ანალიზი

ადგილობრივი და საერთაშორისო გამოხმაურებები ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლაზე

ბელარუსის ლიდერის, ალექსანდრე ლუკაშენკოს 28 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში სტუმრობას ქართველი პოლიტიკოსების, სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო თანამეგობრობის კრიტიკა მოჰყვა. ლუკაშენკოს აფხაზეთში „ვიზიტი“ დაგმეს ბელარუსის ოპოზიციონერმა ლიდერებმაც.

რა მოხდა?

ლუკაშენკოს მიმართ კრიტიკა მისი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლისა და რეგიონის ლიდერთან, ასლან ბჟანიასთან შეხვედრის თაობაზე გავრცელებულ ცნობებს მალევე მოჰყვა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ლუკაშენკომ და ბჟანიამ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, საერთაშორისო ასპარეზზე არსებული ვითარება, მიმდინარე გამოწვევები და საფრთხეები განიხილეს. ლუკაშენკომ ბჟანიას ასევე უთხრა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან საუბრისას გადაწყვიტეს, რომ „აფხაზეთის მიტოვება არ შეიძლება“.

თავის მხრივ, ბჟანიამ განაცხადა, რომ ბელარუსის ლიდერის რეგიონში სტუმრობა „ორ ერს“ შორის ურთიერთობებს ახალ იმპულსს შესძენს.

ბელარუსის ლიდერის აფხაზეთში ვიზიტს 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან 29-ე წლისთავზე, სოხუმსა და მოსკოვს შორის ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერა უძღვოდა წინ.

საგულისხმოა, რომ ბელარუსი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას არ აღიარებს. თუმცა, 2022 წლის ივნისში, ბელარუსმა საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა.

2022 წლის დასაწყისში, ლუკაშენკომ რუს ჟურნალისტთან, ვლადიმირ სოლოვიოვთან ინტერვიუში განაცხადა, რომ არ გამორიცხავს საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას, „როგორც კი მე მივხვდები და პრეზიდენტი [ვლადიმირ პუტინი] მეტყვის, რომ ამის საჭიროებაა“. ბელარუსის ლიდერი საქართველოს ბოლოს 2018 წელს სტუმრობდა.

ხელისუფლების გამოხმაურება

ქვეყნის ლიდერებიდან ბელარუსის ლიდერის ოკუპირებულ რეგიონში ჩასვლა პირველმა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დაგმო. პრეზიდენტს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოჰყვა. მანამდე, უწყებაში ახსნა-განმარტებისთვის საქართველოში ბელარუსის ელჩი, ანატოლი ლისი დაიბარეს.

„მკაცრად ვგმობ, ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტის რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმთან შეხვედრებს“, – დაწერა 28 სექტემბერს, Twitter-ზე საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ბელარუსის ლიდერის ეს ნაბიჯი არღვევს საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და „ეწინააღმდეგება, როგორც საერთაშორისო სამართალს, ისე ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებს“.

ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტს გუშინ ვიცე-პრემიერი და კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს „არის დაუშვებელი და შეუწყნარებელი ფაქტი“. „ეს არ არის მხოლოდ უკანონობა, ეს არის ის, რასაც ჩვენი სახელმწიფო უბრალოდ არ შეიწყნარებს“, – დასძინა მან.

მისივე თქმით, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაკეთდეს ადეკვატური შეფასებები, „რაც ხელისუფლების მხრიდან გაკეთებულია და კიდევ მრავალჯერ გაკეთდება“. „რეაგირება, რასაკვირველია, იქნება“, – ხაზი გაუსვა მან.

„პირველ რიგში, მას შემდეგ, რაც ვამბობთ, რომ ეს არის დაუშვებელი და ამას ჩვენ არ შევეგუებით, [უნდა დავადგინოთ],  რა არის ეს? არის ეს ახალი ფურცელი, ჩვენს ურთიერთობაში, თუ არა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა და დაამატა, რომ „ერთჯერადი აქტი რომც აღმოჩნდეს, ეს არის დაუშვებელი, მაგრამ არის თუ არა ეს რაღაცის შესავალი, ეს გამოსარკვევია და ზომები იქნება მისაღები, შესაბამისი“.

„თუ ეს იყო დაგეგმილი, რომ შეუმჩნევლად ჩაევლო ამ ამბავს, რბილად რომ ვთქვათ, ვერ ჩაივლის“, – ხაზგასმით თქვა თეა წულუკიანმა და იქვე წლების განმავლობაში ლუკაშენკოს მხრიდან არაღიარების პოლიტიკისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გაიხსენა.

„ჩვენ გვექნება უმკაცრესი რეაგირება ვიზიტთან დაკავშირებით და, მით უმეტეს, თუ იქნება მწვავე ნაბიჯი გადადგმული რომელიმე სახელმწიფოს მიერ“, – განაცხადა 28 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ „პოს ტვ-სთან“ ინტერვიუში.

მანვე დასძინა, რომ არ ურჩევდა „არცერთი ქვეყნის ლიდერს, დაუშვას ისეთი შეცდომა, რომლის გამოსწორებაც მის ქვეყანას ან ძვირი დაუჯდეს, ან საერთოდ არ იყოს ამ შეცდომის გამოსწორების შესაძლებლობა“.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც სხვა ქვეყნის ლიდერი საქართველოს ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად შემოდის საქართველოს ტერიტორიაზე“.

„ეს ნაბიჯი, ანუ ეს ჩასვლა, არღვევს როგორც საერთაშორისო სამართალს, ასევე, ჩვენს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და ეწინააღმდეგება იმ ურთიერთობებს, რომელიც არის საქართველოსა და ბელარუსს შორის“, – დასძინა პაპუაშვილმა.

ოპოზიციის გამოხმაურება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, რომან გოცირიძემ თქვა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს ჩასვლა ქართული ოცნების „მაამებლური პოლიტიკის“ შედეგია. მანვე ხელისუფლების მხრიდან პრინციპული პოზიციის დაჭერისა ად საერთაშორისო მხარდაჭერის უზრუნველყოფის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

„პუტინის გოშია ლუკაშენკო, რომელიც პირდაპირ ასრულებს პუტინის დავალებას და კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ ფაქტს რომ რუსეთი ყოველთვის იმას გააკეთებს, რაც მის ინტერესებშია და არასდროს ანგარიშს არ გაუწევს საქართველოს ხელისუფლების ამ მაამებლურ და მორჩილ პოზიციას“, – განაცხადა დეპუტატმა.

ბელარუსის ლიდერის ოკუპირებულ რეგიონში ჩასვლა „მკაცრად“ დაგმო ყოფილმა პრემიერმა და პარტია საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამაც. „ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის აშკარა დარღვევა, რომელსაც მკაცრი პასუხი უნდა გაეცეს საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ჩვენ ყველა მტკიცედ უნდა დავდგეთ ასეთი დარღვევების წინააღმდეგ“, – განაცხადა მან.

პარტია ლელოს განცხადებით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ლუკაშენკოს „ვიზიტი“ მიანიშნებს საფრთხეზე, რომ „ბელარუსი უახლოეს მომავალში განიხილავს არაღიარების პოლიტიკის გადახედვას, რეალურია“. პარტიამ ფაქტზე რეაგირების 5-პუნქტიანი გეგმაც წარადგინა.

ლელოს 5-პუნქტიანი გეგმა

  1. საქართველომ კონსულტაციებისთვის გამოიწვიოს ბელარუსში საქართველოს მიერ აკრედიტირებული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი;
  2. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბელარუსს წარუდგინოს ოფიციალური ნოტა, რომლითაც ბელარუსის მხარეს მოსთხოვს ოფიციალური განცხადების გაკეთებას-საქართველოს სუვერენიტეტს აღიარებას, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში;
  3. აღნიშნული მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, დღის წესრიგში უნდა დადგეს ბელარუსის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კონსულტაციებზე გაწვევის საკითხი;
  4. საქართველოს ხელისუფლებამ დაუყონებლივ დაიწყოს კონსულტაციები ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ბელარუსისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების რეჟიმის გამკაცრების თაობაზე, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შემთხვევაში.
  5. გაეროს და ეუთო-ს შესაბამის ფორმატებს და ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტს ეთხოვოს, აღნიშნულ ფაქტზე მსჯელობის გამართვა და აღნიშნულ ორგანიზაცებში ბელარუსის ელჩების გამოძახება, განმარტებების მისაცემად.

„ქართული ოცნების ე.წ. არ გაღიზიანების პოლიტიკა სრული კრახით დასრულდა და მიუხედავად ქართული ოცნების მცდელობისა, რუსეთი აგრძელებს თავისი ინტერესების [გატარებას]. ქართულმა ოცნებამ უნდა დააფიქსიროს არა მხოლოდ ლუკაშენკოსთან დაკავშირებული პოზიცია, არამედ რუსეთთან მიმართებითაც, რომლის ხსენება, სამწუხაროდ, საერთოდ გამქრალია“, – განაცხადა სტრატეგია აღმაშენებლის დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების დაბარებისკენ მოუწოდა.

„ეს არის ქართული სახელმწიფოს ძალიან დიდი შეურაცხყოფა, მსგავსი რამ აქამდე არ მომხდარა… ამის გამო, მაქსიმალურად ძვირი ფასი უნდა გადავახდევინოთ ბელორუსს და პირადად ალექსანდრ ლუკაშენკოს“, – განაცხადა მოქალაქეების დეპუტატმა, ალექსანდრე ელისაშვილმა.

საერთაშორისო რეაქციები

როდესაც 28 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს, ნედ პრაისს აფხაზეთში ლუკაშენკოს ვიზიტის შესახებ ჰკითხეს, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოსა და მისი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„მიგვაჩნია, რომ რუსეთმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებზე“, – განაცხადა მან. „რუსეთმა უნდა გაიყვანოს საკუთარი შეიარაღებული ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება“.

გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში, მარკ კლეიტონმა Twitter-ზე დაწერა, რომ „ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტი ცხადყოფს გაეროს წესდებისა და ჰელსინკის დასკვნითი აქტის პრინციპების სრულ უგულვებელყოფას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემასთან დაკავშირებით. დიდი ბრიტანეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ამ პროვოკაციის ფონზე“.

ლიეტუვის ელჩი საქართველოში, ანდრიუს კალინდრა ლუკაშენკოს ვიზიტს Twitter-ზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბელარუსის ლიდერის ვიზიტმა აფხაზეთში დაადასტურა, რომ „ბელარუსი და რუსეთი ერთობლივად არ სცემენ პატივს გაეროს წესდებას და ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპს. ლიეტუვა კვლავაც საქართველოს მხარდაჭერის ერთგული რჩება“.

ბელარუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა სვეტლანა ციხანოვსკაიამ, რომელიც 2020 წლის არჩევნებზე ლუკაშენკოს მთავარი ოპონენტი იყო, განაცხადა, რომ „ბელარუსის გაერთიანებული გარდამავალი კაბინეტი სრულ მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“.

„ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში აღმაშფოთებელი და მიუღებელია“, – აღნიშნა მან. „ის წარმოადგენს პუტინს და არა ბელარუს ხალხს. ჩვენ საქართველოს გვერდით ვართ და გვსურს უფრო ღრმა თანამშრომლობის დამყარება ჩვენს ქვეყნებს შორის“.

ვიზიტის შესახებ Twitter-ზე გამოქვეყნებულ კრიტიკულ პოსტში, ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ „ლუკაშენკო არის ტერორისტი, პუტინის მარიონეტი და არალეგიტიმური მმართველი, რომელსაც ევროკავშირის არ აღიარებს. მისი ვიზიტი ან აფხაზეთის აღიარება ბევრს არაფერს ნიშნავს“.

თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ ვიზიტი არის „შეხსენება საქართველოში რუსეთის მაამებელთათვის, რომ ბოროტების მაამებლობა ყოველთვის უკუშედეგს იძლევა. ლუკაშენკო პუტინთან ერთად დასრულდება!“

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button