნაციონალურ მიდრეკილებაზე. უნდა ვაღიაროთ ის ფაქტი, რომ უკანასკნელი  სამი-ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს მასები შეეჩვიენ საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობას, თუმცა ცხადია დამოუკიდებლობა ეფემერული და ფიქტიური იყო. უნდა გამოვტყდე, რომ ეს მოვლენა ჩემთვისაც პირდაპირ მოულოდნელი იყო და მის ანგარიშის გაუწევლობა ყოვლად შეუძებელი იყო. აღასანიშნავია, რომ ეს გარემოება ჯერ კიდევ ლენინმა განჭვრიტა მოსკოვში აქ ერთგვარი ლოღიკური დასკვნაც გააკეთა და ჩვენს წამოსვლისას სათანადო დირექტივები მოგვცა.

უნდა ვაღიაროთ ის ფაქტი, რომ უკანასკნელი  სამი-ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს მასები შეეჩვიენ საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობას

და მართალი უნდა ითქვას პირველ ხანებში ჩვენ თითქო სწორ პოზიციაზე ვიდექით, ყოველ შემთხვევაში სიტყვით მაინც: ჩვენ ყველანი ყველგან ვაცხადებდით, რომ საბჭოთა რუსეთი არას გზით არ მოსპობს დამოუკიდებელ საქართველოს, რომ წითელი არმია მოვიდა მხოლოდ მშრომელთა მასის გასანთავისუფლებლათ ანტანტის იმპერიალისტების ბრჭყალებისაგან და სხვა და სხვა.

ბუნებრივათ იბადებოდა კითხვა, შევძლებდით თუ არა ჩვენ ამ პოზიციაზე შეჩერებას, თუნდაც მცირე ხნით მაინც, და ამაზე ხომ ბევრი რამ იყო დამოკიდებული. მასების მოტყუილება პოლიტიკით ხომ შეუძლებელია და განსაკუთრებით ქართველი ხალხის, რომელიც ესოდენ გამომწვარი და გამობრძმედილია პოლიტიკაში ამ უკანასკნელ წლების განმავლობაში.

საჭირო იყო ამ მასებისათვის გვეჩვენებინა, რომ ჩვენ მართლაც დამოუკიდებლობის ნიადაგზე ვდგავართ, რომ შეუძლებელი იყო სიტყვით დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი და საქმით მისი უარყოფა და მოსპობა.

საჭირო იყო ამ მასებისათვის გვეჩვენებინა, რომ ჩვენ მართლაც დამოუკიდებლობის ნიადაგზე ვდგავართ, რომ შეუძლებელი იყო სიტყვით დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი და საქმით მისი უარყოფა და მოსპობა. და ეს მით უმეტეს საჭირო იყო, რომ ყველა ჩვენი მტრები და უმთავრესათ მენშევიკები ჩვენ იმას გვაბრალებდენ, რომ ბოლშევიკებს სურს საქართველოს სახელმწიფოს მოსპობა, საქართველო უნდა გადააქციონ რუსეთის უბრალო გუბერნიათ, როგორც ეს იყო ცარიზმის დროსაო. სამწუხაროდ ბევრი კომუნისტი ფიქრობდა და დღესაც ფიქრობს ეს ასე უნდა იქმნა დაუყონებლივ.

საჭირო იყო წაგვერთმია მტრისათვის ეს ჩვენი საწინააღმდეგო კოზირი. ამას მოითხოვდა საბჭოთა ძალა-უფლების  ინტერესებიც. მართალია ეს იქნებოდა ჩვენის მხრივ ერთგვარი დათმობა მასების ნაციონალისტურ გრძნობების მიმართ, მაგრამ დათმობა არა არსებითი და ამასთანავე ჩვენ დავემყარებოდით ერთის მხრივ კომინტერნის მეორე კონგრესის დირექტივებს და მეორე მხრით ლენინის დარიგებას, რომელიც მან ცალკე წერილათ გამოუგზავნა კავკასიის კომუნისტებს. ჯერ ერთ ხელიდან ვგლეჯდით მთავარ კოზირს ჩვენს მტრებს, მენშევიკებს და მეორე – გადმოვიბირებდით ჩვენს მხარეზე ქართველი ინტელიგენციის ერთ ნაწილს, უმთავრესად მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტებს და ქართველ ესერებს, რომლებიც მენშევიკების დროს მემარცხენე ოპოზიციას წარმოადგენდენ, ხოლო საბჭოთა უფლების დამკვიდრების შემდეგ საჯაროდ აცხადებდნენ, რომ სავსებით ვიზიარებთ საბჭოთა პლატფორმას და დიდი სიამოვნებით ვიმუშავებთ მხოლოდ იმ პირობით, თუ საქართველოს სახელმწიფო არ იქნება მოსპობილიო. და ამ ჯგუფებთან თანამშრომლობას კი ქონდა დღესაც აქვს არა მარტო მორალური მნიშვნელობა. როგორც ზევით იყო ნათქვამი, ამგვარი დაპირება მოსკოვის ნებართვით ჩვენ საზოგადოთ რამდენჯერმე მივეცით სიტყვით, მაგრამ საქმით არც ერთხელ არ გაგვიმართლებია ის. ჩვენ ვეუბნებოდით რომ ვაშენებთ არასავსებით, არამედ მაინც დამოუკიდებელ საბჭოთა სახელმწიფოს, შევქმნით ქართველ წითელ არმიას და სხვა და სხვა.

მაგრამ ჩვენ ვტოვებდით რა უყურადღებოთ ცენტრის დირექტივებს, სისტემატიურათ თანდათან საქმით იმგვარ ნაბიჯებს ვდგამდით, რომ უარყოფდა ყველა ჩვენს დანაპირებს.

რკინის გზების და საგარეო ვაჭრობის გაერთიანება, რკინის გზების პროფკავშირების ორგანულათ შეერთება და სხვა და სხვა, მოახდინეს მეტად სასწრაფოთ, მოუფიქრებლათ, მოუმზადებლათ ზევიდან საომარ ბრძანებათა წესით.

და ყველა ამ ღონისძიებათა განხორციელება კი შეიძლებოდა სხვა გზით გაუხმაურებლათ, ხელშეკრულებით წესით და სხვა. მხოლოდ შემდეგში დავიწყეთ ჩვენ კომპანია ზემოხსენებულ გაერთიანებათა საჭიროების შესახებ – ამიერკავკასიის რესპუბლიკათა დამოუკიდებლობის შენახვით – და ვფიქრობ, მგონი, ცოტათი გავახელეთ ის უნდობლობა, რომელიც ხალხში ჩვენს მიმართ დაიბადა ყველა ამ დაწესებულებათა წყალობით.

მაგრამ სამაგიერთ ჩვენ იძულებული ვიყავით მოვშორებოდით ჩვენს პირდაპირ საქმეს უშუალო მუშაობას პარტიულ და საბჭოთა აღმშენებლობაში, რათა დაგვეპყრო და მიგვეკედლებია მუშა-გლეხური მასები და დაგვეჩქარებია არჩევნები საბჭოებში და მოგვეწვია თვით საბჭოთა ყრილობა.

მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ მონელებული არ გვქონდა ზემოხსენებული ამბები, რომ კავბიურომ სრულიად მოულოდნელათ ახალი სიურპრიზის წინაშე დაგვაყენა, ვგულისხმობ ამიერ-კავკასიის რესპუბლიკების ფედერაციას და საქართველოს წითელი ლაშქრის მოსპობას. და კავბიუროს ეს დადგენილებაც იმგვარადვე ტარდება ცხოვრებაში საომარ ბრძანებათა სახით, და არავითარი წინასწარი მსჯელობა პარტიულ ორგანიზციებში არ ხდება.

ავიღოთ პირველად ამიერ-კავკასიის ფედერაცია. დამახასიათებელია რომ კავბიუროს დადგენილება ამ საკითხის შესახებ საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ ორგანოში („პრავდა გრუზია“) დაბეჭდილი პირდაპირ მოულოდნელი იყო თვით ც.კ-სთვის. აქედან ცხადია, რომ კავბიურო სრულიად საჭიროთ არ სთვლის ისეთ მნიშვნელავან საკითხში, როგორიცაა ამიერ-კავკასიის ფედერაცია, ანგარიში გაუწიოს თვით რესპუბლიკის ხელმძღვანელ პარტიულ ორგანოთა აზრს და ეს კი არც მეტი და არც ნაკლები ამ ორგანოების ავტორიტეტის ძირის გამოცლაა, დაცემაა ხალხის თვალში.

ზევიდან ნაკარნახევი გაერთიანება არამც თუ რამეს მოგვცემს, ის კიდევ უფრო მოგვაშორებს ხალხს, ის კიდევ უფრო დაამძიმებს და გაართულებს მთელს ჩვენს მუშაობას.

ეხლა არსებითად არაფერი გვაქვს ჩვენ საწინააღმდეგო მათი სრულიად, ორგანიულათ, რუსეთთან შეერთებისა, მაგრამ საკითხავია: [რამდენად] საჭიროა და სასარგებლოა ეს ფორმალური გაერთიანება და ისიც ზევიდან ძალდატანებული მაშინ, როდესაც ჩვენ ჯერ კიდევ არ დავახლოვებივართ მასებს, როდესაც ჯერ კიდევ ვერ მოგვისწრია საბჭოების მოწვევა. მე ვაცხადებ რომ ამგვარი ზევიდან ნაკარნახევი გაერთიანება არამც თუ რამეს მოგვცემს, ის კიდევ უფრო მოგვაშორებს ხალხს, ის კიდევ უფრო დაამძიმებს და გაართულებს მთელს ჩვენს მუშაობას საბჭოების მოწვევის საქმეში და ხელს შეუწყობს კიდევ ახალ პროვოკაციას ბოლშევიკებისა და საზოგადოთ საბჭოთა მთავრობის წინააღმდეგ. ფედერაცია ამგვარ პირობებში ნიშნავს ერთი კიდევ ახალის ზედმეტი ბიუროკრატიული აპარატის წამოსკუპებას, ხალხისიგან სრულებით მოწყვეტილს და მეტად არაპოპულიარულს. რასაკვირველია სულ სხვა იქნებოდა, რომ საქართველოსა და სომხეთში შედგენილი ყოფილიყოს საბჭოები და ეს ფედერატიული გაერთიანება გატარებულიყო საქართველო, სომხეთსა და აზერბაიჯანის აღმასრულებელ კომიტეტებში. დიახ მაშინ სულ სხვა იქნებოდა: მაშინ ჩვენ მოვპყრობოდით ნამდვილს და მტკიცედ გაერთიანებულს, მასებზე დამკვიდრებულს საბჭოთა რესპუბლიკებს. და ეს არ იქნებოდა წინ გახტომა, მოვლენის გასწრება, რომელიც სრულიად უადგილო იყო დღევანდელს პირობებში. მაგრამ ამ რესპუბლიკათა ნამდვილი გაერთიანება, როგორც ერთმანეთთან აგრეთვე რუსეთთან ხომ სხვა გზით შეიძლებოდა, გაცილებით უფრო მისაღები და მიზან-შეწონილი გზით. მე ვლაპარაკობ თავისუფალ შეთანხმებაზე, სამეურნეო პირობათა გაერთიანებაზე ხელშეკრულებათა, კონვენციათა საფუძველზე, რაზედაც ჯერ კიდევ სტალინი მიგვითითებდა თავის მოხსენებაში, რომელიც მან პარტიულ კრებაზე გააკეთა თფილისში ყოფნის დროს.

იმ დირექტივების მიხედვით რომელიც რ. კ. პ. მე-10 ყრილობის დადგენილებისაგან გამომდინარეობს, ჩემი ინიციატივით უკვე დადებულია რამდენიმე ხელშეკრულება რუსეთისა და საქართველოს მიწათ-მოქმედებათა კომისარიატებს შორის, რომლის ძალითაც თითქმის სავსებით გაერთიანებულია ამ კომისარიატების სამეურნეო ხარჯები მათი ფორმალურათ ერთის მეორესადმი დაუმორჩილებლათ. და სწორეთ ეს არის არამყვირალა საქმიანი გაერთიანება, რომელიც ხმას აკმედინებს ყველა ჩვენს მოწინააღმდეგეს და არ აძლევს მათ საშვალებას გასწიონ ჩვენს წინააღმდეგ რაიმე პროვოკაცია. მეორე მხრით სიმართლე რომ ვსთქვა ნუთუ ამიერკავკასიის რესპუბლიკები არსებითად უკვე გაერთიანებული არ არიან, ნუ თუ ისინი – განკერძოვებულათ არსებობენ, ნუ თუ ნამდვილად იმდენათ დამოუკიდებელნი არიან, რომ სულმოუთქმენლად საჭიროა გაერთიანება, თორემ ყველაფერი დაიღუპება?! თავის თავად ცხადია, რომ არაფერი ამისთანა არ არის და მხოლოდ გამოუსწორებელ დონ-კიხოტებს ეჩვენება ეს.

კავბიუროს დადგენილება […] ამიერ-კავკასიის ფედერაციის სასწრაფოთ ცხოვრებაში გატარების შესახებ ძირიანათ ეწინააღმდეგება ჩვენს ტაქტიკას, რომელიც მეტად ფრთხილი და მოქნილი უნდა იყოს.

აიღეთ თუ გნებავთ კავბიურო, მისი წრეს გადაჭარბებული ოპეკუნობა, აიღეთ ოკა [объединение Красной Армии -რედ.], და ერის რა დამოუკიდებელ, განკერძოებულ არსებობაზე შეიძლება კიდევ ლაპარაკი! … ნუ თუ ეს სასაცილო არ არის. ჩვენ ვლაპარაკობთ მხოლოდ განსაზღვრულ ფაქტის დაცვაზე, სიფრთხილეზე, ვინაიდან ჩვენ ალყა შემორტყმული ვართ, ყოველის მხრიდან ბლოკადა გვაქვს გამოცხადებული და ყოველი გაუფრთხილებელი ნაბიჯი, ყოველი მოუფიქრებელი გამოსვლა საშინლათ დაგვცემს ხალხის თვალში. და კავბიუროს დადგენილება კი ამიერ-კავკასიის ფედერაციის სასწრაფოთ ცხოვრებაში გატარების შესახებ ძირიანათ ეწინააღმდეგება ჩვენს ტაქტიკას, რომელიც მეტად ფრთხილი და მოქნილი უნდა იყოს, რომ არ მივსცეთ პროვოკაციის მასალა ჩვენს მოწინააღმდეგეებს. ამასთანავე ეს დადგენილება არამც თუ ასუსტებს ნაციონალურ მისწრაფებას, არამედ აღვივებს და ამარაგებს მას.

ამგვარი და შეიძლება კიდევ უფრო უარესი უარყოფითი მნიშვნელობა ქონდეს კავბიუროს მეორე დადგენილებას საქართველოს წითელი ჯარის გაუქმების შესახებ. ამ დადგენილებით კავბიურომ ნათლად დაამტკიცა, რომ იგი არამც თუ უწევს ანგარიშს ადგილობრივ პირობებს და საქართველოში შექმნილ მდგომარეობას, არამედ საზოგადოთ ცოტა ყურადღებას აძლევს რ. კ. პ. ც. კ. და ამხანაგ ლენინის სპეციალურ რჩევა დარიგებას, რომელიც ჯერ კიდევ დიდი ხანია არ არის მას შემდგომ, რომ ურჩევდა საქართველოს კომუნისტებს რაც შეიძლება საჩქაროდ შექმენით წითელი ჯარიო.

კავბიუროს აღნიშნული დადგენილება, რომელიც მოხდა საქართველოს ცეკას და რევკომის დაუკითხავათ, მის ორგანოებში წინასწარ განუხილველათ მთლიანათ სპობს ყველა ჩვენს პლანებს და საქმიანობას და ამავე დროს პირდაპირ ეწინააღმდეგება ცენტრის ყველა დირექტივებს.

ახლა ვიკითხოთ, ვის და რას შეუძლია ქართული წითელი ლაშქრის ცალკე ფორმალური არსებობა, საოპერაციო მხრით ისედაც სავსებით და მთლიანათ ოკაზეა დამორჩილებული. აბსოლიუტურათ არავის და არაფელში. ორგანიზაციულათ მისი არსებობა მხოლოდ მის შექმნას გაგვიადვილებდა. მორჩა და გათავდა. მართალია ელიავამ [შალვა ელიავა – რედ.], რომელიც იმთავითვე დაყენებულ იქმნა სამხედრო და საზღვაო კომისარიატის სათავეში უაღრესათ პასუხსაგებ საქმეში სრული სიკოტრე გამოიჩინა, როგორც ეხლა შეურყეველი საბუთებით ირკვევა. შეკრებილია მისი მოადგილის ამხ. აღნიაშვილის და აგრეთვე საქართველოს კომპარტიის მიერ დანიშნული საგანგებო სარევიზიო კომისიის მიერ დიდ ძალი საბუთები. ელიავამ ყოველი საშუალებით ჩაიგდო ხელში, რაც იყო ძვირფასი საქართველოში. გაფლანგა ათეული და ასეული მილიარდი და ნაცვლად წითელი ჯარისა, ყოფილ კონტრ-რევოლუციენერ ოფიცერთაგან, თავადთა და აზნაურთაგან შექმნა ბანდიტების და სპეკულიანტების ნამდვილი შაიკა [1921 წლის მარტიდან წითელ არმიაში დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარების არაერთი ოფცერი და გენერალი შევიდა, მათ შორის გენერალი გიორგი მაზნიაშვილი – რედ.] რომელსაც ეხლა ამხ. აღნიაშვილი ათეულობითა და ასეულობით იჭერს და ხვრეტს.

ბოლოს, როდესაც ელიავა მიხვდა, რომ მისი სიკოტრე, უკეთ მისი ბოროტმოქმედება, ქართული წითელი ჯარის შექმნაში უკვე გამოაშკარავებულია, თავი რომ გადაერჩინა პასუხისგებისაგან და სასამართლოსაგან მეტად არაჩვეულებრივი, არამოხერხებული ნაბიჯი გადადგა: თავის ბოროტმოქმედების დასაფარავათ მათ წინადადება მისცა კავბიუროს გაეუქმებია ქართველი წითელი ჯარი და შეერთებია იგი ორგანულათ რუსულ არმიასთან. ოკამ და კავბიურომ მის მაგიერ, რომ ელიავა პასუხისგებაში მიეცა, დიდი ყურადღებით და მადლობებით მიიღო მისი წინადადება. ამავე დროს კი ქართული წითელი ჯარის შექმნა ყოველ მიზეზს გარეშე შეიძლებოდა.

ელიავას ნაცვლად ვინმე სხვა ამხანაგი ყოფილიყო, სავსებით უბრალო, მაგრამ პატიოსანი, წითელი არმიის მნიშვნელობის შემგნები მუშა  წითელი ჯარი აუცილებლათ გვეყოლებოდა.

მე კატეგორიულათ ვამტკიცებ, რომ ელიავას ნაცვლად ვინმე სხვა ამხანაგი ყოფილიყო, სავსებით უბრალო, მაგრამ პატიოსანი, წითელი არმიის მნიშვნელობის შემგნები მუშა  წითელი ჯარი აუცილებლათ გვეყოლებოდა, ვინაიდან საამისო ყველაფერი გვქონდა: ცოცხალი მასალა და პატარა ლაშქრისათვის საჭირო ქონება, აგრე ბოროტათ გაფლანგული. მე ჯერ კიდევ საქართველოში ჩამოსვლისას დავინახე და ვიგრძენი, რომ ელიავა საქართველოს წითელ ჯარს ვერ შექმნიდა, რომ ის ჩვენ გვღუპავდა და ეს აზრი მას ამხანაგურათ კიდეც გავუზიარე, მეგობრული დარიგება მივეცი, რომ შეცდომები აეცდინა, მაგრამ ყველაფერი ფუჭი შეიქმნა. მე კი უძლური ვიყავი რაიმე რადიკალური ზომა მიმეღო, მაგ., გადამეყენებინა ელიავა, რადგანაც ის ჩვენდა დაუკითხავად იყო დანიშნული. ეს კიდევ ცოტაა. ელიავამ გაბედა ამას გარდა საგარეო კომისრობაც იკისრა, ამ ადგილზე ის ითვლებოდა ამხ. მდივნის ჩამოსვლამდე. ამ დარგში მისი მუშაობის შესახებ აქ ზედმეტია ვილაპარაკოთ.

მოსკოვის პოლიტიკა ამიერ-კავკასიის სამი რესპუბლიკის, კერძოთ საქართველოს მიმართ, მე მესმოდა და მესმის ასე – მეტად ფრთხილი ტაქტიკით უნდა მიღებულ იქმნას სრული სულიერი და ეკონომიური გაერთიანება. ისე, რომ ამ რესპუბლიკებს შერჩეთ გარეგნული ფორმალური დამოუკიდებლობა.

მე აუცილებლათ მიმაჩნია აგრეთვე ხაზი გაუსვა შემდეგ გარემოებას. მოსკოვის პოლიტიკა ამიერ-კავკასიის სამი რესპუბლიკის, კერძოთ საქართველოს მიმართ, მე მესმოდა და მესმის ასე – მეტად ფრთხილი ტაქტიკით უნდა მიღებულ იქმნას სრული სულიერი და ეკონომიური გაერთიანება. ისე, რომ ამ რესპუბლიკებს შერჩეთ გარეგნული ფორმალური დამოუკიდებლობა. ამ მიზნით პირველ ყოვლისა უნდა ვეცადოთ ამ რესპუბლიკის მუშები და გლეხები ვაზიაროთ საბჭოთა ხელისუფლების პრინციპებს, ჩავითრიოთ ხალხის ფართო მასები მუშურ-გლეხურ აღმშენებლობაში და სხვ. როცა კარგათ იცით, რომ ამიერ-კავკასიის რესპუბლიკაში ბურჟუაზიულ მთავრობების არსებობის დროს ხალხის მასები საკმაოთ მოიწამლა ნაციონალიზმის და შოვინიზმის შხამით, უნდა ძალიან ფრთხილად მივუდგეთ ამ მასებს, ერთხელ და სამუდამოთ ხელი უნდა ავიღოთ ბრძოლის ისეთ წესებსა და საშვალებებზე, რომელსაც ცარიზმი (თვითმპყრობელობა) ხმარობდა, რომ მასები არ ჩამოვიცილოთ და პირიქით გონიერი და ფრთხილი პოლიტიკით მოვიზიდოთ ჩვენსკენ. ამავე დროს რასაკვირველია, ნაციონალისტურ გრძნობების გამწვავების საბაბიც არ უნდა მივსცეთ. ასეთი პოლიტიკა გვავალებს ყოველგან და ყოველთვის ანგარიში გავუწიოთ ადგილობრივ პირობებს და ხანდისხან ნაციონალისტურ ინტელიგენციას ცოტა რამ დაუთმოთ, რომ გამოვიყენოთ ეს უკანასკნელი საბჭოთა ხელისუფლების ინტერესების მიხედვით.

ხანდისხან ნაციონალისტურ ინტელიგენციას ცოტა რამ დაუთმოთ, რომ გამოვიყენოთ ეს უკანასკნელი საბჭოთა ხელისუფლების ინტერესების მიხედვით.

ასეთია გზა, ასეთია საშვალებანი, რაც შეგვაძლებინებს ადრე მოუღოთ ბოლო ნაციონალისტურ ცრუმორწმუნეობას, მოვსპოთ ეროვნებათა შორის უნდობლობა და სხვა მე ვფიქრობ, საერთოდ ასეთია პოლიტიკა რ. ს. ს. ფ., კომინტერნის და კომუნისტური პარტიის წვრილ ერების მიმართ დღევანდელ ისტორიულ მომენტში, იმ წვრილ ერების, რომლებიც წინათ და ეხლაც იჩაგრებიან დიდი სახელმწიფოების მიერ. შესაძლებლობის და ჩვენი საკუთარ ძალ-ღონის ფარგლებში მე ვცდილობდი გამეტარებინა სწორედ ასეთი პოლიტიკა საქართველოში არა შიშით, არამედ სინდისის ქვეშ. ურყეველი ფაქტია, რომ ამიერკავკასიის კომუნისტურ პარტიებში არის ამხანაგების ჯგუფები, რომელნიც ნაციონალიზმისაკენ იხრებიან.

ამასთანავე მე უნდა აღვნიშნო, რომ მისი კავბიურო, რომ არც წინანდელი და არც ახლანდელი შემადგენლობის არ დგას ამ მხრივ თავის მდგომარეობის სიმაღლეზე: სიტყვით კავბიურო არის რ. კ. პ. ც. კ. პოლიტიკის გამოტარებული კავკასიაში, საქმით კი მუდამ იჩენდა რყევას და ერთი უკიდურესიდან მეორეში ვარდებოდა. კავბიუროს უმნიშვნელოვანეს დადგენილებებში არ სჩანს ის ფრთხილი ტაქტიკა და ის სწორი მიდგომა ადგილობრივ  ხასიათის მეტად მწვავე და საჭოჭმანო საკითხებისადმი, რის შესახებაც მე ზემოთ ვლაპარაკობდი: ერთი ამიერ-კავკასიის რესპუბლიკის ფედერაციისა და მეორე საქართველოს წითელი ჯარის მოსპობის შესახებ. მართლაც საჭიროა აქვე აღინიშნოს, რომ კავბიუროს შემადგენლობაში არიან ისეთი ამხანაგები, რომელნიც არც ეხლა სცნობენ რესპუბლიკების ფორმალურათ დამოუკიდებელ არსებობას და სთვლიან მათ რ. ს. ფ. ს. რ. გუბერნიებათ.

არ შემიძლია სიჩუმით ჩავუარო აგრეთვე რ. კ. პ. ც. კ. სხდომაზე 1921 წელს 15 ნოემბერს ბათუმის პორტის საკითხის განხილვის დროს საქართველოს ცეკას წვერებისა და სხვა ადგილობრივ ამხანაგების მიმართ. მან ასეთი კატეგორიული განცხადება გააკეთა: „ბოლოს და ბოლოს გაიგეთ, რომ მოსკოვი თქვენ არ გენდობაო“. რას ნიშნავს ეს? თუ კომუნისტი კომუნისტს არ ენდობა, მაშინ ორში ერთი: ამ ერთი მათგანი არ არის კომუნისტი, ან და არიან კომუნისტები უმაღლესი ხარისხის და კომუნისტები დაბალი ხარისხის. და ამ დაბალი ხარისხის კომუნისტებს ეკუთვნიან ალბათ ადგილობრივი კომუნისტები – ქართველები, სომხები და სხ., რომელთა  ნდობა არ შეიძლება.

ხშირათ ისეთი ამხანაგი, რომელიც გამოიჩენს ინიციატივას, საქმისადმი ინტერესს, მოიქცევა არაშაბლონურათ, არამედ ადგილობრივ პირობებს ანგარიშს გაუწევს, უნდა ელოდეს, რომ მას ჩაირიცხავენ ნაციონალისტათ.

მე ღრმათ ვარ დარწმუნებული რომ მოსკოვი მას ასე არ უყურებს, მაგრამ ადგილობრივი ამხანაგები ამას ვერ ხედავენ, ამაშია ჩვენი უბედურება. პირიქით ძალიან ხშირათ ისეთი ამხანაგი, რომელიც გამოიჩენს ინიციატივას, საქმისადმი ინტერესს, მოიქცევა არაშაბლონურათ, არამედ ადგილობრივ პირობებს ანგარიშს გაუწევს, უნდა ელოდეს, რომ მას ჩაირიცხავენ ნაციონალისტათ და უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ ორივე კავბიუროს წევრები ძალიან ხშირათ მიმართავენ ასეთ ხერხს ქართველი ამხანაგების შესაშინებლათ, როცა კოლონიზატორულ მიდრეკილებას ხელს უწყობენ კიდეც. ამ რიგათ ჩვენს წინაშე დგას მეტად სერიოზული და მნიშვნელოვანი საკითხი: ჩვენში ატმოსფერა მეტის მეტად შეკუმშულია, საჭიროა ამის გაფანტვა და გაჯანსაღება. საჭიროა უფრო ნორმალურ დამოკიდებულების დაწესება ცენტრსა და პერიფერიებს შორის, საჭიროა მტკიცე და ნათელი დირექტივები, რომ ადგილობრივათ პასუხისმგებელმა ამხანაგებმა იცოდნენ რა არის უახლოესი დავალება და მიზანიც ცენტრისა. მაგრამ ესეც არ კმარა, ისინი უნდა იცნობდენ ცენტრი სავსებით უნდა ენდობოდეს ადგილობრივ კომუნისტებს.

კონკრეტიულათ ჩემის აზრით, აუცილებელია ეხლა შემდეგი ზომების მიღება:

  1. ცენტრმა უნდა შეიმუშავოს სწორი და გარკვეული ტაქტიკური ხაზი ამიერ-კავკასიის რესპუბლიკების მიმართ, რომ შემთხვევით და ცალკე ამხანაგების სურვილით არ იყოს შესაძლებელი მისი შეცვლა. საჭიროა გამოირკვეს: მიზანშეწონილია და არა ამ მოკლე ხანში მათი (რესპუბლიკების) შენახვა, თუ აუცილებელია დაუყონებლივ მათი ლიკვიდაცია. ჩემის აზრით, და ეს არის აზრი საქართველოს კომპარტიის წევრთა დიდი უმრავლესობისა, გარეშე და შინაური პოლიტიკის მოსაზრებით ამიერ-კავკასიის რესპუბლიკების შენახვა ჯერ-ჯერობით საჭირო არის.
  2. უნდა შეჩერდეს კავბიუროს მეტის მეტად ბუნდოვანი დადგენილება – ამიერ-კავკასიის რესპუბლიკების ფედერაციას შესახებ, სანამ საქართველოს სომხეთის საბჭოები არ მოწყობილს და ფედერატიულ გაერთიანების გატარება ცენტრალურ ისპოლკომების საშუალებით არ მომხდარა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გვექნება ერთ ბიუროკრატიული აპარატი მეტი, და არავითარი ნდობა მასში.
  3. უნდა შეჩერდეს კავბიუროს დადგენილება საქართველოს წითელი არმიის მოსპობის შესახებ, მოიხსნას ელიავა სამხედრო კომისრობიდან და მიეცეს სამართალში.
  4. უნდა მიეცეს სპეციალური დირექტივები საქართველოს, სომხეთის და აზერბეიჯანის ცეკებს რუსეთის კომპარტიის მე-10 ყრილობის დადგენილებათა გატარების შესახებ, როგორიცაა: ა) დანიშვნის სისტემის უარყოფა და არჩევნების წესზე გადასვლა, ბ) სამხედრო კომუნიზმის დროის მეთოდებისა და ჩვეულებათა უარყოფა, ე. ი. წმინდა პარტიულ და საბჭოთა საქმეებში ბრძანებების  მოსპობა, გ) პასუხისმგებელ პარტიულ მომუშავეთა სავალდებულო კრებებზე წინასწარ საკითხების გარჩევა, დისკუსია-პარტიის ფარგლებში და კრიტიკის სრული თავისუფლების მინიჭება იმ საკითხებზე, რომელთა შესახებ ყველასათვის სავალდებულო დადგენილება არ გამოტანილა.
  5. კავკასიაში, განსაკუთრებით ამიერ-კავკასიაში, ჩვენ საქმე გვაქვს უკიდურეს თავისუფლებასთან, მეტის მეტად რთული პირობებთან, ამიტომ საჭიროა რ. კ. პ ც. კ. კავბიურო შეიქმნეს მოსაშვალე და მომწესრიგებელ ორგანოთ კავკასიაში; საჭიროა მან გამოიჩინოს უდიდესი სიფრთხილე ყველა მნიშვნელოვან ადგილობრივ ხასიათის საკითხების გადაწყვეტის დროს, ამასთანავე ადგილობრივ ცეკას უთანხმოების დროს უნდა ქონდეს უფლება მიმართოს აპელაციით, როგორც რუსეთის კომუნისტურ პარტიიის ცეკას, ისე ყრილობასაც. სასურველია, რომ კავბიუროს, რომელიც მომავალში აუცილებლათ არჩეულ უნდა იყოს, უფლება და მოვალეობანი სავსებით გამოირკვეს.
  6. საქართველოს, სომხეთის და აზერბეიჯანის ცეკებს და რევკომებს ადგილობრივ ხასიათის სკაითხებში მიეცეს სრული დამოუკიდებლობა.
  7. ამიერ-კავკასიის რესპუბლიკების ურთიერთ-შორის და რუსეთის ს. ს. ფ. რ. ეკონომიური გაერთიანება შესაძლებელია დაუყონებლივ და უმტკივნეულოთ გატარდეს იმ გზით, რომ გაერთიანდეს ეკონომიური მოქმედება ცალკ-ცალკე რესპუბლიკების ნარკომატების ხელშეკრულების ან კონვენციის საფუძველზე, რაზედაც, სხვათა შორის, მიგვითითებდა ამხ. სტალინიც. ასეთი საქმიანი ხელშეკრულებანი უფრო ჩქარა მოუმზადებენ ნიადაგს ამ რესპუბლიკების სავსებით და მტკიცეთ გაერთიანებას. ასეთი ხელშეკრულების ნიმუშათ გამოდგება ამ ახლო ხანში დადებული ხელშეკრულება რუსეთის და საქართველოს მიწათ-მოქმედების კომისარიატების მიერ. ასეთი ხელშეკრულების დადება შეიძლება დარჩენ ეკონომიურ ორგანოთა შორის. რაც შეეხება სამხედრო ძალების გაერთიანებას ეს უკვე ფაქტიურათ განხორციელებულია ამ რესპუბლიკაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების დღიდან, – სხვანაირათ არც შეიძლებოდა. სხვა ზომებს მე აქ არ ვასახელებ.

მე ვგრძნობ და მესმის რომ ეხლანდელ ხელმძღვანელ ორგანო – კავბიუროს – ტაქტიკა აუცილებლათ უნდა შევცვალოთ, თუ გვინდა მასების ნდობა დავიმსახუროთ, თუ გვინდა საბჭოთა ხელისუფლებისაკენ ისინი მოვიზიდოთ. ეხლა კი ჩვენ პირიქით ჩვენს გარშემო ყველას ხელს ვკრავთ, ძალიან დიდი წარმოდგენა გვაქვს ჩვენს ძალებზე და ვერ ვაფასებთ მოწინააღმდეგეთა ძალას.

ფილიპე მახარაძე

მოსკოვი, 6 დეკემბერი 1921 წელი.

(ასლი გადაღებულია იმ მოხსენებიდან, რომელიც ინახება რუსეთის კომ. პარტიის ცენტ. კომიტეტში“).  

მსგავსი/Related

Back to top button