ახალი ამბები

რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოში გაწევრიანებაზე საუბარს აფხაზეთში დებატები მოყვა

1 ნოემბერს, ოკუპირებული აფხაზეთის „საერთაშორისო, საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების საპარლამენტო კომიტეტი“ სპეციალურ გაფართოებული სხდომა უნდა გაემართა, სადაც რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოში გაწევრიანების მიმართ აფხაზეთის მზადყოფნა უნდა განეხილათ. თუმცა, როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ალხას ბარციცმა განაცხადა, სხდომა არ გაიმართა, ვინაიდან ოკუპირებული რეგიონის მთავარი დიპლომატი, ინალ არძინბა „მივლინებაში“ იმყოფებოდა.

ბარციცის თქმით, საკავშირო სახელმწიფოში გაწევრიანების იდეა ოფიციალურმა პირებმა სხვადასხვა პლატფორმაზე და სხვადასხვა დონეზე გააჟღერეს, თუმცა პოლიტიკური წარმომადგენლებისთვის ამ საუბრის კონკრეტული არსი და მიზანი გაურკვეველია. მან ასევე აღნიშნა, რომ ინალ არძინბა სხდომაზე მიწვეული იყო, რათა  ახსნა-განმარტები მიეცა კავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის შესახებ და ასევე იმაზე, შეესაბამება თუ არა ეს „კონსტიტუციას და აფხაზეთის მოსახლეობის ინტერესებს“.

მისი თქმით, არსებობს რიგი საკითხები, რომლებიც „დაკავშირებულია სოციალურ-ეკონომიკურ მიმართულებასთან, ჩვენს ტრადიციულ, კულტურულ ღირებულებებთან, რაც შეიძლება ისე მკვეთრად არ იყოს გამოვლენილი ყველგან პოსტსაბჭოთა სივრცეში, როგორც აფხაზეთის ტერიტორიაზე, ჩვენი მენტალიტეტისა და ისტორიის გათვალისწინებით“. ბარციცის თქმით, ეს საკითხები ახლა იმიტომ დაისვა, რომ„გეოპოლიტიკური გარემო იცვლება“ და „ნებისმიერ შემთხვევაში ალბათ მოგვიწევს როგორმე განვსაზღვროთ საკუთარი თავი“. მან აღნიშნა, რომ აფხაზეთს ჰყავს სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირე რუსეთის ფედერაციის სახით, მაგრამ ის ყოველთვის ისწრაფვოდა, რომ “რუსეთის მსგავსად, პოსტსაბჭოთა ქვეყნებსაც ეღიარებინათ მისი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი”.

კითხვაზე, შეუძლია თუ არა აფხაზეთს შევიდეს კავშირში იმ ქვეყანასთან, რომელიც არ ცნობს მის დამოუკიდებლობას (ბელარუსი), ბარციცმა უპასუხა, რომ ეს გამორიცხულია. ჟურნალისტის კითხვაზე, „თუ ბელარუსი პირობითად აღიარებს აფხაზეთს, რა აზრი აქვს შესვლას?“, ბარციცმა უპასუხა: „ალბათ არსებობს რიგი არგუმენტები ამ საკითხზე“. „საკავშირო სახელმწიფოს იდეას გარკვეული პროცესების სტიმულირება რომ შეძლებოდა, შესაძლოა ამაზე გვესაუბრა კიდეც, თეორიული თვალსაზრისით, მაგრამ პრაქტიკაში, ისევ და ისევ, უნდა დაგვეწყო იქიდან, თუ რა რისკებს შეიცავს ეს იდეა. სწორედ ამაზე გვინდოდა დღეს საუბარი“, – დასძინა მან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button